"მინდა, ვთხოვო მასწავლებლებს - მოწაფეს არასდროს დაუწეროთ ორიანი" - ილია მეორის მიმართვა მასწავლებლებს - მშობლები

"მინდა, ვთხოვო მასწავლებლებს - მოწაფეს არასდროს დაუწეროთ ორიანი" - ილია მეორის მიმართვა მასწავლებლებს

2026-03-20 11:23:39+04:00

17 მარტს, 93 წლის ასაკში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, გარდაიცვალა. მას შემდეგ სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ვიდეოები, სადაც ილია მეორე ადამიანებს სიყვარულისა და სიკეთისკენ მოუწოდებს. ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში იგი მასწავლებლებს მიმართავს:

- მინდა, ვთხოვო მასწავლებლებს: არ ვიცი, ამას შეასრულებთ, თუ არა, მაგრამ მე მინდა, ასეთი ლოცვა-კურთხევა მოგცეთ - მოწაფეს არასდროს დაუწეროთ ორიანი. იმიტომ, რომ ყოველი ადამიანი ძალიან ნიჭიერია. გენიალურია... უბრალოდ, ჩვენ უნდა მივხვდეთ, უნდა გავიგოთ, რაშია მისი ნიჭი და ის ნიჭი უნდა გამოვავლინოთ.

სოციალურ ქსელში საქართველოს გარდაცვლილი კათოლოკოს-პატრიარქის, ილია მეორის კიდევ ერთი მოგონების ვიდეოკადრები გავრცელდა. ვიდეოში პატრიარქი თავის მასწავლებლებს ღიმილით იხსენებს და ამბობს, რომ დიდად არ უყვარდა ისინი.

"მასწავლებლები არ მიყვარდა და მეც არ ვუყვარდი მასწავლებლებს. არ ვიცი, რატომ. ერთი შემთხვევა იყო. სკოლაში მეორე თუ მესამე კლასში ვიყავი, მივრბოდი კიბეზე, ძალიან მოუსვენარი ბავშვი ვიყავი. ამ სირბილში დავეჯახე მაწავლებელს. დიდი ჩანთა მქონდა წიგნებით, უნდოდა, წაერთმია ეს ჩანთა, ვერაფრით ვერ წამართვა. შემდეგ კლასში სხვა მასწავლებელი "მომისია".... მეჯაჯგურებოდა, ვერც იმან წამართვა. შემდეგ წერს წერილს ჩემს მშობლებს: "გთხოვთ, მოხვიდეთ სკოლაში, რათა გადავწყვიტოთ თქვენი შვილის ბედი". ვარ მეორე თუ მესამე კლასის მოწაფე. ამან ისე იმოქმედა ჩემზე... ბედი, ბედი წყდება-მეთქი... ეს ბავშვისთვის ისეთი ტრავმა იყო, რომ ახლაც რომ მახსენდება, ცუდად ვხდები", - ამბობს ილია მეორე.

"ჩემი ოჯახი იყო მორწმუნე. მშობლები ბავშვობიდანვე გვინერგავდნენ ღვთის სიყვარულს.სახლში მუდამ გვქონდა ხატები. აუცილებლად ენთო კანდელი. ყოველ შაბათ-კვირას ეკლესიაში დავდიოდით" - ნათქვამია პატრიარქის მოგონებებში.

როცა ირაკლი და მისი ბიძაშვილი რაფიელი პატარები ყოფილან, გიორგი შიოლაშვილს უწინასწარმეტყველებია, ამ ორიდან ერთ-ერთი საქართველოს პატრიარქი იქნებაო.

მინდოდა, რიგითი ადამიანი ვყოფილიყავი და მიწაზე მეშრომა. ეს იყო ჩემი ოცნება - ილია მეორეს მოგონებები ოჯახსა და ბავშვობაზე