2010 წლის 22 მარტს მექსიკაში, გებარა-ფარას ოჯახში ტრაგედია დატრიალდა — ოთხი წლის პოლეტ გებარა გაუჩინარდა. გოგონა კარგად ვერ დადიოდა და თითქმის ვერ ლაპარაკობდა, ამიტომ მისი დაკარგვა განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო. ოჯახმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა მის ძებნაში, მაგრამ ათი დღის შემდეგ ბავშვის ცხედარი სწორედ იმ საძინებელში იპოვეს, საიდანაც თითქოს დაიკარგა.
ეს ამბავი დღემდე უამრავ კითხვას ტოვებს: იყო თუ არა პოლეტი მთელი ამ დროის განმავლობაში საკუთარ ოთახში? ვინმემ ხომ არ დააბრუნა ცხედარი სახლში? ეს იყო უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა?
პოლეტი სრულყოფილ ოჯახში დაიბადა. მისი დედა, ლიზეტ ფარა, მექსიკაში დაიბადა და მდიდარი ლიბანელი ემიგრანტის ქალიშვილი იყო. ბავშვობიდანვე არაფერს აკლდა — სწავლობდა კერძო სკოლაში, შემდეგ კი პრესტიჟულ უნივერსიტეტში.
თავის მომავალ მეუღლეს, მაურისიო გებარას, საერთო მეგობრების წრეში შეხვდა. მაურისიო უძრავი ქონების ბიზნესში მუშაობდა და საკმაოდ წარმატებულიც იყო. მათ შორის ურთიერთობა სწრაფად განვითარდა — მაურისიომ მალევე სთხოვა ხელი და 2001 წელს წყვილი დაქორწინდა.

ორწელიწადში მათ პირველი ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც დედის პატივსაცემად ლიზეტი დაარქვეს. ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა და ოჯახმა მალევე გადაწყვიტა მეორე შვილიც გაეჩინა.
მეორე ორსულობა რთული აღმოჩნდა. ბავშვი ნაადრევად — ორსულობის მხოლოდ 25-ე კვირაზე — დაიბადა. პატარა გოგონა სულ 800 გრამს იწონიდა. მშობლებმა მას პოლეტი დაარქვეს. ექიმები თითქმის დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბავშვი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ პოლეტმა ყველას გააოცა და სიცოცხლისთვის ბრძოლა შეძლო.
თუმცა ჯანმრთელობის პრობლემები მაინც დარჩა. ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ გოგონა, სავარაუდოდ, ვერასოდეს ისწავლიდა სიარულს და ლაპარაკსაც ვერ შეძლებდა. მიუხედავად ამისა, მშობლებმა გადაწყვიტეს, ყველაფერი გაეკეთებინათ მისი განვითარებისთვის.
პოლეტი საუკეთესო ექიმების მეთვალყურეობით იზრდებოდა, გადიოდა რეაბილიტაციის კურსებს და თერაპიებს. დროთა განმავლობაში მან ცოტათი სიარული და მარტივი სიტყვებით საუბარიც კი შეძლო. ოთხი წლის ასაკში უკვე ფეხზე დგომაც შეეძლო და მარტივ წინადადებებსაც ამბობდა.

გოგონა ჩვეულებრივ საბავშვო ბაღშიც დადიოდა — მშობლები ფიქრობდნენ, რომ მას სოციალიზაცია სჭირდებოდა. იქ მას ხშირად „პო“-ს ეძახდნენ, რადგან სწორედ ასე წარმოთქვამდა საკუთარ სახელს. პოლეტი თითქმის არასდროს რჩებოდა მარტო — მას მუდმივად ორი ძიძა ახლდა, რომლებიც გადაადგილებაში, ჩაცმაში და კვებაშიც ეხმარებოდნენ.
გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლეტი მამასთან და უფროს დასთან ერთად სამოჰზაუროდ წაიყვანეს. დედაც სახლში არ ყოფილა — ის შაბათ-კვირას მეგობრებთან ატარებდა.
21 მარტს მთელი ოჯახი სახლში დაბრუნდა. როგორც დაცვის თანამშრომლები და მომსახურე პერსონალი ამბობდნენ, პოლეტი სრულიად ჩვეულებრივად გრძნობდა თავს. საღამოს გოგონა დასაძინებლად დააწვინეს.
მეორე დილით ყველაფერი ჩვეულებრივ დაიწყო. ძიძამ, ერიკამ, ჯერ უფროსი გოგონა გააღვიძა, ასაუზმა და სკოლაში გააცილა. შემდეგ პოლეტის გასაღვიძებლად შევიდა ოთახში, მაგრამ ბავშვი საწოლში აღარ დახვდა. ოთახშიც მისი კვალი არ ჩანდა.

ძიძამ ჯერ ვიდეოკამერების ჩანაწერები შეამოწმა, თუმცა საეჭვო არაფერი ჩანდა. ამის შემდეგ მან ყველაფერი ოჯახის წევრებსა და მეორე ძიძასაც უთხრა. ყველამ ერთად სახლი გაჩხრიკა, მაგრამ პოლეტი ვერ იპოვეს.
უცნაურია, მაგრამ მშობლებმა მაშინვე პოლიციაში არ დარეკეს — ამის ნაცვლად მაურისიომ საკუთარ დას დაურეკა, რომელმაც სამართალდამცავები გამოიძახა.
პოლიციამ სახლი და მიმდებარე ტერიტორია დეტალურად შეამოწმა. ვერ იპოვეს ვერც საკეტის გატეხვის კვალი, ვერც საეჭვო ადამიანები და ვერც ვიდეოკამერების მუშაობაში შეფერხება. აშკარა იყო ერთი რამ — პოლეტი დამოუკიდებლად სახლიდან გასვლას ვერ შეძლებდა.
გოგონას მთელი ქვეყანა ეძებდა. მისი ფოტოები ტელევიზიით აჩვენეს და მეხიკოში ყველგან გაჩნდა პლაკატები. ერთ-ერთზე ეწერა: „მე პოლეტი ვარ. ოთხი წლის ვარ. მიჭირს მოძრაობა და თითქმის ვერ ვლაპარაკობ. ზურგზე მარცხენა მხარეს იარა მაქვს. მარტო ვერ გადავრჩები — მშობლები მჭირდება.“

პოლიცია თავიდან გატაცების ვერსიას ამოწმებდა, თუმცა მალევე მშობლებზეც გაჩნდა ეჭვი. გამოძიებამ უცნაური დეტალები აღმოაჩინა — მაგალითად, მშობლები ზოგჯერ ძიძებისგანაც კი სესხულობდნენ ფულს, ხოლო მათ ურთიერთობაშიც პრობლემები იყო.
რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციამ პოლეტის ოთახში უცნაური სუნი იგრძნო. კრიმინალისტებმა წყარო სწრაფად იპოვეს — ეს იყო თავად პოლეტის ცხედარი.
გოგონა საწოლის მატრასსა და ქვედა საზურგეს შორის გაჭედილი აღმოჩნდა, საბანში გახვეული. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სიკვდილის მიზეზი დახრჩობა გახდა — მკერდის ძლიერი შეკუმშვა.
ექსპერტებმა ასევე დაასკვნეს, რომ ცხედარი საერთოდ არ გადაუტანიათ — ანუ პოლეტი მთელი ცხრა დღის განმავლობაში სწორედ ამ ოთახში იყო.
ეს განსაკუთრებით შოკისმომგვრელი იყო, რადგან პოლიცია არაერთხელ ამოწმებდა ოთახს. მეტიც — ამავე ოთახში რამდენჯერმე დარჩნენ ნათესავები, ხოლო დედა ჟურნალისტებს ინტერვიუსაც კი სწორედ იმ საწოლზე აძლევდა, სადაც ცხედარი თითქმის ერთი მეტრის დაშორებით იმყოფებოდა.
სავარაუდოდ, პოლეტის საწოლი მისთვის ძალიან დიდი იყო. ძიძები მას ღამით ბალიშებით ამაგრებდნენ, რომ ძილში არ გადმოვარდნილიყო.
გამოძიების ვერსიით, გოგონამ ღამით საწოლიდან გადმოსვლა სცადა, მაგრამ მძიმე საბანი მატრასში იყო ჩაკეცილი. როდესაც მან მოძრაობა სცადა, მატრასსა და საწოლის ნაწილს შორის ჩავარდა და იქ გაიჭედა.
პოლეტს ყვირილიც არ შეეძლო — ძილის წინ მას სპეციალურ ორთოპედიულ ბანდაჟს უკეთებდნენ. საბოლოოდ გოგონა იქვე გაიგუდა.

მიუხედავად საზოგადოების ეჭვებისა, სასამართლო ექსპერტიზამ ვერ იპოვა რაიმე მტკიცებულება, რომ ბავშვი განზრახ მოკლეს. ოფიციალური ვერსია უბედური შემთხვევა გახდა.
საქმის დასრულების შემდეგ ლიზეტი ქმარს გაეყარა და მასთან ურთიერთობა სრულად შეწყვიტა. პოლეტის დაკრძალვის ორგანიზება მხოლოდ დედის ოჯახმა ითავა.
დღეს ლიზეტი უფროს ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს და მედიასთან არ კონტაქტობს.
პოლეტის ტრაგიკული ისტორია კი მექსიკაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და სადავო შემთხვევად ითვლება — ისტორიად, რომელიც ბევრ კითხვას ტოვებს პასუხის გარეშე.