"ბევრი საშუალება არსებობს, რომ მიხვდე, არის თუ არა ბავშვის ნაწერი... თუ მასწავლებელი დავალებას მექანიკურად ჩაიბარებს, ბავშვის წინსვლაზე პასუხისმგებლობას იხსნის..." - ხელოვნური ინტელექტი და გამოწვევები პედაგოგებისთვის - მშობლები

"ბევრი საშუალება არსებობს, რომ მიხვდე, არის თუ არა ბავშვის ნაწერი... თუ მასწავლებელი დავალებას მექანიკურად ჩაიბარებს, ბავშვის წინსვლაზე პასუხისმგებლობას იხსნის..." - ხელოვნური ინტელექტი და გამოწვევები პედაგოგებისთვის

2026-03-20 09:19:11+04:00

​ციფრული ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან და ხელოვნური ინტელექტის (AI) დახვეწასთან ერთად, საგანმანათლებლო სივრცეში ახალი რეალობა დადგა. სულ უფრო ხშირად ვხედავთ ტენდენციას, როდესაც მოსწავლეები თუ სტუდენტები სხვადასხვა აპლიკაციას რეფერატების მოსამზადებლად ან დავალებების შესასრულებლად აქტიურად იყენებენ.

მასწავლებლებსა და მშობლებს ვთხოვეთ, გაეზიარებინათ თავიანთი დამოკიდებულება - როგორი რეაქცია აქვთ, როდესაც ბავშვები სხვადასხვა დავალებას ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებს აწერინებენ. კომენტარების ნაწილს შემოგთავაზებთ:

  • შვილისთვის დათვური სამსახურის გაწევაა. ბავშვი უნდა მიეჩვიოს აზროვნებას, გამოუმუშავდეს ანალიზის უნარი. ტექნიკა სწორად უნდა გამოიყენოს.
  • უნდა გააკონტროლოს მშობელმა და ვერ დააწერინებს. მეცადინეობის დროს ჩემს შვილს მშობლის კონტროლით ეთიშება ტელეფონი.
  • კლასში დააწერინონ და ნახავენ სხვაობას.
  • ვერაფერს ვუხერხებ.
  • მასწავლებელი ვერ ხვდება? ერთხელ რომ მისცემს შენიშვნას და არ დაუწერს ნიშანს, მეორედ აღარ მიმართავს ჩატ ჯიპიტის!!!
  • ყველაფერს უნდა გონივრული გამოყენება. ვისაც ცოდნის მიღება უნდა, ტვინი უნდა ავარჯიშოს. თუ რაიმეს ვერ გაიგებს და ამის ასახსნელად ტექნიკას გამოიყენებს, ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ, სხვისი ამოხსნილის გადაწერით ცოდნას ვერ შეიძენს, ეს უნდა გააცნობიერონ.
  • საერთოდ არ ვიყენებ. არც კი გადმომიწერია აპლიკაცია.
  • სამეცადინოდ რომ ჯდება, ტელეფონს ვართმევ.
  • ამიტომ ხშირად უნდა აწერინოთ საკლასო წერა!
  • რაღაც დადებითიც აქვს, ლოგიკურ აზროვნებას აყალიბებს, ანალიზის უნარის განვითარებას უწყობს ხელს, კიდევ ძალიან ბევრი… ვფიქრობ, თუ სწავლა უნდა მოსწავლეს, გონივრულად უნდა გამოიყენოს AI და არ უნდა გადაწეროს მზა პასუხები…
  • ჩემი შვილი რასაც ვერ იგებს, ან მე მეკითხება ან მასწავლებელს. სულ არ აქვს ტელეფონთან წვდომა. რა არის ჩატიი? რა ბრძოლა მაგას უნდა?
  • საზღვარგარეთ საშინაო დავალებას საერთოდ არ აძლევენ ბავშვებს - მხოლოდ პარასკევს!! 8 საათი ბავშვი სკოლაშია და კიდევ საშინაო დავალებას რომ აძლევთ, ყველა საგანში, აბა, დაფიქრდით, როგორ მოასწრებს ბავშვი?? გაკვეთილზე რასაც ასწავლით, ასწავლით და სახლში ვისაც თვითონ უნდა განვითარდეს, იმუშავებს თავის თავზე და ვისაც არა - იქნება ისე. აღარ არის საჭირო საშინაო დავალება.
  • მეცადინეობისას ჩამოართვან მშობლებმა შვილებს ტელეფონები, მეტად გააკონტროლონ და ეგ იქნება.თუ არა, დაუბლოკონ ჩატი. მაგრამ, ზოგმა მშობელმა თვითონ არაფერი იცის და როგორ აუხსნის ბავშვს რაიმეს?
  • არ ვუსწორებ, ანუ განმავითარებელს ვუწერ. ჯობს, დამოუკიდებლად გააკეთოს, თუნდაც შეცდომით.

ნათია ნაფეტვარიძე ქალაქ თბილისის N161 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია და საკუთარ მოსწავლეებთან ერთად, არაერთ აქტივობას ახორციელებს. იგი "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" ათეულთა კლუბის წევრია და ბავშვებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს.

მას ვთხოვეთ, გაეზიარებინა საკუთარი გამოცდილება - რამდენად ხშირად იყენებენ მოსწავლეები ხელოვნურ ინტელექტს საგაკვეთილო პროცესში და თავად როგორი მიდგომა აქვს:

- პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ამ მოვლენას, რა თქმა უნდა, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. პოზიტიური ის არის, რომ ბავშვებმა აუცილებლად უნდა აუწყონ ფეხი თანამედროვე გამოწვევებს. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, მათ რესურსების სწორად გამოყენება შეძლონ. თუმცა, ჩვენც, პედაგოგებსაც, "ბეწვის ხიდზე" გავლა გვიწევს. პირადად მე, ვცდილობ, მოსწავლეებს შემოქმედებითი ტიპის დავალებები მაინც უშუალოდ გაკვეთილზე შევასრულებინო, რადგან იქ ამ ტექნოლოგიების გამოყენების ნაკლები საშუალებაა. ​რაც შეეხება თავად ბავშვებს, ისინი ხელოვნურ ინტელექტს საკმაოდ აქტიურად იყენებენ. მართალია, AI ჯერჯერობით დავალებებს ბოლომდე გამართულად ვერ წერს, თუმცა მოსწავლეები მას რეფერენსებისა და ნიმუშების მოსაძიებლად იყენებენ.

გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტი მათ სტრუქტურის აგებაში ეხმარება. მაგალითად, პრეზენტაციის მომზადებისას AI-ს შეუძლია, სწორი მიმართულება მისცეს, რის შემდეგაც მოსწავლეები ამ სტრუქტურაზე თავად აგებენ სასურველ შინაარსს. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად საქმის გაადვილება და დროის დაზოგვაცაა. შეიძლება, მოსწავლეებს, პირიქით, ვთხოვოთ კიდეც, რომ რაღაც დონეზე დაიხმარონ ხელოვნური ინტელექტი და შემდეგ მოძიებული მასალა გაკვეთილზე გამოიყენონ. ​

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ვახსენე, დროის დაზოგვაა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბავშვებს რაღაც ინფორმაციის მოძიებას ვთხოვდი, მაგრამ ქართულ ენაზე მასალა არ მოიპოვებოდა. ამის შესახებ თავად მოსწავლეებსაც არაერთხელ უთქვამთ. ხელოვნური ინტელექტი კი მარტივად აგენერირებს ინფორმაციას, ეძებს მას სხვადასხვა ენაზე და ბავშვებისთვის ხელმისაწვდომს ხდის, რაც პროცესს ნამდვილად აადვილებს.

​- თუ მოსწავლე ბოლომდე გამოიყენებს ამ რესურსს, რამდენად შესაძლებელია მასწავლებელმა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნამუშევარი ამოიცნოს?

​- ცხადია, თუ ბავშვს სრულ თავისუფლებას მივცემთ, ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ის მარტივად ისარგებლებს ამით და დავალებას AI-ს დააწერინებს. თუმცა, იმის ალბათობა, რომ მასწავლებელი ვერ მიხვდეს, რომელია ხელოვნური ინტელექტის შექმნილი და რომელი - მოსწავლის, გამორიცხულია. ​

პირველი და ყველაზე მარტივი ნიშანი ხშირად შინაარსობრივი აცდენაა. როდესაც ტექსტში, გარკვეულ მონაკვეთში, სულ სხვა რამ წერია, მაშინვე ხვდები, რომ ნამუშევარი მოსწავლის არ არის. ამ კონტექსტში ერთი ხალხური ზღაპარი მახსენდება, სადაც ძმა თავის დაკარგულ დას ეძებს. და კონკრეტულ არსებას ჰყავს გამოკეტილი და როდესაც ძმა მის გამოსახსნელად მიდის, იქ უამრავი, საკუთარი დის მსგავსი გოგონა ხვდება. მთავარ გმირს ევალება, ამოიცნოს, რომელია მისი ნამდვილი და. ნამდვილი და წერს ფრაზას - „ეს მე ვარ“, დანარჩენები კი მის მოძრაობებს იმეორებენ, მაგრამ რეალურად აზრს ვერ გადმოსცემენ და რაღაც უაზრობას აკეთებენ. სწორედ ამით ხვდება ძმა, ვინ არის ნამდვილი. ნამდვილისა და ყალბის გარჩევის ეს უნარი მეც ძალიან მეხმარება. მედიაწიგნიერებაზე, ყალბი და ნამდვილი ამბების გარჩევის პროცესზე მუშაობისას, ჩვენს მოსწავლეებშიც სწორედ ამ უნარებს ვავითარებთ.

​გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის ნაწერი ძალიან სპეციფიკურია - ის ყოველთვის ზედმეტად მოწესრიგებული და სტრუქტურირებულია. აუცილებლად შეხვდებით ბულეტებით გამოყოფილ მთავარ საკითხებს, მკაფიო დაყოფასა და მუდმივად აკადემიურ ტონს. ასევე, ძალიან ხშირად ენა არაბუნებრივია და ქართული სინტაქსი დარღვეულია. მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ მიხვდე, არის თუ არა ეს ბავშვის ნაწერი.

- თქვენი დაკვირვებით, რამდენად ხშირად იყენებენ ბავშვები ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა დავალების შესასრულებლად?

- დიახ, ძალიან ხშირად იყენებენ. ეს ბუნებრივიცაა - ბავშვს სურს, დავალება რაც შეიძლება, სწრაფად დაასრულოს. თანაც, ხელოვნურ ინტელექტთან ინტერაქციის პროცესი მათთვის სასიამოვნოა. ხშირად თავადაც გულწრფელად აღიარებენ, რომ კონკრეტული დავალების მომზადებისას AI გამოიყენეს…

​ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, მარტივი მისახვედრია, რა დოზით არის ტექნოლოგია ჩართული პროცესში. უპირველესად, თავად პედაგოგი უნდა ერკვეოდეს კარგად ხელოვნურ ინტელექტში, რათა მოსწავლესთან სწორი მუშაობა შეძლოს. მოსწავლეები გულწრფელად გვიზიარებენ, თუ რომელ კითხვაზე პასუხისას ან რა მოცულობით გამოიყენეს დამხმარე საშუალება - ეს ნამუშევარშიც აშკარად ჩანს. ​

საინტერესო დეტალია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც AI დავალებას დაუწერთ, მათ ამ ტექსტის გასწორება და მასზე მუშაობა თავად უწევთ. ხშირად ნაწერს იმ ნაწარმოებს ადარებენ, რომლის მიხედვითაც რეფერატი ან ესე მომზადდა. ამგვარად, დახარჯული დრო მაინც არ იკარგება, რადგან ტექსტთან გარკვეული შეხება მაინც აქვთ.

- თქვენ აღნიშნეთ დადებითი მხარეები, როგორებიცაა მაგალითად, დროის დაზოგვა და საკითხების გამარტივება. თუმცა, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ტექსტის პირდაპირ "გადმოკოპირებას"? ​

- ტექსტის უბრალო კოპირებას ძალიან ცუდი შედეგი მოაქვს. მასწავლებელს განსაკუთრებული სიფხიზლე მართებს, რათა მოსწავლის იმ უნარების განვითარება არ დარჩეს ყურადღების მიღმა, რაც სასწავლო პროცესისთვისაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი აღარ ვითარდება და მასალას მხოლოდ მექანიკურად აკოპირებს. ​როგორც ვახსენე, ეს „ბეწვის ხიდია“ - ზღვარი განვითარებასა და ინტერესის დაკარგვას შორის ძალიან მცირეა. ჩვენი მიზანი ხომ მხოლოდ კალიგრაფიის ან წერის ტექნიკის გაუმჯობესება არ არის? მოსწავლეებმა მასალა რეალურად უნდა დაამუშაონ და გაიაზრონ. მასწავლებლისთვის მუშაობა რთულდება, რადგან მან ზუსტად უნდა განსაზღვროს, AI-ის გამოყენება ბავშვის განვითარებას ემსახურება თუ მის ერთ ადგილზე გაყინვას…

თუ მასწავლებელი ამას ყურადღებას არ მიაქცევს და დავალებას მხოლოდ მექანიკურად ჩაიბარებს, გამოდის, რომ ის ბავშვის წინსვლაზე პასუხისმგებლობას იხსნის.

- თქვენ რა მეთოდებსა თუ ბერკეტებს იყენებთ, რომ მოსწავლემ დამოუკიდებლად იმუშაოს და ხელოვნური ინტელექტის ჩარევა მინიმალური იყოს?

​- ვცდილობ, ისეთი დავალებები შევარჩიო, სადაც ხელოვნური ინტელექტი აქტიურად ვერ ჩაერევა. გარდა ამისა, მოსწავლეებთან მუდმივად ვსაუბრობ საავტორო ეთიკაზე. ვუხსნი, რომ ის, რასაც თავად ქმნიან, მათი საკუთრებაა, ხოლო სხვისი ნამუშევრის ან AI-ის ტექსტის მარტივი კოპირება მათთვისვე იქნება პრობლემური. ხშირად სახლში მხოლოდ წასაკითხ და დასამუშავებელ მასალას ვაძლევ, რასაც დამოუკიდებელი გააზრება სჭირდება, უშუალოდ შემოქმედებით აქტივობებს კი სკოლაში, კლასში ვასრულებთ.

- ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ, რა რჩევას მისცემდით სხვა პედაგოგებს, რომ ამ ეპოქაში მოსწავლეები არც შეზღუდონ და, ამავდროულად, დამოუკიდებელი აზროვნების უნარიც შეუნარჩუნონ?

​- უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელი თავად უნდა უწყობდეს ფეხს თანამედროვე გამოწვევებს და კარგად იცნობდეს იმ პლატფორმებს, რომლებსაც მოსწავლეები იყენებენ. მე, პრაქტიკულად, ყოველდღიურად ვეცნობი ამ სიახლეებს...

გარდა ამისა, ვცდილობ, ბავშვებთან მაქსიმალურად ახლოს ვიყო, რათა მსგავს თემებზე გულახდილად საუბარი შეძლონ. სხვაგვარად, თუ თანამედროვე ტექნოლოგიებს კარგად არ იცნობ, საგაკვეთილო პროცესში შედეგის მიღწევა გაგვიჭირდება.

როგორც აღვნიშნე, ვფიქრობ, მასწავლებელი საკუთარ მოსწავლეებსა და იმ პლატფორმებს, რომლებსაც ისინი მიმართავენ, ძალიან კარგად უნდა იცნობდეს - იქნება ეს Gemini, ChatGPT, NotebookLM, Claude თუ სხვა ნებისმიერი პლატფორმა.

სხვათა შორის, ამ თემაზე სპეციალური ტრენინგი არაერთხელ გავიარე და ვცდილობ, საგაკვეთილო პროცესში ეს აქტიურად გამოვიყენო.

თამარ იაკობაშვილი

ჩათბოტთან ემოციური დამოკიდებულების გამო 14 წლის მოზარდმა თავი მოიკლა - დამანგრეველი მიჯაჭვულობა ხელოვნურ ინტელექტზე