სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა - მშობლები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

2026-03-17 22:46:40+04:00
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც ცნიბილია, პატრიარქი, კუჭიდან ძლიერი სისხლდენის გამო, კავკასიის მედიცინის ცენტრში დღეს გვიან ღამით გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
"პატრიარქმა რამდენიმე წუთის წინ განისვენა... ის მართლაც ეპოქალური ადამიანი იყო. უდიდესი დანაკარგია მთელი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის... მან მთელი ეპოქა შექმნა... ვუსამძიმრებ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს, სრულიად საქართველოს.... მისი სახით მთელმა საქართველომ შევიძინეთ ზეციური მფარველი..." - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრე შიომ.
ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამღძვრად 1977 წელს აირჩიეს.

2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.

ილია II-მ დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია 1960 წელს. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად შემოქმედელი ეპისკოპოსის ტიტულით; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.

1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად; ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები, წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი; დაარსდა გაზეთები; 1988 წელს ილია II-ის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოიტანეს თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები.