"წყლის არასაკმარისი მიღება და ერთბაშად დიდი რაოდენობით წყლის დალევაც, შეიძლება, თავბრუსხვევის მიზეზი გახდეს..." - მარი მალაზონია თავბრუსხვევის გავრცელებულ მიზეზებზე - მშობლები

"წყლის არასაკმარისი მიღება და ერთბაშად დიდი რაოდენობით წყლის დალევაც, შეიძლება, თავბრუსხვევის მიზეზი გახდეს..." - მარი მალაზონია თავბრუსხვევის გავრცელებულ მიზეზებზე

2026-03-17 10:34:41+04:00

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რატომ შეიძლება, გახდეს წყლის არასაკმარისი მიღება და ამავდროულად, ერთბაშად დიდი რაოდენობით წყლის დალევა თავბრუსხვევის მიზეზი და რა გავლენას ახდენს ამ პროცესზე გადაჭარბებულად მარილის მოხმარება:

- წყლის არასაკმარისი მოხმარება ჩვენი ჯანმრთელობისათვის სახიფათოა და ქმნის რისკს იმისთვის, რომ თავბრუ დაგვეხვეს. როდესაც ერთბაშად გადაწყვეტთ წყლის შევსებას და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დიდი მოცულობის სითხეს ერთბაშად დალევთ, ესეც შეიძლება, თავბრუსხვევის მიზეზი გახდეს. არა მაშინ, როდესაც ერთი ჭიქა წყალი დალიეთ. არამედ მაშინ, როდესაც დიდი მოცულობით წყალი მიიღეთ ერთბაშად, პაუზის შემდეგ. ამ დროს შესაძლოა, სისხლში ნატრიუმის მაჩვენებელი უცებ დაეცეს და სხვა სიმპტომებთან ერთად, თავბრუსხვევაც იგრძნოთ. წყლის არასაკმარისი მიღება და ასევე, ერთბაშად დიდი რაოდენობით წყლის დალევა ერთნაირად შეიძლება, ადამიანის თავბრუსხვევის მიზეზი გახდეს.

იოდის ნაკლებობა თავის ტვინის ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში ნიადაგი და წყალი იოდით ღარიბია, საცალო ქსელში არაიოდიზირებული მარილის გაყიდვა აკრძალულია. მხოლოდ აფთიაქში შეიძლება, მსგავსი პროდუქტი შევიძინოთ. ჩვენ უნებურად, გეოგრაფიულად ასეთ ზონაში ვართ და ხელოვნურად შევსება გვჭირდება იმ დანაკლისისა, რომელიც წყალსა და ნიადაგში არასაკმარისი რაოდენობითაა. ასეთ შემთხვევაში, მარილი, როგორც ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი, მდიდრდება იმისათვის, რომ ჩვენი თავის ტვინი, ზოგადად, ჩვენი ჯანმრთელობა, ფარისებრი ჯირკვალი, არ დაზარალდეს.

დიდი რაოდენობით მარილის მოხმარება შეიძლება, თავბრუსხვევის მიზეზი გახდეს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სითხის შეკავებას იწვევს და ამ პროცესში თავად უჯრედი ღარიბდება წყლით. არის მთავარი მექანიზმი, რომელიც არტერიული წნევის მერყეობას უკავშირდება და მანაც შეიძლება, გამოიწვიოს თავბრუსხვევა. ისევე, როგორც ეს შეიძლება, მინერალური ბალანსის დარღვევის წინაპირობა გახდეს და თავბრუსხვევას ხელი შეუწყოს.

იხილეთ რუბრიკა სრულად:

როგორ შევინარჩუნოთ რკინა ხორციდან და როგორ მივიღოთ კალცის დღიური დოზა რძით - მარი მალაზონიას რჩევები
როგორ გამოვიყენოთ და მოვამზადოთ შვრია სწორად, რომ მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებები არ დავკარგოთ - მარი მალაზონია საუბრობს
ასაკთან ერთად, ქალმა მარილის მოხმარება უნდა შეამციროს... - მარი მალაზონია საუბრობს, რა სჭირდება ქალის ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის