2025 წლის ოქტომბრის მიწურულს ჩეჩნეთში ქორწილი გაიმართა, რომელსაც ინტერნეტსივრცე აქტიურად განიხილავდა. განსაკუთრებული ყურადღება ქმრის ქორწილში პირველი ცოლის ცეკვამ მიიპყრო.
კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, თავად პირველი ცოლი კი "წამებულ გმირად" გადაიქცა. მცირე დროში იგი ინტერნეტ-ვარსკვლავად ჩამოყალიბდა, ხოლო მისი ინსტაგრამის გამომწერთა რაოდენობა რამდენიმე ასეულიდან მილიონამდე გაიზარდა. ამავდროულად, მეორე ცოლი სიძულვილის ნამდვილი ტალღის ქვეშ აღმოჩნდა.
აღნიშნულმა ქორწილმა ჩრდილოეთ კავკასიაში მრავალცოლიანობის საკითხი კვლავ წამოჭრა.
ლიმდა იბრაგიმოვა MMA-ის მებრძოლ იმრან ჟულაგოვთან ქორწინებაში რვა წელი ცხოვრობდა. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს. მეორე ბავშვის შეძენიდან ორ კვირაზე ნაკლებ დროში, ჟულაგოვმა მეუღლეს მეორედ დაქორწინების განზრახვა და ქორწილის დანიშნული თარიღი ამცნო.
"ლიმდამ მეუღლეს მხოლოდ იმის გამო გადაუხადა მადლობა, რომ ეს ამბავი პირადად შეატყობინა. თუ რამდენად მტკივნეული და საწყენი იყო ეს მისთვის, მხოლოდ მან და ღმერთმა იციან", - დაწერა სოციალურ ქსელში იბრაგიმოვას ერთ-ერთმა მეგობარმა. მანვე ლიმდასთან მიმოწერაც გამოაქვეყნა, სადაც ეს უკანასკნელი ქორწილში წასვლისა და იქ ცეკვის განზრახვას აზიარებდა.
საბოლოოდ, 28 წლის ლიმდას ცეკვის ვიდეოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ათასობით ადამიანი მას მხარდამჭერ სიტყვებს სწერდა. განსაკუთრებული ყურადღება იმ ფაქტმა მიიპყრო, რომ ცეკვის დროს სტუმრები ლიმდას ფულს აყრიდნენ. როგორც ცნობილია, ქალმა საკმაოდ დიდი თანხა მოაგროვა.
"ქმრისა და მეორე ცოლის ქორწილში სამყაროს მთელი ფული თავად დაისაკუთრა", - ნათქვამია ერთ-ერთ ვიდეოში, სადაც ჩანს, რომ გოგონა კუპიურებს ითვლიდა.
ქალებმა სოციალურ ქსელებში ლიმდას მხარი განსაკუთრებით დაუჭირეს. ისინი აღფრთოვანებას იმის გამო გამოხატავდნენ, თუ როგორ "მიუჩინა ადგილი" მან მეორე ცოლს, რომელიც საკუთარ ქორწილში ჩრდილში დარჩა. სულ რამდენიმე კვირაში იბრაგიმოვას ინსტაგრამ-ანგარიში მილიონ გამომწერამდე გაიზარდა, ხოლო მდიდარმა ჩეჩენმა ქალებმა სოლიდარობის ნიშნად მასთან ძვირფასი საჩუქრების - ქურქებისა და სამკაულების გაგზავნა დაიწყეს.
ამავდროულად, თავად ლიმდა მომხდარს ასე აღწერდა:
"სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან ამ მიწვევამ [ქორწილში] შეურაცხყოფაც კი მომაყენა. მომეჩვენა, რომ ეს ჩემი ტკივილის დაცინვა იყო. თუმცა, ძალების მოკრების შემდეგ მივხვდი: ღალატის თავიდან აცილება შეუძლებელია, მისი ღირსეულად მიღება კი - შესაძლებელი. ამ პარტიაში თითოეულმა თავისი სვლა უკვე გააკეთა, მხოლოდ ჩემი სვლაღა რჩებოდა".
მეორე ცოლი, ელინა ხატუევა, სიძულვილის შემცველ კომენტარებს იღებდა. მთავარი პრეტენზია იმაში მდგომარეობდა, რომ მან თითქოს "ოჯახი დაანგრია", მიუხედავად იმისა, რომ მეორე ცოლის მოყვანის გადაწყვეტილებას ყოველთვის მამაკაცი იღებს. თავად ჟულაგოვი პრაქტიკულად არავის გაუკრიტიკებია: პასუხისმგებლობა, ტრადიციისამებრ, კვლავ ქალზე გადავიდა.
იმრანს არც მაშინ სცხებდნენ ჩირქს, როდესაც ქორწილიდან ერთი კვირის თავზე მეორე ცოლი, ფაქტობრივად, მიატოვა და პირველთან ერთად სამოგზაუროდ გაემგზავრა. არც მას შემდეგ შეინიშნებოდა კრიტიკის საგრძნობი ტალღა, რაც ელინასთან მისი დაშორების შესახებ გახდა ცნობილი. საზოგადოების ყურადღება მხოლოდ ქალებზე იყო გადატანილი: ხატუევა ბოლომდე დაცინვის ობიექტად რჩებოდა, ხოლო იბრაგიმოვას გმირად რაცხდნენ, რადგან მამაკაცისთვის ბრძოლაში იგი "გამარჯვებული" გამოვიდა.
მამაკაცის პირადი პრივილეგია "თქვენ ვერ აკრძალავთ იმას, რაც ალაჰის მიერაა ნებადართული", - ასე ჟღერს მრავალცოლიანობის მომხრეთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი. მრავალი მუსლიმისთვის ეს მოსაზრება ამომწურავია: ყურანში მართლაც წერია, რომ მამაკაცს რამდენიმე ცოლის ყოლა შეუძლია. "შეირთეთ ის ქალები, რომლებიც თქვენთვის მოსაწონია - ორი, სამი ან ოთხი. ხოლო თუკი შიშობთ, რომ მათ მიმართ ყველაფერში თანაბრად სამართლიანნი ვერ იქნებით, მაშინ - მხოლოდ ერთი", - ნათქვამია სურაში "ან-ნისა" ("ქალები").
თუმცა, ეს გზავნილი ხშირად უფრო ფართო კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. ისლამურ სამართალში მრავალცოლიანობის ნებართვას მკაცრი შეზღუდვები ახლავს: მამაკაცი ვალდებულია, თითოეული ცოლი თანაბარი მატერიალური პირობებით უზრუნველყოს და არც ერთი მათგანი უსამართლობას ან დანაკლისს არ უნდა განიცდიდეს. თუკი ახალ ცოლს პირველთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება არ სურს, ქმარი ვალდებულია, მას ცალკე საცხოვრებელი გამოუყოს. თითოეული ცოლისთვის დათმობილი მზრუნველობა, ყურადღება და დრო მაქსიმალურად თანაბრად უნდა განაწილდეს. ღვთისმეტყველები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ღმერთს ესმის, თუ რამდენად რთულია ადამიანისთვის მსგავსი სამართლიანობის დაცვა, და სწორედ ამიტომ იქვეა პირდაპირი გაფრთხილება: თუკი მამაკაცს მეუღლეთა მიმართ თანასწორობის უნარში ეჭვი ეპარება, მონოგამია უპირატესია.
თუმცა, რეალობაში მრავალცოლიანობა განიხილება, როგორც მამაკაცის პირადი პრივილეგია და ექსკლუზიური უფლება, რომელიც საქორწინო კავშირის სხვა მონაწილეთა თანხმობას არ საჭიროებს: პირველი ცოლი შეიძლება ფაქტის წინაშე დააყენონ, ხოლო მეორემ - საკუთარი სტატუსის შესახებ ბოლო წუთამდე არაფერი იცოდეს. ამ ვითარებაში მეორე ცოლები განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდებიან: მათი კავშირი მხოლოდ ნიკაჰის - მუსლიმური საქორწინო წესის ფორმით მყარდება, სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე. მას იურიდიული ძალა არ გააჩნია: განქორწინების შემთხვევაში ქალს გარანტიები არ აქვს და ქმრის ქონებასა თუ მემკვიდრეობაზე უფლებები არ გააჩნია. ხშირად კი მას ეჭვიც არ შეაქვს იმაში, რომ ვიღაცის მეორე ცოლია...
ცნობილმა ჩეჩენმა მომღერალმა, ხედა ხამზატოვამ, საკუთარი მეორე ცოლობის სტატუსის შესახებ უშუალოდ ქორწილში შეიტყო. ხამზატოვას ქმარი ინგუშია და წყვილი ინგუშეთში ცხოვრობს. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მან ამ ქორწინებაში ექვსი შვილი გააჩინა, თუმცა "მეორე ცოლის" იარლიყი და მასთან დაკავშირებული განსჯა დღემდე თან სდევს. მომღერლის თქმით, საკუთარი დედაც კი რამდენიმე თვის განმავლობაში არ ელაპარაკებოდა, რადგან მის "არჩევანს" არ იღებდა და გმობდა.
"მთელი ცხოვრება დედა მეუბნებოდა, რომ არც ერთი თავმოყვარე გოგონა მეორე ცოლად არ გათხოვდებოდა. მე ვაღიარებ, რომ იგი მართალი იყო. თუმცა, იმის შესახებ, რომ მეორე ცოლი ვხდებოდი, უშუალოდ ქორწილში გავიგე. ინსტაგრამის ყოველი მეორე გამომწერი ამის შესახებ კითხვას დღემდე მისვამს. პირველი ცოლის და ნათესავების წინაშე მრცხვენოდა. ქორწილის შემდეგ პირველი ორი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი ღონისძიება, საიდანაც ცრემლების გარეშე დავბრუნებულვარ, რადგან ყოველთვის მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამით გულს მატკენდნენ. ინსტაგრამზე ახლაც მწერენ: "ღმერთმა ქნას, შენს ქალიშვილსაც ასე გაუტეხონ გულიო", - ჰყვებოდა ხამზატოვა.
პირველი ცოლის რეაქციის შესახებ დასმულ კითხვაზე ხედა ასე პასუხობდა: "არ მგონია, რომ იგი ამ ვითარებით აღფრთოვანებული იყოს. რომელი ქალი არ გაუნაწყენდება ქმრის მეორე ცოლს".
ერთ-ერთი გოგონა, ინგუშეთიდან, ჰყვება, რომ ერთი თვის წინ თავისი 27 წლის ნაცნობის ქორწილში იმყოფებოდა. ქორწილიდან ერთი კვირის შემდეგ გოგონა შინ დაბრუნდა: მამაკაცმა პირველ ცოლს და მთელ ოჯახს დაუმალა, რომ ხელმეორედ დაქორწინებას აპირებდა, ხოლო პირველი ცოლის არსებობა - ახალ საპატარძლოსაც არ გააგებინა.
დღესდღეობით მრავალცოლიანობას ყველაზე ხშირად რელიგიური წესებით განმარტავენ, თუმცა ეთნოგრაფიული კვლევები მოწმობს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ეს პრაქტიკა რეგიონის ისლამიზაციამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა.
საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცების შემდეგ მრავალცოლიანობა აიკრძალა. სახელმწიფო ოჯახის უნივერსალური - მონოგამიური მოდელის შექმნას ესწრაფოდა. 1928 წელს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა განყოფილება "გვაროვნული ყოფის გადმონაშთები", სადაც მრავალცოლიანობა პირველად გამოცხადდა დანაშაულად. სასჯელი სიმბოლური - ჯარიმა ან ერთწლიანი გამოსასწორებელი სამუშაო იყო. ამის შემდეგ პოლიგამია არ გამქრალა, უბრალოდ იატაკქვეშეთში გადაინაცვლა. მეორე ცოლები ხშირად ცალკე ცხოვრობდნენ, რათა პარტიული სტრუქტურების ყურადღება არ მიეპყროთ, ხოლო თავად ასეთ ქორწინებებზე დუმილს ამჯობინებდნენ.
1960-იან წლებში კანონმდებლობა გამკაცრდა, თუმცა მასში გარკვეული ხვრელი მაინც დარჩა: მრავალცოლიანობად მხოლოდ ერთობლივი ცხოვრება და საერთო მეურნეობის გაძღოლა ჩაითვალა. მუსლიმური რეგიონებისთვის, სადაც ცოლები ტრადიციულად ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, ეს ფაქტობრივ დაუსჯელობას ნიშნავდა და განსაკუთრებული საყოფაცხოვრებო წესი ჩამოაყალიბა. პირველი ცოლი, ოფიციალური, მეტწილად სახლსა და მეურნეობას უძღვებოდა და მეუღლის მოხუც ნათესავებს უვლიდა. მეორე ცოლი კი, რომელიც განცალკევებით ცხოვრობდა, ქმრისგან მეტ ყურადღებასა და რესურსს იღებდა. სწორედ მაშინ დამკვიდრდა გამოთქმა: "პირველი ცოლი ყოფისთვის, მეორე - ჩემთვის".
მრავალცოლიანობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას არაერთხელ შეეცადნენ. 1999 წელს ინგუშეთის პირველმა პრეზიდენტმა რუსლან აუშევმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც პოლიგამიურ ქორწინებებს, ფაქტობრივად, უშვებდა. პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას ინგუშთა დეპორტაციისა და ოსურ-ინგუშური კონფლიქტის შემდეგ "გენოფონდის აღდგენის" საჭიროებით ხსნიდა. ამ დოკუმენტმა დიდხანს ვერ იარსება: მალევე ბრძანებულება რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა, ფედერალურ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობის გამო, გააუქმა. ცნობები იმის შესახებ, თუ ზუსტად რამდენი პოლიგამიური ქორწინება დარეგისტრირდა ინგუშეთში აუშევის ბრძანებულების მოქმედების პერიოდში, არ მოიპოვება. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა მათგანი ბათილად იქნა ცნობილი.
2000-იანი წლების დასაწყისში ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ყაბარდო-ბალყარეთში აღნიშნული თემა ადგილობრივი პარლამენტებისა და სამღვდელოების დონეზეც კი წამოიჭრა, თუმცა კანონპროექტამდე არც ერთი ინიციატივა არ მისულა. მთავარ დაბრკოლებად კვლავაც ფედერალური საოჯახო სამართალი რჩებოდა, რომელიც მხოლოდ ერთ ოფიციალურ ქორწინებას უშვებს.
ყველაზე აქტიური დისკუსია ჩეჩნეთში მიმდინარეობდა. რამზან კადიროვი მუსლიმთათვის მრავალცოლიანობის დაკანონების აუცილებლობაზე ხშირად საუბრობდა. "მე ამას სრულად ვემხრობი. რატომ? იმიტომ, რომ ეს ოჯახის მიტოვებასა და საყვარლების გაჩენას სჯობს. მამაკაცისთვის ეს უფრო მართებული საქციელია, ვიდრე ცოლის დამცირება, საყვარლის ყოლა და მეძავისთვის ძვირფასი საჩუქრების ჩუქება მაშინ, როდესაც ცოლ-შვილი მუდმივ გაჭირვებაში ცხოვრობს", - ასე განმარტავდა კადიროვი მრავალცოლიანობისადმი საკუთარ დამოკიდებულებას.
მოგვიანებით მან ისიც კი განაცხადა, რომ სამოქალაქო რეესტრში გაფორმებული ოფიციალური ქორწინება "ქალსა და მამაკაცს შორის ნდობის არარსებობის მაჩვენებელია". ჩეჩნეთის მეთაური თავადვე მისდევს პოლიგამიას, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მხოლოდ ერთი მეუღლე ჰყავს.მედიის ინფორმაციით, კადიროვს ოთხი ცოლი ჰყავს, რომელთაგანაც შვილები შეეძინა, ასევე მას ათამდე ხარჭა ჰყავს. ამ უკანასკნელთა არსებობის შესახებ ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებნი საგამოძიებო მასალების გამოქვეყნებამდეც ეჭვობდნენ.
ინგუშეთში ასევე აქტიურად განიხილავენ რესპუბლიკის მეთაურის, მაჰმუდ-ალი კალიმატოვს მეორე ცოლის ყოლას - წყაროების თანახმად, ეს პიროვნება ცნობილი მომღერალი აინა ალიევაა, რომელიც კალიმატოვის დანიშვნის შემდეგ სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორი გახდა.
პოლიგამიური ქორწინების იდეას 2024 წლის ბოლოს რუსეთის მუსლიმთა სასულიერო სამმართველომაც დაუჭირა მხარი. დეკემბერში სამმართველოს ულემთა საბჭომ თეოლოგიური დასკვნა - ფეტვა - სახელწოდებით "მრავალცოლიანობის პრობლემატიკა რუსეთის მუსლიმურ საზოგადოებაში" წარადგინა. მასში მუსლიმებს ოთხამდე რელიგიური ქორწინების უფლება ფაქტობრივად ეძლეოდათ, თუმცა ყველა ცოლის მიმართ აბსოლუტური სამართლიანობის დაცვის პირობით. თუ მამაკაცი ამ მოთხოვნის შესრულებას ვერ შეძლებდა, ფეტვა მას ახალ რელიგიურ ქორწინებას პირდაპირ უკრძალავდა. დოკუმენტში არ იყო განმარტებული, თუ როგორ აპირებდნენ სასულიერო სტრუქტურები პირობების შესრულების კონტროლს ან ქალთა უფლებების დაცვას მათი დარღვევის შემთხვევაში, თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა - ფეტვამ დიდხანს ვერ იარსება.
მას შემდეგ, რაც მედიაში მისი შინაარსი გახმაურდა, გენერალურმა პროკურატურამ საზოგადოებას რუსეთის საოჯახო კოდექსი შეახსენა. ამის შემდეგ მუსლიმთა სასულიერო სამმართველომ დასკვნა უკან გაიწვია...
ჩრდილოეთ კავკასიაში ბევრი მამაკაცისთვის, განსაკუთრებით ზოგიერთ ჩეჩენსა და ინგუშს შორის, ცოლების რაოდენობა ძალაუფლებისა და სტატუსის შესახებ წარმოდგენებთან პირდაპირაა დაკავშირებული. რამდენიმე ცოლი კონტროლის, ძალაუფლებისა და საზოგადოებრივი პატივისცემის სიმბოლოს წარმოადგენს. აქ ფსიქოლოგიური ასპექტიც არსებობს: საკუთარი თავის შეზღუდვის სურვილის არქონა და ყველაფრის ერთდროულად ფლობისკენ სწრაფვა. ოჯახური ცხოვრება ხშირად მონოტონურად და სიამოვნებას მოკლებულად აღიქმება, ხოლო მეორე ან მესამე ცოლი რუტინისგან თავის დაღწევის საშუალებას წარმოადგენს. ამასთანავე, "სწორ" პირველ ცოლთან ქორწინება ხშირად შესრულებულ სოციალურ ამოცანად განიხილება, რის შემდეგაც მამაკაცი თავს დამატებით გართობის ძიების უფლებას აძლევს.
ფედერალური საოჯახო კანონმდებლობა უცვლელი დარჩა. მრავალცოლიანობის პრაქტიკა კი ნარჩუნდება, თუმცა ის კვლავ სამართლებრივი სივრცის მიღმა არსებობს და ქალებს დაუცველს ხდის. ამასთან, მათზე ზეწოლას არა მხოლოდ სახელმწიფო სისტემა, რომლისთვისაც ისინი უხილავებად რჩებიან, არამედ საზოგადოება, მათ შორის თავად ქალებიც ახდენენ.
ხშირად ამბობენ იმასაც, რომ რეგიონში მამაკაცებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და ეს ყველაზე სევდიანი ფაქტია. ქორწინების გარეშე დარჩენის შიში იდეოლოგიურ და პირად პროტესტზე ძლიერი აღმოჩნდა. ქორწინება ქალის "ფასეულობის" მთავარი სოციალური მარკერია, ხოლო დაუოჯახებელი ქალი მოწყვლად ფიგურად აღიქმება. ასეთ სისტემაში მეორე ცოლის როლზე დათანხმება გადარჩენის სტრატეგიას წარმოადგენს.