სასიყვარულო სამკუთხედები ცნობილი ადამიანების მონაწილეობით, საზოგადოებაში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. ხოლო, თუ მთავარი გმირები ამერიკის დაქვრივებული პირველი ლედი, ოდიოზური ბერძენი მილიარდერი და ტემპერამენტიანი ოპერის დივა არიან, დიდი ალბათობით, ასეთ ისტორიებს ადამიანები კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გაიხსენებენ...
ჟაკლინ კენედის, არისტოტელე ონასისისა და მარია კალასის ურთიერთობების ტრაგიკულ ისტორიას გიამბობთ.
რამდენიმე წლის წინ ეკრანებზე ფილმი "მარია" გამოვიდა, რომელშიც XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ოპერის მომღერლის როლი ანჯელინა ჯოლიმ შეასრულა. ინტერნეტში დღემდე მსჯელობენ, შეძლო თუ არა ჰოლივუდის მსახიობმა სცენის ლეგენდის სახის სრულად განსახიერება, თუმცა მარია კალასის ცხოვრების მთავარ ტრაგედიას ხშირად იხსენებენ.

მარია კალასი, მილიარდერი არისტოტელე ონასისის გაცნობამდე, უკვე ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ოპერის მომღერალი, თეატრ "ლა სკალას" ვარსკვლავი იყო. იგი მთელ მსოფლიოში მართავდა გასტროლებს და მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ოპერის მომღერლად ითვლებოდა. კალასი მხოლოდ კი არ მღეროდა, თითოეულ გამოსვლას ნამდვილ შოუდ აქცევდა. თანდაყოლილი არტისტიზმის წყალობით, მან პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის ყურადღების მიპყრობა შეძლო.
"მადამ კალასს ოპერის ნაცვლად პოლიტიკა რომ აერჩია, იგი უდავოდ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ქალი გახდებოდა", - უთხრა ონასისმა თავის მეგობარს, როდესაც მომღერლის გამოსვლას პირველად დაესწრო. გემების მფლობელი მილიარდერი ფიქრობდა, რომ როგორც კი მარიას თითს დაუქნევდა, იგი მასთან მაშინვე მიირბენდა. თუმცა, ქალი რამდენიმე წლის განმავლობაში იტალიელ მრეწველზე, ჯოვანი ბატისტა მენეგინიზე იყო დაქორწინებული, რომელიც ამავდროულად მისი მენეჯერი და პროდიუსერიც გახლდათ. სხვათა შორის, არისტოტელეც დაქორწინებული იყო, მაგრამ ეს მას სრულიადაც არ აბრკოლებდა.
მეუღლემ, ტინამ, მას ვაჟი, ალექსანდრე და ქალიშვილი, კრისტინა გაუჩინა, თუმცა ოლიგარქს ოჯახური ცხოვრება მობეზრდა და რაღაც ახალს ეძებდა - ქალს, რომელიც მის ცხოვრებაში გლამურს, ცეცხლსა და ვნებას შეიტანდა. კალასი ამ როლისთვის საუკეთესოდ გამოდგებოდა. ყოველი კონცერტის წინ ონასისი მის საგრიმიოროში ვარდების უზარმაზარ თაიგულებს გზავნიდა და მათზე ხელს აწერდა, როგორც "მეორე ბერძენი".
საბოლოოდ, 1957 წელს, ერთ-ერთ წვეულებაზე მათ პირადად გაიცნეს ერთმანეთი. 34 წლის მარიათი მოხიბლულმა 51 წლის არისტოტელემ მომღერალი მეუღლესთან ერთად საკუთარ იახტა "კრისტინაზე" სამოგზაუროდ მიიწვია. მომღერალი დიდხანს უარს ამბობდა, რადგან, მისი თქმით, გასართობად დრო საერთოდ არ ჰქონდა. კალასს ესმოდა, თუ რა საფრთხეს უქმნიდა მის ქორწინებას, რომელიც მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენდა, ონასისთან ერთად დასვენება, ამიტომ მილიარდერის მიწვევას დიდხანს არ თანხმდებოდა. ეს უკანასკნელი კი მოთმინებით ელოდა და იცოდა, რომ ერთ დღეს ყინული გალღვებოდა...
არისტოტელე მომღერალს რეგულარულად ძვირად ღირებულ საჩუქრებს უგზავნიდა და მისთვის წვეულებებს აწყობდა, რომლებსაც მარიასთვისაც კი ძნელად ხელმისაწვდომი ადამიანები მორჩილად ესწრებოდნენ. დროდადრო, სრულიად უპრეტენზიო მანერით, გალანტური თაყვანისმცემელი მას ახსენებდა, რომ იახტაზე დასვენების მიწვევა კვლავ ძალაში რჩებოდა...
ერთხელაც კალასი და მენეგინი დათანხმდნენ და არ იცოდნენ, რომ ეს მათი ბოლო ერთობლივი მოგზაურობა გახდებოდა. ჯოვანი თითქმის მთელ დროს კაიუტაში ატარებდა, რადგან ზღვის დაავადებით იტანჯებოდა, ხოლო ტინამ, რომელიც მეუღლის ფლირტს ხედავდა, იეჭვიანა. იგი ონასისის დაუსრულებელ ღალატს დიდი ხანია, შეჩვეული იყო, თუმცა ერთი იყო ერთკვირიანი ან ერთსაათიანი გატაცება, ხოლო მეორე - სერიოზული გრძნობა, რომელსაც ოჯახის დანგრევა შეეძლო. ტინასთვის ინტუიციას არ უღალატია. კალასი და ონასისი გამუდმებით ხუმრობდნენ, მრავლისმეტყველად უყურებდნენ ერთმანეთს და გემბანის ქვეშ არაერთხელ განმარტოვდნენ... ასე დაიწყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და, ამავდროულად, ტრაგიკული რომანი.
მარია გრძნობებში თავით გადაეშვა. "ქალმა, რომელმაც ზომიერება არ იცოდა", როგორც მას ახლობლები უწოდებდნენ, ქმარს მაშინვე განუცხადა, რომ მათ შორის ყველაფერი დასრულდა, რადგან ბედნიერი მხოლოდ არისტოტელესთან იქნებოდა - მით უმეტეს, რომ მეუღლე განქორწინებას მაინც აპირებდა. კალასისთვის ახალი ცხოვრება დაიწყო და თითქოს ზურგს უკან ფრთები ამოეზარდა. თუმცა, ონასისმა როგორც კი "მსხვერპლის" ბადეში გაბმა გააცნობიერა, კვირაობით გაუჩინარება დაიწყო. ყოველ ჯერზე, როდესაც სასოწარკვეთილი მარია ფიქრობდა, რომ ყველაფერი დამთავრდა, კაცი კვლავ ჩნდებოდა. აღმოჩნდა, რომ ბიზნესმენს ეჭვი ეპარებოდა, ღირდა თუ არა ოჯახის მიტოვება. მსოფლიო მედიის სათაურები ოპერის დივასა და მილიარდერის სახელებით აჭრელდა, არისტოტელე კი ამით ტკბებოდა, რადგან სწორედ ეს აკლდა მას ტინასთან მოსაწყენ ცხოვრებაში…
სხვათა შორის, მალე ტინამ თავად შეიტანა განცხადება განქორწინებაზე. კალასს ცხოვრებაში პირველად შეუყვარდა. როგორც ამბობენ, ონასისმა მისი გული სრულად დაიმონა. მარიამ გადაწყვიტა, დროებით კარიერა შეეწყვიტა. სადაც არ უნდა წასულიყო ან გამგზავრებულიყო არისტოტელე, ყველგან თან მიჰყვებოდა, კაცი კი მასთან პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩადიოდა (ქალი პარიზში ცხოვრობდა, კაცი კი - საკუთარ ბერძნულ კუნძულ სკორპიოსზე).
განქორწინებამ და რთულ ურთიერთობებთან დაკავშირებულმა სკანდალებმა უძლიერესი სტრესი გამოიწვია, რის გამოც მომღერალმა ხმა დაკარგა. 1959 წელს მის ბრწყინვალე კარიერაში გარდამტეხი მომენტი დადგა და მან არსებობა ერთ წამში შეწყვიტა…

შემდგომ წლებში ამ ორ ტემპერამენტიან ადამიანს შორის ურთიერთობა კვლავინდებურად რთული იყო. ამ კავშირში კამათი ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რისი მიზეზიც, უმეტესწილად, ონასისის მიერ ოფიციალურ ქორწინებაზე უარის თქმა გახლდათ. კალასს მუდმივად იმედს აძლევდა, თუმცა ოფიციალურად დაქორწინებაზე უარს ეუბნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ არისტოტელე ურთიერთობაში იმყოფებოდა, ახალ ქალებთან რომანების გაბმის მოთხოვნილებას ეს წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ასე იყო ტინას შემთხვევაში და იგივე განმეორდა მარიასთანაც… მომღერალთან მგზნებარე რომანის დროსაც კი, მეწარმემ ჯეკი კენედის უმცროს დასთან, ლი რადზივილთან, ფლირტის სიამოვნებაზე უარი არ თქვა. ლი მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი იყო და მამაკაცების მხრიდან დიდ ყურადღებას იპყრობდა. რა თქმა უნდა, ონასისი მას გვერდს ვერ აუვლიდა. მას ის ფაქტი ხიბლავდა, რომ ლი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯონ კენედისთან, იყო დაახლოებული. საქმე ის გახლდათ, რომ მილიარდერი ამერიკული ნაოსნობის ბიზნესის წარმომადგენლებთან პარტნიორობის დამყარებას ვერაფრით ახერხებდა. მან ორი კურდღლის დაჭერა გადაწყვიტა: მშვენიერი ლით დამტკბარიყო და, ამავდროულად, სახელმწიფოს მეთაურის დახმარებით საკუთარი საქმეებიც მოეგვარებინა.
1963 წელს ჯეკი და ჯონ კენედების ახალშობილი ვაჟი, პატრიკი, გარდაიცვალა. არისტოტელემ ლის შესთავაზა, რომ და საკუთარ იახტაზე დაესვენებინა, რათა მას განცდილი ტკივილი დაევიწყებინა. ამით მას შესაძლებლობა მიეცემოდა, საკუთარი ბიზნესის შესახებ საუბარი ჯერ მასთან დაეწყო. მარია არ მიიწვია, თუმცა კალასმა მშვენივრად იცოდა, თუ როგორ ატარებდა დროს მისი საყვარელი მამაკაცი.
ჟაკლინმა მიწვევა მიიღო და, პაპარაცების ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დისა და მისი კავალერის გარემოცვაში დრო საკმაოდ კარგად გაატარა. სიმართლე ისაა, რომ არისტოტელეს ორ ქალთან ერთდროული პაემნების ფაქტს თავად ჟაკლინისთვის გულუხვი მაგნატისგან ყურადღების ნიშნების მიღებაში ხელი არ შეუშლია. ამასობაში კალასი ონასისისა და ლის რომანის გამო იმდენად ნერვიულობდა, რომ აშშ-ის პირველ ლედისთან მისი ინტრიგის შესახებ გავრცელებული ხმები მისთვის ნამდვილ შვებად იქცა. მან ჩათვალა, რომ აქ გრძნობები არაფერ შუაში იყო და ყველაფერი მხოლოდ ბიზნესს უკავშირდებოდა.
მარია არც იმ ფაქტმა შეაშფოთა, რომ ჯეკი და არისტოტელე ვახშამზე ერთად რამდენჯერმე ნახეს. საბოლოოდ, გემთმფლობელმა კალასს უთხრა: "შენ მიყვარხარ, მაგრამ ჯეკი მჭირდება".
ოპერის მომღერლის ახლო მეგობრის თქმით, გარკვეულ მომენტში იმ ფაქტმა, რომ ჟაკლინს ქმარზე გავლენის მოხდენა არისტოტელეს კომპანიის სასარგებლოდ შეეძლო, მარიას გრძნობები გადაწონა. ისინი კვლავ ერთად რჩებოდნენ, თუმცა მათ რომანს ჩრდილს გამუდმებული სკანდალები აყენებდა.
მეწარმისა და აშშ-ის პირველი ლედის შეხვედრიდან რამდენიმე თვეში ჯონ კენედი მოკლეს. მისი სიკვდილის შემდეგ ჟაკლინი დეპრესიაში ჩავარდა. ამერიკელებს ჟაკლინი ძალიან უყვარდათ. იგი ცოცხალი ლეგენდა იყო, თუმცა ერთი რამის - საკუთარ ოჯახზე ახალი თავდასხმების ეშინოდა. ონასისიც იქვე გაჩნდა. იგი ქვრივს მუდმივად სტუმრობდა და ნებისმიერი, მათ შორის ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად მზადყოფნას გამოთქვამდა.
ჟაკლინს მისი მხარდაჭერა და თანაგრძნობა ახარებდა და მას არც ის აწუხებდა, რომ გავლენიანი თაყვანისმცემელი კალასთან ურთიერთობას კვლავინდებურად აგრძელებდა. ყველაზე საინტერესო კი ის გახლდათ, რომ ბიზნესმენს მომღერლის გაშვება თავადაც არ სურდა...
1966 წელს მარიამ აბორტი ისეთ გვიან ვადაზე გაიკეთა, რომ ექიმებმა ბავშვის სქესის დადგენა შეძლეს - ბიჭი იყო...
კალასს შვილები ყოველთვის უნდოდა, თუმცა ონასისმა განაცხადა, რომ თუ იგი ბავშვს დაიტოვებდა, მათ ურთიერთობას იმავე წამს დაასრულებდა. ნეტავ სცოდნოდა მაშინ მარიას, რომ სინამდვილეში არისტოტელე ჯეკისთან ქორწილისთვის გამალებით ემზადებოდა.
ონასისს "კანონიერ ქურდს" უწოდებდნენ. პირველი მილიონი მან ოცდახუთი წლის ასაკში დააგროვა, ყველა საჭირო ადამიანი მას "ჯიბეში" ჰყავდა და აშშ-ის ანტიმაფიოზური სტრუქტურები მეწარმის მხილებას უკანონო საქმიანობაში ვერაფრით ახერხებდნენ.
საკუთარი ფულით მას ყველაფრის ყიდვა შეეძლო, გარდა ამერიკელების სიყვარულისა. მას გულწრფელად იმედი ჰქონდა, რომ ამაშიც ჟაკლინი დაეხმარებოდა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ქორწინების წინააღმდეგ გამოდიოდა, რობერტ (ბობი) კენედი იყო. ძმებ კენედებს ონასისი სძულდათ. განსაკუთრებული ორმხრივი მტრობა არისტოტელეს ბობისთან აკავშირებდა, რომელიც, ბიზნესმენის აზრით, მას საქმეში ხელს მუდმივად უშლიდა. რობერტი მართლაც სამართლიანობის თავგამოდებული დამცველი იყო და გენერალური პროკურორის პოსტის დაკავების შემდეგ, მაფიას ომი გამოუცხადა. ასევე ვრცელდებოდა ხმები, რომ დაქორწინებულ ბობის საკუთარი მოკლული ძმის ქვრივთან რომანი ჰქონდა…
ასე რომ, რობერტს არისტოტელეს შესაძულებლად მიზეზი საკმარისზე მეტი ჰქონდა. როდესაც 1968 წელს იგი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ხალხში ალაპარაკდნენ, რომ თავდასხმა სწორედ ონასისის ფულით მოეწყო. ჯეკის ამის არ სჯეროდა. იგი არისტოტელეს ევედრებოდა, რომ იგი "მკვლელობებით სავსე" ქვეყნიდან წაეყვანა. ყოფილი პირველი ლედი საკუთარი შვილების სიცოცხლის გამო შიშობდა.
ონასისმა კენედის ცოლობა შესთავაზა. მას სურდა, რომ ჯეკი და მისი შვილები - კეროლაინი და ჯონი დაეცვა და მათთვის საკუთარ კუნძულზე უმაღლესი კლასის საცხოვრებელი პირობები შეექმნა. ჟაკლინი ამ წინადადებაზე უარს ვერ იტყოდა. მან უსაფრთხოება მიიღო, ხოლო არისტოტელემ - მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქალი. ქორწილი 1968 წლის ნოემბერში შედგა. მარია კალასი ამ დროს საკუთარ პარიზულ ბინაში იმყოფებოდა. იმის შესახებ, რომ საყვარელი მამაკაცი სხვაზე დაქორწინდა, მან რადიოს საშუალებით შეიტყო...
ეს ქორწინება თავიდანვე ნამდვილ კატასტროფად იქცა. მილიარდერმა მალე დაინახა, რომ სინამდვილეში მისი ძვირფასი მეუღლე ცივი და ანგარებიანი ქალი იყო. ქორწილიდან მალევე მან მარიას დაბრუნება განიზრახა. ეს უკანასკნელი თავიდან შეუვალი გახლდათ, თუმცა მას შემდეგ, რაც მეწარმე დათმობაზე უარის თქმის შემთხვევაში თვითმკვლელობით დაემუქრა, აზრი შეიცვალა. არისტოტელე ყოველ კვირას პარიზში დადიოდა, ჯეკი კი ამასობაში მის ფულს ანიავებდა. დიზაინერული სამოსი, ძვირფასეულობა, ბეწვეული, იშვიათი ტილოები - ერთობლივი ცხოვრების პირველსავე წელს ჯეკიმ დაახლოებით ოცი მილიონი დოლარი დახარჯა. ასეთმა მფლანგველობამ პლანეტის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანსაც კი გული ატკინა.
მისი ერთადერთი ნუგეში კალასი იყო, რომელიც მას პარიზის ბინაში მუდამ ელოდა. ის ქალს შესჩიოდა, რომ ჯეკი მას, როგორც ფულის ტომარას, ისე ეპყრობოდა და მისგან არავითარი სარგებელი არ არსებობდა: ყოფილ პირველ ლედის პრეზიდენტ ნიქსონზე მისი სანაოსნო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხში გავლენის მოხდენა არ შეეძლო. მალე ონასისმა გააცნობიერა, რომ ეს ქორწინება მისი ცხოვრების უმთავრესი შეცდომა გახლდათ. მან მამას საკუთარი შვილებიც კი დააპირისპირა, რომელთაც ჯეკი სძულდათ. თავად ჯეკიმ კი მორჩილებაზე უარი თქვა და მოსალოდნელი მადლიერების ნაცვლად, გამომწვევად ქცევა დაიწყო. მას დასაკარგი არაფერი ჰქონდა. კვლავაც "ტანჯული ქალის" იმიჯით იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ამერიკელს იგი "კანონიერ ქურდზე" გათხოვებისთანავე შესძულდა.
ამასობაში მისის კენედი-ონასისი ამერიკაში დაბრუნდა. რა თქმა უნდა, მან იცოდა, რომ არისტოტელე დროს მარიასთან ატარებდა. როდესაც პაპარაცმა მისი მეუღლე რესტორანში კალასთან ერთად დააფიქსირა, კენედი-ონასისი მაშინვე პარიზში გაფრინდა და ქმართან ერთად იმავე დაწესებულებაში ივახშმა, რაც არც ჟურნალისტებს და არც საბრალო მარიას გამოჰპარვია. როდესაც მომღერალმა ამის შესახებ შეიტყო, მან თვითმკვლელობა სცადა.
1973 წელს ავიაკატასტროფაში არისტოტელეს ვაჟი, ალექსანდრე დაიღუპა, რის გამოც მილიარდერი მწუხარებისგან დაუძლურდა. მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა. იმ დროისთვის იგი სამოცდაშვიდი წლის იყო. მილიარდერი მიასთენიით (აუტოიმუნური ნერვულ-კუნთოვანი დაავადება) დაავადდა. მედიკოსების არასახარბიელო პროგნოზების გაგების შემდეგ, ონასისმა კერძო დეტექტივი დაიქირავა, რათა მას შტატებში ჯეკისთვის ეთვალთვალა და იგი ღალატში ემხილებინა - ასე განქორწინება და მისი ცენტის გარეშე დატოვება უფრო ადვილი იქნებოდა. თუმცა დეტექტივმა ვერაფრის გარკვევა შეძლო.
მიუხედავად ამისა, მეწარმემ, რომელიც პარიზის საავადმყოფოდან ვეღარ გამოდიოდა, თავის ადვოკატებს განქორწინების საბუთების მომზადება ფარულად უბრძანა. თავდაპირველად ჟაკლინი დიდხანს რჩებოდა მასთან და მედდებს კალასის ჰოსპიტალში შეშვებას უკრძალავდა. როდესაც ბიზნესმენის მდგომარეობა თითქოს დასტაბილურდა, იგი აშშ-ში გაემგზავრა. ამის შემდეგ მარიამ საავადმყოფოში სამსახურებრივი შესასვლელიდან შეღწევა მოახერხა და საყვარელი მამაკაცის გვერდით მაშინ იმყოფებოდა, როდესაც ის კომაში ჩავარდა. 1975 წლის 15 მარტს არისტოტელე ონასისი გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მისი ქონების უდიდესი ნაწილი ქალიშვილ კრისტინას, ხოლო დარჩენილი ნაწილი მისი გარდაცვლილი ვაჟის ფონდს ერგო. მარიას არაფერი შეხვდა, ისევე როგორც ჟაკლინს. ეს უკანასკნელი ამას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა. სასამართლო დავების თავიდან ასაცილებლად, კრისტინა დედინაცვლისთვის ოცდაექვსი მილიონი დოლარის გადახდას იმ პირობით დასთანხმდა, რომ იგი მათ ოჯახთან ყოველგვარ კავშირს გაწყვეტდა.
კალასი საყვარელი ადამიანის დაკრძალვაზე არ მისულა, მოგვიანებით კი ჟურნალისტებს უთხრა: "თქვენი აზრით, ეს როგორ გამოჩნდებოდა - ორი ცოლი ერთმანეთის გვერდით?" მილიარდერის მუდმივმა მძღოლმა მედიას გაუმხილა, რომ მარია არისტოტელეს ერთადერთი ჭეშმარიტი სიყვარული იყო: "ის მისი ნამდვილი ცოლი გახლდათ, თუმცა მათ ჯვარი არასოდეს დაუწერიათ".
ოპერის დივა მას ორი წელი გლოვობდა: მან საზოგადოებაში გამოჩენა და ჟურნალისტებთან ურთიერთობა შეწყვიტა. 1977 წელს, ორმოცდათოთხმეტი წლის ასაკში, მარია კალასი გულის შეტევით გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით ბევრი ამბობდა, ტრაგიკულმა სიყვარულმა მასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. ყველაფერი, რაზეც იგი სიცოცხლის ბოლო დღეებში ოცნებობდა, იმ ბედნიერ დროში დაბრუნება იყო, როდესაც ონასისთან ერთად მისი იახტით, "კრისტინათი", დაცურავდა. თავდაპირველად მარია პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს, თუმცა მოგვიანებით მისი ფერფლი საბერძნეთში, ეგეოსის ზღვის თავზე მოაბნიეს.