"ოსკარის" 98-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციის გამარჯვებული ირლანდიელი მსახიობი ჯესი ბაკლი გახდა, ფილმ „ჰამნეტში“ შესრულებული როლისთვის. წელს ჯესის ვარსკვლავური წელი აქვს და ამ როლმა საყოველთაო აღიარება მოუტანა, რომელიც "ოსკარმაც" გაამყარა.
ჯესი ბაკლი 1989 წლის 28 დეკემბერს დაიბადა კილარნიში, ირლანდიაში. ირლანდიელი მსახიობი და მომღერალი აქამდე ველაზე მეტად ცნობილი იყო ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობას“ ექვსნაწილიან ადაპტაციაში მარი ბოლკონსკაიას და ტელესერიალ „ტაბუ“-ში ლორნა ბოუს როლებით.
ჯესი ბაკლი ვოკალის მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. ურსულინის საშუალო სკოლაში სწავლობდა, სადაც სასკოლო დადგმებში მონაწილეობდა, ზოგჯერ მამაკაცის როლებსაც კი ასრულებდა. ბავშვობიდან უყვარდა სიმღერა და მსახიობობა, ხოლო დედა, მარინა კასიდი, ვოკალის მასწავლებელი, მის ნიჭს კიდევ უფრო აღვივებდა. უკრავდა ფორტეპიანოზე, კლარნეტსა და არფაზე ირლანდიის სამეფო მუსიკის აკადემიაში.
მისი პირველი აუდიტორია ოჯახის წევრები იყვნენ - მისი ძმა და სამი და. მამამისი ბარმენად მუშაობდა და ლექსებს წერდა. მსახიობი მას ყველაზე ქარიზმატულ ადამიანს უწოდებს, ვინც კი ოდესმე შეხვედრია.
გოგონა თავის პატარა ქალაქში ცნობილი გახდა შემოქმედებით კონკურსში გამარჯვების შემდეგ. მას ნათელი მომავალი უწინასწარმეტყველეს და ლონდონის დრამატულ სკოლაში ჩაბარება ურჩიეს.2008 წლის 31 მაისს ბაკლიმ მეორე ადგილი დაიკავა ბრიტანულ ნიჭიერთა შოუში I'd Do Anything.შოუს მიზანი იყო მომღერლის პოვნა ნენსის როლისთვის მიუზიკლში „ოლივერი“.

ჯესის კინოკარიერა 2010 წელს დაიწყო ტელესერიალ „სექტემბერში“ შესრულებული პატარა როლით და სწრაფად განვითარდა 2015 წლის შემდეგ, როდესაც მას ერთიმეორის მიყოლებით შესთავაზეს როლები. პირველი მნიშვნელოვანი დრამატული როლი მარია ბოლკონსკაიას როლი ოყპ ლევ ტოლსტოის რომანის „ომი და მშვიდობა“-ს BBC-ისეულ ადაპტაციაში, რომელიც 2016 წელს გავიდა ეთერში. 2017 წელს გამოჩნდა ლორნა ბოუს როლში BBC-ის სერიალში „ტაბუ“, რომელშიც მთავარ როლს ტომ ჰარდი ასრულებს. 2019 წელს, მინისერიალში „ჩერნობილი“ გამოჩნდა. ასევე თამაშობდა აქტიურად თეატრალურ დადგმებში.

კინოსამყარომ კი წელს აღიარა ის, როგორც ნამდვილი ვარსკვლავი, "ჰამნეტში" შესრულებული როლისთვის.


2022 წლიდან ბაკლი ნორფოლკში ცხოვრობს. 2023 წლის შუა პერიოდში იგი დაქორწინდა ფრედიზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტზე. ბაკლიმ გაამხილა, რომ მომავალ მეუღლეს 2018 წელს ბრმა პაემანზე შეხვდა.

ქორწილის ცერემონია საჯაროდ არ გახმაურებულა. 2025 წელს წყვილს ქალიშვილი შეეძინა, რომლის ფოტოს ასევე არ ასაჯაროებს და საერთოდაც, პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს.
ბაკლი არის The Matt Talbot Community Trust-ის ელჩი, ორგანიზაციისა, რომელიც მხარდაჭერას უწევს დამოკიდებულებისგან გამოჯანმრთელების პროცესში მყოფ ადამიანებს.

