ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახის - ყიფშიძეების წარმომადგენლები ეკა ხოფერიას გადაცემას სტუმრობდნენ - შეხვედრები ეკა ხოფერიასთან. ისაუბრეს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, გულისტკივილებზე, მოლოდინებზე, ოცნებებზე.
ზურა ყიფშიძის თქმით, მისი შვილებიდან თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ ლენუკა გახდებოდა მსახიობი, ისე უყვარდა თამაში, არტისტობა. თუმცა საბოლოოდ გიორგი გაჰყვა მამისა და ბებიის გზას. ლენუკამ დედის გავლენით, რომელიც მაშინ წარმატებული მოდელი იყო, სამოდელო სფერო არჩია. ასევე ცეკვავდა ბალეტს.
ზურა ყიფშიძემ აღიარა, რომ დღეს ძალიან ამაყია თავისი ვაჟით, მისი შემოქმედებით, როლებით და ასევე გაოცებულია მისით, როგორც მამით. კიდევ ერთხელ ისაუბრეს ოჯახის წევრებმა, თუ როგორ გაზარდა გიორგიმ, მარტოხელა მამამ, ბავშვები და როგორ უვლის დღესაც.
- რაც მე ჩემი თვალით ვნახე, ამ ორი ბავშვის მოვლა, აღზრდა, არ გაუჩენია, თორემ დანარჩენი ყველაფერი გიორგია, - ამბობს ზურა ყიფშიძე.
გიორგის უფროსი ქალიშვილი ნატალია, ჯერჯერობით კვლავ სწავლის და საკუთარი თავის ძიების ეტაპზეა, თუმცა ამბობს, რომ ყველაზე უკეთ ტექნოლოგიებში გრძნობს თავს და მსახიობობის, კასტინგ მენეჯერის და სხვა საქმიანობების მოსინჯვის შემდეგ დარწმუნდა, რომ უფრო რეჟისორობა უნდა, ვიდრე მსახიიობობა.
გადაცემაში ასევე ისაუბრეს ლენუკა ყიფშიძემ და მისმა ვაჟმა ნიკუშა ნინუამ. ლენუკას თქმით, მართალია, ბოლო ორი წელია დედა-შვილი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ სულ მშობლიური სახლისკენ მიუწევს გული. თავის ოჯახს კი იტალიურ ოჯახს ადარებს, ემოციებით, ქოთქოთით, ჟრიამულით.

- რაღაც იტალიური ოჯახი ვართ... სულ მიტყდება სიცილი, რომ მეკითხებიან,როგორები ხართ. ნეტა ხედავდნენ-თქო უცხო თვალით, ჩვენს ოჯახში რა ხდება. ძველ ფილმებშირომაა იტალიური ოჯახი, ყველა ქოთქოთებს, არავინ არავის არ უსმენს, ყველა თავისას გამოხატავს... მაგრამ საბოლოოდ ძალიან ტკბილი ოჯახი ვართ. ვერ ველევი. აი, ჩვენ რომ ცალკე გადავედით, დღემდე ყოველდღე გავრბივარ ხილიანზე და იწყებაისევ ქაოსი, ჯაჭყანი, იქიდან მამაჩემი გამოვა, ძაღლი მყავს გასაყვანი, იქიდან დედაჩემი დაეჭაჭყანება, გიორგი ბავშვებით გამოდის და აი, რა ხდება იცი... თავს გავწირავ ჩემი ოჯახის წევრებისთვის და სულ მათზე ვფიქრობ - აბა, ლელას რა უნდა, აბა ზურას რა უნდა, იმას უნდა მივხედო, ამას უნდა მივხედო და ბოლოს ვხვდები, რომ ძაან გამოწურული ვარ.მიყვარს ზრუნვა. შვილი მეჩხუბება, ზედმეტად ვიცი ხოლმე...ემოციური ადამიანი ვარ, ყველაზე და ყველაფერზე ვნერვიულობ და ჩემ თავს ვკარგავ. ნიკა მეხმარება ძალიან ამაშიც, გაწონასწორებული ადამიანია. ზურა ამბობს, რომ ნიკა არის ერთ-ერთი ყველაზე წესიერი ადამიანი დინასტიაში.

ლენუკას ვაჟიც არ გაჰყვა დიდი წინაპრების გზას. საბანკო სფეროშის საქმიანობს და აქტიურად თამაშობს კალათბურთს, რომელიც ძალიან უყვარს. ყიფშიძეებთან გატარებულ ბავშვობას თბილად იხსენებს და ამბობს, რომ როცა კი თავისუფალი დრო აქვს, ისევ იქით მიუწევს სულ გული.
