საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, გადაცემაში "ცა მიწიდან იწყება" საუბრობს, რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგაციასთან:
- ამის შესახებ სპეციალური სინოდალური განჩინება არ მახსენდება. ვფიქრობ, სინოდს არ მიუღია, რომ ეს თემა ან მკაცრად აეკრძალა, ან დაშვება გაეკეთებინა. მაგრამ, არის ეკლესიები, რომლებმაც დაშვებები გააკეთეს. მაგალითად, კვიპროსის ეკლესიაში ზუსტად ვიცი, რომ სუროგაცია აკრძალულია, მაგრამ ხელოვნური განაყოფიერება რაღაც დონეზე, მოლაპარაკებით, ეკლესიასთან კონსულტაციით ხდება. ამიტომ, პირველ რიგში, რომ არავინ დაბრკოლდეს, ასე ვიტყვი - ბავშვი სუროგაციით იქნება დაბადებული, ხელოვნური განაყოფიერებით თუ ბუნებრივი პროცესით, ეკლესიის კარი ყველასთვის ღიაა. არავინ იფიქროს, რომ ჩვენ "ასეთ დაბადებულ" ბავშვს მივიღებთ და მოვნათლავთ და "ისეთს" არ მივიღებთ. ეს წინასწარვე ყველამ იცოდეს.
მაგრამ, რაც შეეხება სუროგაციას, მე ვფიქრობ, რომ ამისგან ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს. შვილი დედის სხეულით იკვებება. ჯერ მის წიაღში და რომ გამოდის, პირდაპირ მყარ საჭმელს ხომ ვერ ჭამს? რძეს რომ ჭამს, ეს დედის სხეულია. ლაქტაცია ეწყება არა იმ ბიოლოგიურ დედას, რომლისგანაც უჯრედი აიღეს, არამედ ეწყება იმას, სადაც იყო.
რაც შეეხება ხელოვნურ განაყოფიერებას, აქ უკვე დადგენილი ზღვრებია. როდესაც შესაძლოა, ისეთი დაავადება იყოს ერთი ან მეორე მხრივ, რომ შვილის გაჩენა მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების გზით იყოს შესაძლებელი. ამიტომ, რაღაცა დაშვება შეიძლება, ეკლესიამ გააკეთოს. ყველა შემთხვევაში, ეკლესიასთან კონსულტაციით, თუ ადამიანები ეკლესიურები არიან.
არსებობს სასწაულმოქმედი ხატები, არსებობს სასწაულები, რომლებიც მომხდარა აღსარებისა და ზიარების შემდგომ. ამიტომ, ვინც არ არის ეკლესიური, ჯერ იქნებ, ეს მეთოდი ეცადათ.