მრავალშვილიანი დედა ყოველთვის პატივისცემას და დაფასებას იმსახურებს, მაგრამქეთი ტაბატაძემაინც ვფიქრობ, რომ ბევრი რამით გამორჩეული ქალბატონია. ყოჩაღი, აქტიური და პროფესიულადაც რეალიზებული10 შვილის დედაა.არტთერაპევტია, პირველადი პროფესიით გეოგრაფი და ასევე ინგლისური ენის სპეციალისტი. შესაბამისად მუშაობს როგორც არტთერაპევტი, აქვს სესიები და როგორც ინგლისური ენის სპეციალისტი ინგლისური ენის გაკვეთილებს ატარებს.
"განსხვავებული მიდგომებით ვმუშაობ, მოსწავლეები მონოტიპიებს ქმნიან, კოლაჟებს, არტთერაპიას, ქვიშათერაპიას ვიყენებ, ოღონდ, არათერაპიული მიზნით, არამედ ინგლისურ ენას ხელოვნებით ვასწავლი. ეს განსაკუთრებული მიდგომაა და ვფიქრობ, რომ ჩემი ძალიან დიდი აღმოჩენაა" - გვეუბნება ქეთი ტაბატაძე, რომელიც სხვისი შვილების განათლებასა და აღზრდაში ისეთივე აქტიურად არის ჩართული, როგორც საკუთარი შვილების შემთხვევაში.
"ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ცენტრი მქონდეს, მაგრამ ჯერჯერობით ამ სურვილს ფრთები ვერ შევასხი, თუმცა ყველაფერი ღვთის ნებაა. იმის გამო, რომ დიდი ოჯახი მყავს, ამიტომ კომფორტი საკუთარ სახლში მოვიწყე. დრო ისე გადავანაწილე, რომ ჩემი შვილები გაკვეთილების ჩატარებაში ხელს არ მიშლიან. მოსწავლეებთან მაქვს როგორც ცოცხალი შეხვედრები, ასევე ონლაინ-გაკვეთილებიც მსურველთათვის. მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან მიკავშირდებიან და ვატარებ გაკვეთილებს. ძირითადად ის ქართველები არიან, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და ინგლისური ენის შესწავლა უნდათ".
- ეს რაც შეეხება თქვენს საქმიანობას... ახლა იმაზე მოგვიყევით, როგორ შექმენით ოჯახი.
- ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან მუდმივად იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემი საზრისი ოჯახი იყო. როგორც ჩანს, ეს ჩემს ბუნებაში სულ გაუცნობიერებლად იდო. როდესაც ჩემი ჯგუფელები ოცნებობდნენ, როდის დაამთავრებდნენ უნივერსიტეტს, რომ კარიერაზე ეზრუნათ, მუშაობა დაეწყოთ, მე ერთი სული მქონდა, ოჯახი შემექმნა. ოღონდ, ამას გულში ვფიქრობდი, ხმამაღლა არ ვაჟღერებდი, - კარიერაზე არ ვფიქრობდი. ერთხელ მეტეხის ტაძრიდან ახალგაზრდები შიო მღვიმის მონასტერში ექსკურსიაზე წავედით. 22 წლის ვიყავი და შიო მღვიმელის საფლავთან ვლოცულობდი, ჩემი მეორე ნახევარი გამოაჩინე-თქო. თურმე იმ დროს ჩემი მომავალი მეუღლე გვერდით მედგა, რაზეც წარმოდგენა არ მქონდა. იმ ექსკურსიაზე იმ ახალგაზრდებს შორის ისიც იყო. წარმოიდგინეთ, ჩვენი ურთიერთობა იმ საღამოსვე დაიწყო. როგორც ჩანს, ჩემს მომავალ მეუღლეს სიყვარულის ნაპერწკალი გაუჩნდა და მესიჯად ერთი ფრაზა მომწერა. შემდეგ დღეებშიც რაღაც ძალიან გულში ჩამწვდომი სმს-ები გამომიგზავნა და მისი პიროვნებით დავინტერესდი. მოგვიანებით ამ ურთიერთობას ანალიზი გავუკეთე, მივხვდი, აქცენტი რაზე გავაკეთე, როგორ შევარჩიე მომავალი მეუღლე - მისმა ინტელექტმა მიმიზიდა, ლექსებსაც მიძღვნიდა და რაღაც ამ მხარემ გადაწონა.
- დამეგობრების შემდეგ მალე დაქორწინდით?
- ორ თვეში. ამაზე ჩემს შვილებს ეღიმებათ ხოლმე, წარმოუდგენელი ჰგონიათ. ისე მართლაც, სხვისი თვალით რომ შევხედოთ, წარმოუდგენელი ამბავი მოხადა, - ორ თვეში დავქორწინდით, სიმართლე გითხრათ, გავიპარეთ. ოღონდ, ღვთის წინაშე არ ვიყავით გაპარულები, მოძღვარს ვუთხარით, რომელმაც დაგვლოცა და ასე გავიქეცით.
- პირველი შვილი რამდენი წლის არის?
- ერთ წელიწადში შვილი უკვე გვყავდა, ელენე ახლა 19 წლის არის. სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურ ფილოლოგიაზე სწავლობს, წარმატებული სტუდენტია, სადაც 100%-იანი გრანტით ჩააბარა. ელენე საკეისრო კვეთით გავაჩინე. ამაზე ძალიან ვინერვიულე, რომ ბავშვი ბუნებრივად არ გაჩნდა. საკეისრო დაგეგმილი არ ყოფილა, მოულოდნელად დამჭირდა... შემდეგ უკვე ისეთ ექიმს ვეძებდი, ექიმიდან ექიმთან დავდიოდი, რომ ვინმეს იმის გარანტია მოეცა, მომდევნო შვილები რომ ბუნებრივად დაბადებულიყვნენ. კურთხევა ამაზე ჩემმა მოძღვარმა - აკაკი მელიქიძემ მომცა. მოგვიანებით გაირკვა თუ რატომ მომცა მოძღვარმა ამაზე კურთხევა - „შენში ანდამატივით მტკიცე რწმენა და სურვილი დავინახე, თუ როგორ გინდოდა შვილების ბუნებრივი გზით გაგეჩინა და კურთხევა ამიტომ მოგეცი, რომ იმ ექიმის ძიება დაგეწყო, ვინც ამ სურვილს აგისრულებდა. თორემ რა უფლება მქონდა, შენთვის ასე მეთქვაო“... ეს ექიმი დავით გაგუა აღმოჩნდა. ამ საქმეში მას დიდი წვლილი მიუძღვის. ელენეს შემდეგ ანტონი, ილია, ანდრია, იოანე, ელისაბედი, ენუქი ერთწლიანი შუალედებით გაჩნდნენ. შემდეგ უკვე ორწლიანი შუალედებით დაიბადნენ, ელისე, აბრაამი და ბოლოს ანა... განაგრძეთ კითხვა