სოციალურ ქსელში საქართველოს გარდაცვლილი კათოლოკოს-პატრიარქის, ილია მეორის კიდევ ერთი მოგონების ვიდეოკადრები ვრცელდება. ვიდეოში პატრიარქი თავის მასწავლებლებს ღიმილით იხსენებს და ამბობს, რომ დიდად არ უყვარდა ისინი.
"მასწავლებლები არ მიყვარდა და მეც არ ვუყვარდი მასწავლებლებს. არ ვიცი, რატომ. ერთი შემთხვევა იყო. სკოლაში მეორე თუ მესამე კლასში ვიყავი, მივრბოდი კიბეზე, ძალიან მოუსვენარი ბავშვი ვიყავი. ამ სირბილში დავეჯახე მაწავლებელს. დიდი ჩანთა მქონდა წიგნებით, უნდოდა, წაერთმია ეს ჩანთა, ვერაფრით ვერ წამართვა. შემდეგ კლასში სხვა მასწავლებელი "მომისია".... მეჯაჯგურებოდა, ვერც იმან წამართვა. შემდეგ წერს წერილს ჩემს მშობლებს: "გთხოვთ, მოხვიდეთ სკოლაში, რათა გადავწყვიტოთ თქვენი შვილის ბედი". ვარ მეორე თუ მესამე კლასის მოწაფე. ამან ისე იმოქმედა ჩემზე... ბედი, ბედი წყდება-მეთქი... ეს ბავშვისთვის ისეთი ტრავმა იყო, რომ ახლაც რომ მახსენდება, ცუდად ვხდები", - ამბობს ილია მეორე.
"ჩემი ოჯახი იყო მორწმუნე. მშობლები ბავშვობიდანვე გვინერგავდნენ ღვთის სიყვარულს.სახლში მუდამ გვქონდა ხატები. აუცილებლად ენთო კანდელი. ყოველ შაბათ-კვირას ეკლესიაში დავდიოდით" - ნათქვამია პატრიარქის მოგონებებში.
როცა ირაკლი და მისი ბიძაშვილი რაფიელი პატარები ყოფილან, გიორგი შიოლაშვილს უწინასწარმეტყველებია, ამ ორიდან ერთ-ერთი საქართველოს პატრიარქი იქნებაო.