„მყავს 7 წლის შვილი, რომელიც ძალიან ემოციურია. ყველაფერზე ტირის, სულ უმნიშვნელო მიზეზების გამოც კი ისტერიკებში ვარდება — თუ რამე არ გამოუვიდა, თუ ვიღაცამ რამე შენიშვნა მისცა, რაიმე შეუსწორა ან თუნდაც იმიტომ, რომ ტანსაცმელი არ მოეწონა. ზოგჯერ ხმაურზეც ძალიან მძაფრად რეაგირებს. ამას მხოლოდ სახლში კი არა, სკოლაშიც ამჩნევენ — მასწავლებელმაც მითხრა, რომ ხშირად რთულად იღებს შენიშვნებს, ადვილად ღიზიანდება და ზოგჯერ ბავშვებთან ერთად ჯგუფურ აქტივობებშიც არ ერთვება. ვეღარ გავიგე, ეს ნორმალურია, უბრალოდ ხასიათია თუ რამე სხვა უნდა გავითვალისწინო? როგორ მოვიქცე, რომ უკეთ გავუგო და დავეხმარო?“
ბავშვის აღზრდა ყოველთვის მოითხოვს მოთმინებას. თუმცა ზოგ მშობელს განსაკუთრებული „განსაცდელი“ ხვდება, როცა ძალიან მგრძნობიარე ბავშვები ჰყავთ. ასეთი ბავშვი შეიძლება ტიროდეს მცირე იმედგაცრუების დროს, გაღიზიანდეს იმიტომ, რომ სვიტერი უჭერს ან ჩაი ოდნავ ცხელია.
ხშირად მშობლები თავიდან ვერ ხვდებიან, რომ საქმე აქვთ არა „რთულ ხასიათთან“, არამედ ბუნებრივად მაღალი მგრძნობელობის მქონე ბავშვთან. ასეთი ქცევა შეიძლება აგერიოთ ზედმეტ ტემპერამენტში, ყურადღების დეფიციტში ან უბრალოდ „ჭირვეულობაში“. სინამდვილეში კი არსებობს რამდენიმე მკაფიო ნიშანი, რომლებიც დაგეხმარებათ სწორად შეფასებაში.
ერთი ამბავია, როცა ბავშვი ტირის დაცემის შემდეგ, და სულ სხვა, როცა მცირე შეცდომაც კი ძლიერ ემოციურ აფეთქებას იწვევს.
მაღალი მგრძნობელობის მქონე ბავშვები ემოციებს ბევრად უფრო მძაფრად და ღრმად განიცდიან, ვიდრე მათი თანატოლები. ისინი უფრო ინტენსიურად ამუშავებენ ემოციურ ინფორმაციას, რის გამოც მათი რეაქციები — როგორც უარყოფითზე, ისე დადებითზე — ხშირად გადაჭარბებულად ჩანს.
კვლევებიც აჩვენებს, რომ ასეთი ბავშვები შეიძლება უფრო რთულად ითვისებდნენ სოციალურ წესებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მშობლები მხარდაჭერის ნაცვლად ხშირად აკრიტიკებენ ან ამტყუნებენ.
ძლიერი და ხანგრძლივი შფოთვა მცირე შეცდომის ან წარუმატებლობის შემდეგ
კონფლიქტის შემდეგ ვერ „გამოსვლა“ — დიდხანს დარჩენილი სევდა ან დაძაბულობა
კრიტიკის რთულად მიღება — ნებისმიერ შენიშვნას აღიქვამს როგორც უარყოფას
სხვა ბავშვებთან ურთიერთობას ან თამაშს თავს არიდებს შეცდომის დაშვების შიშის გამო
ზოგისთვის ასეთი ბავშვი შეიძლება „დრამატული“ ან „ზედმეტად მგრძნობიარე“ ჩანდეს, თუმცა რეალურად ეს მისი ნერვული სისტემის თავისებურებაა და არა არასწორი აღზრდის შედეგი.
ალბათ შეგხვედრიათ ბავშვი, რომელსაც ხმაურიანი დღესასწაულები არ ახარებს, არამედ პირიქით — აღიზიანებს. ასეთი ბავშვები ხშირად ერიდებიან ხმაურს, არ ერთვებიან საერთო აქტივობებში და შეიძლება ცალკე ისხდნენ მოწყენილი სახეებით.
მაღალი სენსორული მგრძნობელობა ასეთი ბავშვების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. ისინი უფრო მძაფრად აღიქვამენ ყოველდღიურ სტიმულებს — სინათლეს, ხმას, სუნს, შეხებას. სადაც სხვა ბავშვი იტყვის „ხმაურია“, მათთვის ეს შეიძლება „აუტანელი“ იყოს.
მათი ნერვული სისტემა უფრო მეტ დეტალს ამჩნევს და მათზე უფრო ძლიერად რეაგირებს. ამიტომ მოულოდნელი გარემო ან ინტენსიური სტიმულები (ხმაური, ხალხი, მუსიკა) მათში სტრესს იწვევს, რაც ზოგჯერ ისტერიის მსგავს რეაქციებშიც გამოიხატება.
ერიდება ხალხმრავალ ადგილებს
აშინებს ხმამაღალი ხმები, ზოგჯერ პანიკაშიც ვარდება
ხშირად წუწუნებს ტანსაცმელზე (ეტიკეტები, უხეში ქსოვილი)
ურჩევნია მარტო თამაში, ვიდრე ჯგუფურ აქტივობაში ჩართვა
ხელებით იფარებს ყურებს ან თვალებს
ხშირად უარს ამბობს საერთო გართობაში მონაწილეობაზე
თუ ამ ნიშნებში საკუთარ შვილს ამოიცნობთ, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ:ეს არ არის „ცუდი ხასიათი“ და არც „ჭირვეული ბავშვი“.
ეს არის ნერვული სისტემის თავისებურება, რომელიც მოითხოვს:
მეტ გაგებას
ნაკლებ კრიტიკას
უსაფრთხო და მშვიდ გარემოს
ასეთი ბავშვები ხშირად ძალიან ემპათიურები, შემოქმედებითი და დაკვირვებულები არიან — უბრალოდ მათ სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, რომ საკუთარი მგრძნობელობა ძლიერებად აქციონ და არა სისუსტედ.