კენედების წყევლას გადარჩენილი, ჯონ და ჯეკი კენედების ერთადერთი ქალიშვილი, რომელმაც ოჯახის ყველა წევრი გამოიგლოვა - კეროლაინ კენედის ცხოვრების გზა - მშობლები

კენედების წყევლას გადარჩენილი, ჯონ და ჯეკი კენედების ერთადერთი ქალიშვილი, რომელმაც ოჯახის ყველა წევრი გამოიგლოვა - კეროლაინ კენედის ცხოვრების გზა

2026-03-22 10:39:10+04:00

კეროლაინ ბუვიე კენედი საზოგადოებისთვის, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ქალიშვილის სახელითაა ცნობილი, ხოლო შემდგომ - როგორც დიპლომატი, ადვოკატი და მწერალი. იგი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს და განათლების, კულტურისა თუ სოციალური სამართლიანობის საკითხებს პოპულარიზაციას უწევს. გარდა ამისა, იგი თანამედროვე ამერიკულ პოლიტიკაში გავლენიან ფიგურად ჩამოყალიბდა. ​

ბავშვობა და ახალგაზრდობა ​

kenedi-1-1773989109.jpg
ჯონ კენედი და კეროლაინ კენედი

1956 წლის 23 აგვისტოს ჟაკლინ კენედის ქალიშვილი, არაბელა შეეძინა, თუმცა ჩვილმა ამქვეყნად ერთი ამოსუნთქვაც ვერ მოასწრო. ჯონი მეუღლესთან ერთად ამ დანაკლისს მძიმედ განიცდიდა. 1957 წლის 27 ნოემბერს ნიუ-იორკში კეროლაინი დაიბადა. 1960 წლის 25 ნოემბერს მას ძმა, ჯონ კენედი უმცროსი შეეძინა, ხოლო კიდევ ერთმა ძმამ, პატრიკმა, მხოლოდ ორი დღე იცოცხლა. ​

მას შემდეგ, რაც 1961 წელს პოლიტიკოსი აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი გახდა, იგი საკუთარ პირად ცხოვრებას მედიისგან არ მალავდა. ინტერვიუებში იგი ოჯახზე სიამოვნებით საუბრობდა და ფოტოგრაფებს თეთრი სახლის ტერიტორიაზე უშვებდა. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის მემკვიდრე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ადრეულ ასაკშივე მოექცა. მაგალითად, შტატების თითქმის ყველა მოქალაქემ იცოდა, რომ გოგონას პონი ჰყავდა, სახელად მაკარონი. ​

gettyimages-543724346-1024x1024-1773989207.jpg
კეროლაინ კენედი

ბავშვობაში კეროლაინს მორიდებულ, ჩაკეტილ პიროვნებად ახასიათებდნენ. გოგონა იმ ფუფუნებას, რომელშიც ცხოვრობდა, ვერ აცნობიერებდა და სხვების მიმართ უპირატესობას ვერ გრძნობდა. ​საყვარელი მამა კეროლაინმა ნაადრევად დაკარგა - მის მეექვსე დაბადების დღემდე სულ რაღაც ხუთი დღე რჩებოდა, როცა ჯონ კენედი მოკლეს… მომენტს, როდესაც ძიძამ, მოდ შოუმ, მას ეს შემზარავი ამბავი შეატყობინა, ქალი საკუთარ ბიოგრაფიაში ყველაზე სევდიან მოგონებად მიიჩნევს.

ამ ამბის შემდეგ, მან წლების განმავლობაში ოჯახის ყველა წევრი დაკარგა - ჯერ ჯეკი გარდაიცვალა, მერე კი ჯონ კენედი უმცროსი აფეთქდა საკუთარ თვითმფრინავში. კენედების დინასტიის კიდევ არაერთი წარმომადგენლის გლოვა მოუწია ცხოვრების განმავლობაში....

1963 წლის დეკემბერში ოჯახი თეთრი სახლიდან მანჰეტენზე, ზემო ისტ-საიდის კვარტალში გადასახლდა. მათი ახალი ცხოვრება სწორედ იქ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 1968 წელს ჟაკლინი ცოლად ბერძენ მილიარდერს, გემთმფლობელსა და ინვესტორს, არისტოტელე ონასისს გაჰყვა. ​

kerolain-kenedi-9-1773989662.jpg
კეროლაინი მშობლებთან - ჟაკლინ და ჯონ კენედებთან ერთად

ჯონ კენედის ქალიშვილმა ნიუ-იორკში წმინდა გულის სახელობის რომაულ-კათოლიკური გოგონათა სკოლა (Convent of the Sacred Heart), ხოლო მასაჩუსეტსში კონკორდის აკადემია დაამთავრა. 1980 წელს მან ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებულ რედკლიფის კოლეჯში ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მიიღო, ხოლო 1988 წელს კოლუმბიის სამართლის სკოლაში იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი გახდა. ​

წიგნები

​1991 წელს კენედიმ ელენ ოლდერმანთან თანაავტორობით პირველი წიგნი - პოლიტიკური ტრაქტატი "ჩვენს დასაცავად: უფლებათა ბილი მოქმედებაში" გამოაქვეყნა. ნაშრომში განმარტებულია, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი აშშ-ის კონსტიტუციის მე-4 შესწორება (რომელიც დაუსაბუთებელ დაკავებას კრძალავს და სასამართლოებს ჩხრეკის ორდერის მხოლოდ დამაჯერებელი საფუძვლის არსებობისას გაცემას ავალდებულებს). ​

პოლიტიკოსი

kerolain-kenedi-7-1773989549.jpg
კეროლაინ კენედი

​ახალ საუკუნეში კეროლაინ კენედის ცხოვრებაში პოლიტიკა გამოჩნდა. 2002-2004 წლებში იგი ნიუ-იორკის განათლების დეპარტამენტის სტრატეგიული პარტნიორობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მის მთავარ მიზანს საჯარო სკოლების განვითარებისათვის კერძო სახსრების მოზიდვა წარმოადგენდა. ​

თანაგრძნობითა და დაუცხრომელი ენერგიით აღსავსე კეროლაინი გამორჩეული პოლიტიკური ალღოთი, წესიერებითა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დიდი რესურსებით გამოირჩეოდა. ქვეყნის პირველი პირის პოსტზე წარდგენილი კანდიდატები ყოველთვის მისი მხარდაჭერის მოპოვებისკენ ისწრაფოდნენ. ​ყველაზე მეტად ბარაკ ობამას გაუმართლა. 2008 წლის იანვარში კენედიმ მის მხარდასაჭერად "The New York Times"-ში გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "პრეზიდენტი, რომელიც მამაჩემს ჰგავს".

დასკვნითი სტრიქონები ასე ჟღერდა: ​"მე არასოდეს მყოლია პრეზიდენტი, რომელიც ისევე შთამაგონებდა, როგორც სხვებს მამაჩემი შთააგონებდა. თუმცა მჯერა, რომ ვიპოვე ადამიანი, რომელიც ასეთი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ამერიკელთა ახალი თაობისთვისაც გახდება". ​

kerolain-kenedi-8-1773989579.jpg
კეროლაინ კენედი

2008 წლის დეკემბერში ქალმა პოლიტიკოსმა სენატში ჰილარი კლინტონის ვაკანტური ადგილის დაკავების სურვილი გამოთქვა. მის დანიშვნას მხარი კონგრესის მაშინდელმა წევრმა ლუიზა სლოტერმა და ნიუ-იორკის 108-ე მერმა მაიკლ ბლუმბერგმა დაუჭირეს. იმავდროულად, კენედის იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ იგი რიგ შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა და საჯარო პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებდა. ​ამის შემდეგ კეროლაინ კენედიმ საკუთარი შეხედულებები საქვეყნოდ გააჟღერა. კერძოდ, მან ქალთა აბორტის უფლებისა და ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების იდეისადმი მხარდაჭერა გამოხატა და სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გაილაშქრა.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელმა ერაყის ომისადმი საკუთარი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა. ​გარდა ამისა, მან ინტერვიუ საკაბელო არხ "NY1"-ს მისცა, რის შემდეგაც ცალკეული მედიასაშუალებები მას მკაცრად დაესხნენ თავს. კრიტიკის მიზეზი ტელეწამყვანთან საუბრისას ბუნდოვანება და 30-წუთიანი ინტერვიუს განმავლობაში ფრაზის "თქვენ იცით" 168-ჯერ გამოყენება გახდა. ​2009 წლის 22 იანვარს კეროლაინმა პირადი მიზეზების გამო სენატის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა. მან დეტალურ განმარტებებზე უარი თქვა, ვაკანტური ადგილი კი კირსტენ ჯილიბრანდმა დაიკავა. ​

2013 წელს ბარაკ ობამამ კენედის პოლიტიკური ვალი დაუბრუნა და იგი იაპონიაში აშშ-ის ელჩად დანიშნა. კეროლაინი კუნძულოვან სახელმწიფოში იმავე წლის 15 ნოემბერს ჩავიდა, სამი დღის შემდეგ კი ამომავალი მზის ქვეყნის კოლეგებს შეხვდა. 19 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია "NHK"-მ იმპერატორ აკიჰიტოსთვის რწმუნებათა სიგელების გადასაცემად კეროლაინის იმპერატორის სასახლეში ვიზიტის პირდაპირი ტრანსლაცია უჩვენა.

კეროლაინ კენედის მოღვაწეობა და ცხოვრება

kerolain-kenedi-1773989296.jpg
კეროლაინ კენედი ვაჟთან ერთად

​მომდევნო წელს გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელი ოკინავას სამხრეთ კუნძულს ეწვია. აქ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მსხვილი სამხედრო ბაზები იყო განთავსებული, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა. აქტივისტების განცხადებით, ინფრასტრუქტურა გარემოს კოლოსალურ ზიანს აყენებდა. კენედი ოკინავას მაშინდელ გუბერნატორს, ჰიროკაძუ ნაკაიამას შეხვდა და საკუთარი ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლობის შემცირებას დაჰპირდა.

​ამის შემდეგ კენედიმ ჰიროსიმას მშვიდობის მემორიალური მუზეუმი მოინახულა, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქის ატომური დაბომბვის შედეგებია წარმოდგენილი. ვიზიტის ფარგლებში მან შინდი დარგო და ამგვარად იაპონიის მასშტაბით სამი ათასი ხის გავრცელების ამერიკულ აქციაში მონაწილეობა მიიღო. ​

2017 წლის იანვარში სააგენტო Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიპლომატმა პოსტი დატოვა. ვრცელდებოდა ხმები, რომ კეროლაინ კენედი 2020 წელს შტატების პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლას გეგმავდა. თუმცა, პირიქით, მან პოლიტიკური არენა დროებით დატოვა. ​2021 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ჯო ბაიდენმა ავსტრალიაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კენედის კანდიდატურა წამოაყენა. 2022 წლის ივნისში მან ოფიციალურად ფიცი დადო. ​

კეროლაინ კენედის პირადი ცხოვრება ​

kerolain-kenedi-6-1773989388.jpg
კეროლაინ კენედი მეუღლესთან და შვილებთან ერთად

მეუღლე ედვინ შლოსბერგი, რომელიც დიზაინერი და მხატვარია, კეროლაინმა მეტროპოლიტენის მუზეუმში გაიცნო. ისინი 1986 წელს დაქორწინდნენ. ​კეროლაინი სამი შვილის დედაა: როზა კენედი შლოსბერგის, ტატიანა სელია კენედი შლოსბერგის და ჯონ ბუვიე კენედი შლოსბერგის. 2025 წლის დეკემბერში მისი ქალიშვილი ტატიანა ლეიკემიით გარდაიცვალა. მან დედას ორი შვილიშვილი დაუტოვა. ​

kerolain-kenedi-10-1773989752.jpg
კეროლაინ კენედი მეუღლესთან ერთად

კეროლაინი დღემდე დიპლომატიურ საქმიანობაშია ჩართული.

​საინტერესო ფაქტები

  • ​2007 წელს ნილ დაიმონდმა აღიარა, რომ მისი ჰიტი Sweet Caroline სწორედ კეროლაინ კენედით იყო შთაგონებული. მომღერალმა ჟურნალში მისი ფოტო ნახა - პრეზიდენტის ქალიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ პატარა იყო, თეთრ კაბაში გამოწყობილი, პონის გვერდით პოზირებდა. ​
  • 1975 წელს ლონდონში, ახალგაზრდა კეროლაინის საცხოვრებელთან ახლოს, ბომბი აფეთქდა. მოწყობილობა გაჩერებული ავტომობილის ქვეშ იყო. შემთხვევის შედეგად დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი ონკოლოგი, პროფესორი გორდონ ჰამილტონ ფერლი დაიღუპა.
  • ​ახალგაზრდობაში კენედი ფოტორეპორტიორობაზე ოცნებობდა. იგი 1976 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფოტოგრაფის ასისტენტად მუშაობდა, მოგვიანებით კი სტაჟირება New York Daily News-ში გაიარა. ​
  • კეროლაინ კენედი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ადამიანთაგან, რომელთაც ელვის პრესლის ცხედრის ნახვის შესაძლებლობა მიეცა. 1977 წლის 17 აგვისტოს იგი როკ-ენ-როლის მეფის 75 ათას თაყვანისმცემელთან ერთად გრეისლენდის მამულში ჩავიდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა გოგონა იცნო და შენობაში შეიყვანა.
  • ​იგი პრემია "სიმამაცის პროფილების" (Profile in Courage Award) თანადამფუძნებელია. ჯილდო გადაეცემათ პოლიტიკოსებს, რომელთა ქმედებებიც იმ გამორჩეული ლიდერობის მაგალითია, რომლებიც პოლიტიკოსის მამამ პულიცერის პრემიის მფლობელ წიგნში "სიმამაცის პროფილები" აღწერა.

ჟაკლინ კენედის, არისტოტელე ონასისისა და მარია კალასის სკანდალური სასიყვარულო სამკუთხედი - ​ბერძნული ტრაგედია
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის, ჯონ კენედი უმცროსისა და კეროლაინ ბესეტის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, სავსე სკანდალებით, ღალატით და დასრულებული საზარელი ავიაკატასტროფით