როდის დაიწყება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია - პასუხი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან - მშობლები

როდის დაიწყება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია - პასუხი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან

2026-03-16 12:33:57+04:00

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აპრილის დასაწყისში დაიწყება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს.

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მსწავლებელთა გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციას ეტაპობრივად დაიწყებს აპრილის თვის დასაწყისიდან. რეგისტრაციის პროცედურებისა და ვადების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება როგორც ცენტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე, ასევე ვებგვერდზე", - გვითხრეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

როგორც ცნობილია, 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ,,ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი“ პრინციპი ამოქმედდება. ასევე, საბაკალავრო საფეხურზე სწავლა 3-წლიანი, სამაგისტრო საფეხურზე კი - 1-წლიანი ხდება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია, როგორც წესი, მარტის დასაწყისიდან იწყებოდა. დაგეგმილი ცვლილებების გამო, რეგისტრაციისა და აბიტურიენტთა ცნობარის გამოქვეყნების თარიღმა გადაიწია.

უმაღლესი განათლების რეფორმა

აღსანიშნავია, რომ "ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი" მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება. თუ თბილისში ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე მიღებას მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოაცხადებს, აბიტურიენტი კერძო უნივერსიტეტების არჩევანში არ შეიზღუდება. იგი პროგრამათა ჩამონათვალში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სოხუმის უნივერსიტეტს ვეღარ დაწერს იმიტომ, რომ აღნიშნული პროგრამა გაუქმდა, მაგრამ მას შეუძლია თბილისში არსებული კერძო უნივერსიტეტებიდან ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა აირჩიოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან საგრანტო სისტემა უქმდება. ყველა, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს, უფასოდ ისწავლის. კერძო უნივერსიტეტებში კი 50, 70 ან 100%-იანი გრანტის გამოყენებას ვეღარ შეძლებთ.

ამავე პრინციპით, ფსიქოლოგიის პროგრამაზე თბილისში მიღებას მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოაცხადებს. აბიტურიენტი, 2025 წლის მსგავსად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიას ვეღარ აირჩევს, რადგან აღნიშნულ უნივერსიტეტში ეს პროგრამა გაუქმდა. ვერც სოხუმის უნივერსიტეტს დაწერს, რადგან აღარც სოხუმის უნივერსიტეტშია ფსიქოლოგიის პროგრამა ხელმისაწვდომი.

2026-2027 სასწავლო წლისთვის ფსიქოლოგიის პროგრამაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 150 ადგილია გამოყოფილი.

ასევეა სხვა პროგრამების შემთხვევაში. მაგალითად, ეკონომიკის პროგრამას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოხუმის უნივერსიტეტში ვეღარ აირჩევთ. აღნიშნული პროგრამა, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დარჩა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სამართლის პროგრამას ვეღარ აირჩევთ. 2026-2027 სასწავლო წლისთვის თსუ პროგრამაზე 1130 სტუდენტს მიიღებს.

ასევეა, მაგალითად, პოლიტიკის მეცნიერების შემთხვევაში. პოლიტიკის მეცნიერების პროგრამაზე, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, მიღებას მხოლოდ თსუ გამოაცხადებს და 80 ადგილია განსაზღვრული. 2025 წელს აღნიშნული პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც იყო და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ცვლილებები სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეეხო და შეზღუდვა კერძო უნივერსიტეტებზე არ ვრცელდება.

გარდა ამისა, 2026 წლის 9 მარტს საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების დაზუსტებული რაოდენობა გამოქვეყნდა და ინფორმაციას შეგიძლიათ, ბმულზე გაეცნოთ.

თამარ იაკობაშვილი

უნივერსიტეტებში ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობა შეიცვალა - ზოგიერთ პროგრამას ადგილები დაემატა, ზოგს კი - მოაკლდა
რამდენი უნივერსიტეტის არჩევის უფლება მაქვს... კერძოებსაც ეხება? - პასუხები აბიტურიენტების შეკითხვებზე