"ვის შვილსაც ძალიან ფხიზელი ძილი აქვს, როგორ ეხმარებით? 8 წლის გოგონა მყავს. უკვე დიდი ხანია ერთ პრობლემას ვებრძვი - ძალიან ფხიზლად სძინავს. საღამოს ჩაძინებაც უჭირს, ღამით კი წარა-მარა იღვიძებს, მიზეზი არ გამოილია - ხან ქუჩიდან შემოდის ხმა, ხან მეზობლის ძაღლი ყეფს და ხან ლიფტის ხმა აწუხებს. დილით კი დაღლილი და გაღიზიანებულია. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. იდეალურ სიჩუმეში ხომ არ სძინავთ სხვა ბავშვებს? მას აღვიძლებს ყველაფერი. ნევროლოგმა მცენარეული დამამშვიდებლი გამოუწერა, მაგრამ მაინც ეღვიძება. როგორ მოვიქცე, მეტად დავტვირთო დღის განმავლობაში თუ პირიქით? ძალიან გთხოვთ, მირჩიეთ, როგორ მოვუწესრიგო ბავშვს ძილი.“
ეს ერთ-ერთი მკითხველის წერილია, თუმცა, ვფიქრობთ, ამ პრობლემასთან დაკავშირებული განმარტებები ბევრ მშობელს დააინტერესებს:
ბავშვის ძილი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოწვევაა მშობლებისთვის. ხშირად პრობლემა მხოლოდ ჩაძინების სირთულე არ არის — თავად ძილიც შეიძლება იყოს არასტაბილური, ზედაპირული და ხშირი გაღვიძებებით. ასეთ დროს მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს, რეალურად აკლია თუ არა ბავშვს ძილი.
თუ ბავშვი დღის განმავლობაში აქტიურია, ენერგიულია და სტაბილური განწყობა აქვს, ეს მიუთითებს, რომ მას საკმარისად სძინავს, მიუხედავად იმისა, რომ მშობელს შეიძლება სხვაგვარად ეჩვენებოდეს. ბავშვების ძილის მოთხოვნილება ინდივიდუალურია და ასაკთან ერთად იცვლება, ამიტომ ყოველთვის არ არის საჭირო მკაცრი „ნორმების“ მიყოლა.
ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი გარემო. როდესაც ყოველდღიური ცხოვრება ერთსა და იმავე რიტმს მიჰყვება, ორგანიზმი უკეთ განეწყობა ძილისთვის. სასურველია, ბავშვი ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს იღვიძებდეს და იძინებდეს, თუმცა მცირე გადახვევები დასაშვებია.
პატარა ასაკში რეჟიმი შეიძლება უფრო მოქნილი იყოს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად საჭიროა მისი უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბება. სწორედ ეს ეხმარება ბავშვის ბიოლოგიურ საათს სწორად მუშაობაში.
ხარისხიანი ძილისთვის აუცილებელია, რომ ბავშვი დღის განმავლობაში საკმარისად იყოს დატვირთული. აქტიური თამაში, სირბილი, ახალი გარემოს აღმოჩენა და სხვადასხვა აქტივობა ეხმარება მას ბუნებრივად დაიღალოს და საღამოს სწრაფად დაიძინოს.
თუმცა მნიშვნელოვანია ბალანსი — გადაღლილი ბავშვიც ხშირად ცუდად იძინებს, ჭირვეულობა, ფხიზლდება და დასაძუ=ინებლად წასვლასაც აპროტესტებს. ამიტომ მშობელმა უნდა იპოვოს ოპტიმალური დატვირთვა, რომელიც კონკრეტულად მის შვილს შეეფერება.
ძილის წინ პერიოდი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. დაახლოებით ერთი-ორი საათით ადრე საჭიროა აქტივობის შემცირება და ზოგადი გარემოს დაწყნარება. ძლიერი განათება, ხმაური და აქტიური თამაშები უნდა მშვიდი და განმტვირთავი საქმიანობით უნდა შეიცვალოს.
ეს ეტაპი ბავშვის ნერვულ სისტემას მოდუნებაში ეხმარება და ორგანიზმს აძლევს სიგნალს, რომ ძილის დრო ახლოვდება.
თანამედროვე გარემოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეკრანებია. ტელეფონი, ტელევიზორი და პლანშეტი ძილის წინ ძლიერ აღაგზნებს ნერვულ სისტემას და ართულებს დაძინებას.
სასურველია, ძილის წინ მინიმუმ ერთი საათით ადრე სრულად გამოირთოს ყველა ელექტრონული მოწყობილობა. ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ძილის ხარისხს.
ბავშვის ძილზე დიდ გავლენას ახდენს გარემო პირობებიც. ბნელი ოთახი ხელს უწყობს მელატონინის გამომუშავებას, რომელიც ძილისთვის აუცილებელია. ოდნავ გრილი ჰაერი ამარტივებს დაძინებას, ხოლო სიჩუმე ღრმა ძილის ფაზის ხანგრძლივობას ზრდის.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ საწოლი ასოცირდებოდეს მხოლოდ ძილთან და არა თამაშთან ან სწავლასთან.
ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან მშობლების ემოციების მიმართ. დაძაბული ან გაღიზიანებული მშობელი ხშირად თავადაც არის მიზეზი, რომ ბავშვს დაძინება უჭირს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობელი იყოს მშვიდი და მოთმინებით უმკლავდებოდეს პროცესს.
ძილის რეჟიმის შეცვლა ერთ დღეში არ ხდება. ბავშვს სჭირდება დრო, რომ შეეჩვიოს ახალ წესებს და რიტუალებს.