რა გზას გაივლიან ქართველი გოგოები ინფორმატიკაში ევროპის გოგოების ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად - რეგისტრაცია 21 მარტს სრულდება - მშობლები

რა გზას გაივლიან ქართველი გოგოები ინფორმატიკაში ევროპის გოგოების ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად - რეგისტრაცია 21 მარტს სრულდება

2026-03-20 12:02:06+04:00

თუ ხარ გოგო, რომელიც დაინტერესებულია ინფორმატიკითა და ალგორითმებით, გახსოვდეს: 21 მარტს ევროპის გოგოების ოლიმპიადის (EGOI) შესარჩევ ეტაპზე რეგისტრაცია სრულდება. ეს არის შანსი, გახდეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და წარადგინოთ ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე.

2026 წელს ოლიმპიადა იტალიაში გაიმართება. ნაკრების ჩამოყალიბება და იტალიაში გამგზავრება რამდენიმე ძირითად საფეხურს მოიცავს:

  • 21 მარტი - პირველადი რეგისტრაციის დასრულება;
  • მარტის ბოლო კვირა - საკვალიფიკაციო შესარჩევი ტური. აქ მოწმდება მონაწილეთა უნარები პროგრამირების ენებში (ძირითადად C++);
  • აპრილის პირველი ნახევარი - ნაკრების შესარჩევი ტური, რომლის ფარგლებშიც გუნდი საბოლოოდ დაკომპლექტდება;
  • აპრილის მეორე ნახევარი - ნაკრების მოსამზადებელი ტრენინგები და გასვლითი ღონისძიებები;
  • 12-18 მაისი - გამგზავრება იტალიაში, ქალაქ ცესენატიკოში, EGOI-ს ოლიმპიადაზე დასასწრებად.

EGOI არის პრესტიჟული საერთაშორისო პროგრამირების შეჯიბრება, რომელიც სპეციალურად საშუალო სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის შეიქმნა. ოლიმპიადა 2021 წლიდან ტარდება, საქართველოს ნაკრები კი 2022 წლიდან წარმატებით ასპარეზობს. ჩვენს ქვეყანას მოპოვებული აქვს: 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი. აღსანიშნავია, რომ ქართველი ქეთევან ციმაკურიძე ევროპის აბსოლუტური ჩემპიონიც გახდა.

მიმდინარე წელს ნაკრების ფორმირებასა და მომზადებას უზრუნველყოფს საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და თიბისი პარტნიორობით ჩამოყალიბდა. ჰაბის ფარგლებში ტარდება მოსამზადებელი ბანაკები და ტრენინგები დარგის წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით. პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, GAIA, ICT ასოციაცია, ლინეიტი, ეპამი და ბლოქსი.

ტექ ოლიმპიადების ჰაბის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს, რომელიც 18 წლამდეა და დაინტერესებულია ინფორმატიკით. ოლიმპიადაში მონაწილეობა საშუალებას გაძლევთ:

  • გამოსცადოთ საკუთარი ცოდნა და განავითაროთ ლოგიკური აზროვნება რთული ალგორითმული ამოცანების ამოხსნით;
  • მოიპოვოთ საერთაშორისო წარმატება, რაც გზას გიხსნით მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებსა და კომპანიებში;
  • გაიცნოთ თანატოლები სხვადასხვა ქვეყნიდან და გაიფართოოთ პროფესიული კავშირები.

იჩქარეთ, რეგისტრაცია შესაძლებელია 21 მარტის ჩათვლით მითითებულ ბმულზე.

R