"მინდოდა, რიგითი ადამიანი ვყოფილიყავი და მიწაზე მეშრომა. ეს იყო ჩემი ოცნება" - ილია მეორეს მოგონებები ოჯახსა და ბავშვობაზე - მშობლები

"მინდოდა, რიგითი ადამიანი ვყოფილიყავი და მიწაზე მეშრომა. ეს იყო ჩემი ოცნება" - ილია მეორეს მოგონებები ოჯახსა და ბავშვობაზე

2026-03-18 10:19:38+04:00

17 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ეს პატრიარქის მოგონებებია საკუთარი ოჯახის, ბავშვობის, მშობლების შესახებ. როგორ გარემოში იზრდებოდა, რა უყვარდა და აღელვებდა, როგორ ზრდიდნენ მას... ამის შესახებ მისი ინტერვიუებიდან რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ:

"მინდოდა, ჩვეულებრივი ადამიანი ვყოფილიყავი. რიგითი ადამიანი, ეს იყო ჩემი ოცნება. მიყვარდა ბუნება, ამ შესანიშნავ გარემოში ვიზრდებოდი. მიყვარდა პირუტყვი და ვფიქრობდი, რომ სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვიდოდი. ხანდახან მიტაცებდა მედიცინა, ვაგროვებდი რეცეპტებს, ხალხური მედიცინის დარგში.

ვიზრდებოდი რუსულის მასწავლებლის ოჯახში, ზაფხულს სტეფანწმინდაში ვატარებდი. ასეთი გადმოცემაა, რომ ამ ხეობაზედ ჩამოიარა ვახტანგ გორგასალმა თავისი დის დასახსნელად, რომელიც მოიტაცეს ოსებმა და აქ იყო ჩვენი წინაპარი სნო. მას ჰყავდა შვილი ღუდუშა და ვახტანგ გორგასალი გახლდათ ნათლია ღუდუშასი".

მომავალი პატრიარქი ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია.

ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცნი იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. შიოლა ღუდუშაურის სახელი რომ დარჩენილიყო, მისი პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლაშვილის გვარი მიიღო. არსებობს გადმოცემა, რომ შიოლა ღუდუშაურის დედა ბაგრატიონი იყო - სამეფო სახლიდან და მას "მეფიანთ ქალს" ეძახდნენ.

უწმინდესი 3 წლისა მოუნათლავთ. შვილს ირაკლი დაარქვეს, მეფე ერეკლეს პატივსაცემად. უფლის სიყვარული მშობლებმა ასწავლეს. მამა, გიორგი ღუდუშაური დილაუთენია ლოცვად დგებოდა, მაშინ როცა ბავშვებს ჯერ კიდევ ეძინათ, ხოლო საღამოს შვილებთან ერთად 90-ე ფსალმუნს კითხულობდა. "90-ე ფსალმუნი ძალიან ძლიერია, ყოველი ხილული და უხილავი მტრების წინააღმდეგ და ჩვენ აუცილებლად ზეპირად უნდა გვცოდნოდა. მამაჩემი კითხულობდა ლოცვებს ზეპირად. ამთავრებდა ლოცვებს და გვასხურებდა ნაკურთხ წყალს. ჩვენ მივდიოდით დასაძინებლად და თვითონ აგრძელებდა ლოცვას. შაბათ-კვირას მივდიოდით ეკლესიაში, ასე რომ, დედაჩემი შაბათს უკვე ამზადებდა საჭმელს კვირისათვის".

უწმინდესის დედაზე მოხევეები ამბობდნენ, პირიდან თაფლის წყალი ამოსდიოდაო. უწმინდესი იხსენებს, როგორ შეიკრიბნენ ერთხელ ბავშვები დედამისის ირგვლივ. ნატალია კობაიძე ყველას მისალმებია, თავად პატარა ირაკლი კი უყურადღებოდ დარჩენია. დედასთან მისულა და მოფერება უთხოვია, შვილი კალთაში ჩაუსვამს და უთქვამს: შენ ხომ ჩემი ოქრო ხარო. ეს სიტყვები პატრიარქს ისე ღრმად ჩარჩა გულში, რომ დღეს ყველაზე დიდ სითბოს სხვების მიმართ ამ ფრაზით გამოხატავს.

"ბავშვობაში ავდიოდით ღრმად ციხეზე, დედაჩემი ქადებს აცხობდა და აგვქონდა იქ, სანთელს ვანთებდით და ვიხსენებდით ჩვენს წინაპრებს. ჩემს ბავშვობაში აქ ბევრი იყო ხალხი და ახლა დაცოტავდა. როცა იყო გიორგობა, მთელი სახლი სავსე იყო მათხოვრებით, მამაჩემი არ ეძახდა დიდ ადამიანებს, მის მეგობრებს, ეძახდა მათხოვრებს. ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა, მუსლიმანი ქისტები. ისინი მოდიოდნენ და მათ ჩამოსვლაზე მთელი ზეიმი გვქონდა. ჩემი მშობლები საუკეთესო ოთახში შლიდნენ ხალიჩებს, რომ მათ თავისებურად ელოცათ და ჩვენ მეორე ოთახში ვლოცულობდით ხატების წინაშე. მერე ერთად ვსხდებოდით მაგიდასთან. ხმამაღალი საუბარი ოჯახში არასდროს გამიგია".

ღუდუშაურებმა 7 შვილი ასეთ გარემოში გაზარდეს. ომის პერიოდში, ვლადიკავკაზში, ფრონტის პირა ზოლში ცხოვრობდნენ, თუმცა მძიმე ყოფას ოჯახური სიმყუდროვე არ დაურღვევია. "იმდენად მორიდება ჰქონდათ ერთმანეთის და კრძალვა, რომ სახელით არ მიმართავდნენ ერთმანეთს. ეს დამცირებად მიაჩნდათ და მიმართავდნენ ასეთი სიტყვებით: - არ გესმის? არ გესმის რომ იტყოდა მამაჩემი, ესე იგი დედაჩემმა უკვე იცოდა, რომ ეს მას ეხებოდა.

ilia-meore-6-37409-1773815741.jpg

როცა სასულიერო სემინარიაში დავიწყე სწავლა, მქონდა სურვილი ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი და მინდოდა, საქართველოში სულ პატარა სოფელში მოძღვარი ვყოფილიყავი. ვოცნებობდი, რომ მიწაზე მეშრომა, როგორც შრომობს ხალხი. სტუდენტებს გვქონდა ასეთი წესი, ყოველ დილას მივდიოდით ღირსი მამა სერგი რადონეჟელის ტაძარში და თაყვანს ვცემდით, ვღებულობდით ლოცვა-კურთხევას და ამანაც იმოქმედა, ბერული გზა ამერჩია.

...ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა", - ეს სიტყვები უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღსაყდრების დღეს წარმოთქვა.

im-droisatvis-saqartvelosi-moqmedi-ertaderti-sasuliero-saswavleblis-mcxetis-sasuliero-seminariis-pirveli-reqtori-episkoposi-ilia-1965-w-1773815741.jpg

მას შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა. იმ დროს ეკლესიას, შეიძლება ითქვას, მრევლი არც ჰყავდა. თვით პატრიარქის წირვა-ლოცვას ათიოდე კაცი ესწრებოდა. მაგრამ მოხდა საოცრება: იმ დღეს სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარიც და მისი ეზოც ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებითა და ახალგაზრდებით გაივსო. ეკლესიისადმი ასეთი თანაგრძნობა კომუნისტური რეჟიმის დროს პირველი იყო. როგორც ჩანს, ხალხმა იგრძნო, რომ საქართველოს ცხოვრებაში რაღაც ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი იწყებოდა. ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ კათოლიკოს-პატრიარქს!

თეა ცაგურიშვილი

ilia-meore.jpg

ოფიციალური ცნობები

  • მომავალი კათოლიკოსი 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ილია II-ის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ: მამა, გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი — სოფელ სნოდან, დედა, ნატალია იოსების ასული კობაიძე კი — სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლე II-ის პატივსაცემად ირაკლი უწოდეს. ნათლიები იყვნენ: არქიმანდრიტი ტარასი და მონაზონი ზოილე (დვალიშვილი). დედა ზოილეს პატარა ირაკლი სამთავროს მონასტერში ხშირად დაჰყავდა, სადაც მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძესაგან სამი წლის ირაკლიმ ლოცვა-კურთხევა მიიღო.

    1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც სერგიევ პოსადში (მაშინდელ ზაგორსკში) მდებარეობს. 1956–1960 წლებში ირაკლი შიოლაშვილი იყო ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სტუდენტი. საქართველოს საპატრიარქო არქივში დაცული დოკუმენტები სრულ წარმოდგენას გვიქმნის ირაკლი შიოლაშვილის მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავლის პერიოდზე. I კურსის ნიშნების ფურცელი, რომელიც შევსებულია 1953 წლის 11 მაისს, გვამცნობს, რომ ირაკლი შიოლაშვილს ყველა საგანში აქვს „ფრიადი“, II კურსზე მხოლოდ ბერძნულში აქვს „4“, III კურსზე იგი კვლავ ფრიადოსანია. ირაკლი შიოლაშვილმა I კურსზე სწავლის დროს საკონკურსოდ წარადგინა თხზულება, რომელმაც პირველი ადგილი დაიმსახურა. გამარჯვებული დაჯილდოვდა 50 მანეთით მიტროპოლიტ ფილარეტის ფონდიდან, ხოლო წმინდა სერგის სამების ლავრამ მას 30 მანეთი გადასცა. საპატრიარქო არქივში დაცულია მისი ჩათვლის წიგნაკი (ნიშნების ფურცლები), რომელსაც ხელს აწერენ აკადემიის ინსპექტორი ვ. სარიჩევი და მდივანი ნ. მურავიოვი. აკადემიის კურსდამთავრებულ მღვდელმონაზონ ილიას ყველა საგანში ფრიადი აქვს.

ilia-ii-studentoba-1773815741.jpg

აკადემიაში სწავლის პირველსავე წელს ირაკლი შიოლაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე და ბერად აღკვეცილიყო. სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს ირაკლი შიოლაშვილს კიდევ უფრო გაუმძაფრდა დედაეკლესიისა და სამშობლოს სიყვარული. ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს მღვდელმონაზონმა ილიამ საკვალიფიკაციო თემად აირჩია „ათონის ივერთა მონასტრის ისტორია“. რუსულენოვანი მასალების მოძიებისა და დამუშავების შემდეგ იგი შეხვდა ზაგორსკის აკადემიის რექტორს დეკანოზ კონსტანტინე რუჟიცკის და სთხოვა მიეცა ნებართვა, რომ რამდენიმე თვით წამოსულიყო საქართველოში ქართულენოვანი ლიტერატურის სრულად შესწავლის მიზნით. 1959 წლის 4 ივნისითაა დათარიღებული რექტორ კონსტანტინე რუჟიცკის მომართვა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, ცენტრალური არქივის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის სახელზე, რათა თავიანთი დაწესებულებების ბიბლიოთეკებში, წიგნსაცავებსა და ხელნაწერთა განყოფილებაში სამუშაოდ დაეშვათ სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტი მღვდელმონაზონი ილია (ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი). მღვდელმონაზონმა ილიამ რამდენიმე თვე იმუშავა თბილისის ბიბლიოთეკებში, ქართველი მეცნიერებისაგან მიიღო რჩევები.

1960 წლის ივნისში ზაგორსკის აკადემიაში შედგა მისი საკვალიფიკაციო ნაშრომის საჯარო დაცვა. ოფიციალურმა ოპონენტებმა — პროფესორებმა ნ. მურავიოვმა და ა. გეორგიევსკიმ — მაღალი შეფასება მისცეს წარმოდგენილ ნაშრომს. მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიის რექტორმა საგანგებო წერილით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს უწმიდეს ალექსი I-ს, რათა საუკეთესო ნაშრომისათვის დაეჯილდოებინა ღვთისმეტყველების კანდიდატი, მღვდელმონაზონი ილია. საქართველოს საპატრიარქო არქივში დაცულია ზაგორსკის აკადემიის მიერ მღვდელმონაზონ ილია შიოლაშვილის სახელზე გაცემული წარჩინების დიპლომი, რომელსაც ხელს აწერენ: აკადემიის რექტორი, დეკანოზი კონსტანტინე რუჟიცკი, ინსპექტორი, არქიმანდრიტი პიტირიმი, მდივანი ა. ოსტაპოვი.

1957 წლის 16 აპრილს, სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი, 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ელია წინასწარმეტყველის პატივსაცემად ილია ეწოდა. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა).

ილია II ასე იხსენებს ალექსანდრე ნეველის ეკლესიას:

„ეს ტაძარი განსაკუთრებულია პირადად ჩემთვის იმიტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის განგებითა და უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ზინობიმ ბერად აღმკვეცა. ამ პერიოდის ახალგაზრდებს შორის მე ვიყავი პირველი ბერი. ასე რომ, ამ ტაძრისა და წმიდა ალექსანდრე ნეველის, მღვდელმოწამე გრიგოლის ლოცვა-კურთხევა მუდამ მიფარავს.“1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი I-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.

1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია

პირველი ხარისხის დიპლომით, სადაც მეოთხე კურსზე დაწერა საკანდიდატო შრომა: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“, — რისთვისაც მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ამის შემდეგ, აკადემიის საბჭომ საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა და სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მას საშუალება ეძლეოდა, ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის კურთხევა სხვაგვარი იყო: მღვდელმონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. მღვდელმონაზონმა ილიამ უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად.

1960 წლის 19 დეკემბერს იგი აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, შემდეგ კი — 1961 წლის 16 სექტემბერს — არქიმანდრიტის ხარისხში.

72dc5f51ec64f0bd37143254ba81af58-38355-1773815741.jpgilia-ii-arqimandritoba-1773815741.jpg

1963 წელს, ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში ხუთი სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტერი დაიხურა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც, მეტი სიფრთხილისათვის, „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვეს. სწორედ ამ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ რექტორად დაინიშნა არქიმანდრიტი ილია.[7]

1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის — იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის — პირველი რექტორი. ამავდროულად იგი მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში.[7]

1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმანდრიტი ილია ხელდასხმულ იქნა შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად.

1967 წელს, აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.

1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო. 1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს — უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა.

1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V. 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი).

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII საეკლესიო კრება, რომელსაც დაესწრო 47 დელეგატი. კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400 წლებში. საქართველოს ეკლესიის მე-12 საეკლესიო კრებას ესწრებოდნენ უცხოეთის ეკლესიათა წარმომადგენლები, სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი, ბულგარეთის ეკლესიიდან არქიმანდრიტი ნაუმი, ალექსანდრიიდან არქიმანდრიტი გრიგორიოსი.

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრება.

catholicos-patriarch-of-all-georgia-ilia-ii-1773815741.jpgilia-ii-a-1773815741.jpg.webp

როგორ და რამდენ ხანში ხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა - ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე ეკლესიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს
პატრიარქის გარდაცვალებას ვისაც ყველაზე მეტად ვუსამძიმრებ - შორენა თეთრუაშვილია… არ მგონია, მასზე თავდადებული ვინმე ჰყოლოდა პატრიარქს… - პეტრე კოლხი