"12 წლის ვიყავი. მამაჩემმა ბოთლი, ქაღალდი და კალამი მოითხოვა, დაწერა, ბოთლში ჩადო და კედელში ჩააშენეს..." - ილია II-ის ემოციური მოგონება მამაზე და მის საოცარ წინასწარმეტყველებაზე - მშობლები

"12 წლის ვიყავი. მამაჩემმა ბოთლი, ქაღალდი და კალამი მოითხოვა, დაწერა, ბოთლში ჩადო და კედელში ჩააშენეს..." - ილია II-ის ემოციური მოგონება მამაზე და მის საოცარ წინასწარმეტყველებაზე

2026-03-23 11:00:52+04:00

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია II, რამდენიმე წლის წინ ეკა ხოფერიასთან გადაცემაში იხსენებდა ამბავს, რომლის მიხედვითაც, მას პატრიარქობა მამამ უწონასწრმეტყველა:

- 12 წლის ვიყავი. ჩემი ბიძაშვილი 10-11 წლის იყო. ბიძაჩემი და ჩვენ მეზობლად ვცხოვრობდით. ბიძაჩემის ეზოში რაღაც შენდებოდა, მამაჩემიც იქ იყო, ჩვენც იქ ვიყავით. მამაჩემმა ბოთლი, ქაღალდი და კალამი მოითხოვა და დაწერა: ერთ-ერთი მათგანი (მე და ჩემს ბიძაშვილზე) იქნება საქართველოს პატრიარქიო. მას ასეთი გამოცხადებები ჰქონდა... ბოთლში ჩადო და კედელში ჩააშენეს.

ilia-meore-1774249872.jpg

ilia-meore-1774249942.jpg

  • პატრიარქის მოგონებები საკუთარი ოჯახის, ბავშვობის, მშობლების შესახებ. როგორ გარემოში იზრდებოდა, რა უყვარდა და აღელვებდა, როგორ ზრდიდნენ მას:

"მინდოდა, ჩვეულებრივი ადამიანი ვყოფილიყავი. რიგითი ადამიანი, ეს იყო ჩემი ოცნება. მიყვარდა ბუნება, ამ შესანიშნავ გარემოში ვიზრდებოდი. მიყვარდა პირუტყვი და ვფიქრობდი, რომ სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვიდოდი. ხანდახან მიტაცებდა მედიცინა, ვაგროვებდი რეცეპტებს, ხალხური მედიცინის დარგში.

ვიზრდებოდი რუსულის მასწავლებლის ოჯახში, ზაფხულს სტეფანწმინდაში ვატარებდი. ასეთი გადმოცემაა, რომ ამ ხეობაზედ ჩამოიარა ვახტანგ გორგასალმა თავისი დის დასახსნელად, რომელიც მოიტაცეს ოსებმა და აქ იყო ჩვენი წინაპარი სნო. მას ჰყავდა შვილი ღუდუშა და ვახტანგ გორგასალი გახლდათ ნათლია ღუდუშასი".

მომავალი პატრიარქი ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია.

ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცნი იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. შიოლა ღუდუშაურის სახელი რომ დარჩენილიყო, მისი პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლაშვილის გვარი მიიღო. არსებობს გადმოცემა, რომ შიოლა ღუდუშაურის დედა ბაგრატიონი იყო - სამეფო სახლიდან და მას "მეფიანთ ქალს" ეძახდნენ.

უწმინდესი 3 წლისა მოუნათლავთ. შვილს ირაკლი დაარქვეს, მეფე ერეკლეს პატივსაცემად. უფლის სიყვარული მშობლებმა ასწავლეს. მამა, გიორგი ღუდუშაური დილაუთენია ლოცვად დგებოდა, მაშინ როცა ბავშვებს ჯერ კიდევ ეძინათ, ხოლო საღამოს შვილებთან ერთად 90-ე ფსალმუნს კითხულობდა. "90-ე ფსალმუნი ძალიან ძლიერია, ყოველი ხილული და უხილავი მტრების წინააღმდეგ და ჩვენ აუცილებლად ზეპირად უნდა გვცოდნოდა. მამაჩემი კითხულობდა ლოცვებს ზეპირად. ამთავრებდა ლოცვებს და გვასხურებდა ნაკურთხ წყალს. ჩვენ მივდიოდით დასაძინებლად და თვითონ აგრძელებდა ლოცვას. შაბათ-კვირას მივდიოდით ეკლესიაში, ასე რომ, დედაჩემი შაბათს უკვე ამზადებდა საჭმელს კვირისათვის".

უწმინდესის დედაზე მოხევეები ამბობდნენ, პირიდან თაფლის წყალი ამოსდიოდაო. უწმინდესი იხსენებს, როგორ შეიკრიბნენ ერთხელ ბავშვები დედამისის ირგვლივ. ნატალია კობაიძე ყველას მისალმებია, თავად პატარა ირაკლი კი უყურადღებოდ დარჩენია. დედასთან მისულა და მოფერება უთხოვია, შვილი კალთაში ჩაუსვამს და უთქვამს: შენ ხომ ჩემი ოქრო ხარო. ეს სიტყვები პატრიარქს ისე ღრმად ჩარჩა გულში, რომ დღეს ყველაზე დიდ სითბოს სხვების მიმართ ამ ფრაზით გამოხატავს.

"ბავშვობაში ავდიოდით ღრმად ციხეზე, დედაჩემი ქადებს აცხობდა და აგვქონდა იქ, სანთელს ვანთებდით და ვიხსენებდით ჩვენს წინაპრებს. ჩემს ბავშვობაში აქ ბევრი იყო ხალხი და ახლა დაცოტავდა. როცა იყო გიორგობა, მთელი სახლი სავსე იყო მათხოვრებით, მამაჩემი არ ეძახდა დიდ ადამიანებს, მის მეგობრებს, ეძახდა მათხოვრებს. ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა, მუსლიმანი ქისტები. ისინი მოდიოდნენ და მათ ჩამოსვლაზე მთელი ზეიმი გვქონდა. ჩემი მშობლები საუკეთესო ოთახში შლიდნენ ხალიჩებს, რომ მათ თავისებურად ელოცათ და ჩვენ მეორე ოთახში ვლოცულობდით ხატების წინაშე. მერე ერთად ვსხდებოდით მაგიდასთან. ხმამაღალი საუბარი ოჯახში არასდროს გამიგია".

ღუდუშაურებმა 7 შვილი ასეთ გარემოში გაზარდეს. ომის პერიოდში, ვლადიკავკაზში, ფრონტის პირა ზოლში ცხოვრობდნენ, თუმცა მძიმე ყოფას ოჯახური სიმყუდროვე არ დაურღვევია. "იმდენად მორიდება ჰქონდათ ერთმანეთის და კრძალვა, რომ სახელით არ მიმართავდნენ ერთმანეთს. ეს დამცირებად მიაჩნდათ და მიმართავდნენ ასეთი სიტყვებით: - არ გესმის? არ გესმის რომ იტყოდა მამაჩემი, ესე იგი დედაჩემმა უკვე იცოდა, რომ ეს მას ეხებოდა.

როცა სასულიერო სემინარიაში დავიწყე სწავლა, მქონდა სურვილი ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი და მინდოდა, საქართველოში სულ პატარა სოფელში მოძღვარი ვყოფილიყავი. ვოცნებობდი, რომ მიწაზე მეშრომა, როგორც შრომობს ხალხი. სტუდენტებს გვქონდა ასეთი წესი, ყოველ დილას მივდიოდით ღირსი მამა სერგი რადონეჟელის ტაძარში და თაყვანს ვცემდით, ვღებულობდით ლოცვა-კურთხევას და ამანაც იმოქმედა, ბერული გზა ამერჩია.

...ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა", - ეს სიტყვები უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღსაყდრების დღეს წარმოთქვა.

როგორ იხსენებენ კლასელები მეუფე შიოს - უგანათლებულესია, ჰუმანისტი და სამართლიანი, არ უყვარს ფარისევლობა... ძალიან წარმოსადეგი იყო - ახოვანი, ქერა თმით და ცისფერი თვალებით... ნამდვილი ქრისტიანია... ყველაფერი ზემოდან იყო გადაწყვეტილი მისი დაბადებიდან...
პატრიარქის ძმისშვილის მრავალშვილიანი ოჯახი - მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი