კუპატა თეატრის სცენაზე გაცოცხლდა - ყველასთვის საყვარელი ბათუმელი ძაღლის ისტორია გრძელდება - მშობლები

კუპატა თეატრის სცენაზე გაცოცხლდა - ყველასთვის საყვარელი ბათუმელი ძაღლის ისტორია გრძელდება

2026-03-23 14:56:04+04:00

სპექტაკლის პრემიერამ სოხუმის მოზარდის სცენაზე, ანშლაგით ჩაიარა.

ბათუმის ქუჩების ლეგენდა, ოთხფეხა გმირი, რომელმაც სიკეთითა და ერთგულებით მსოფლიო აღაფრთოვანა, ახლა უკვე თეატრის სცენას იპყრობს. ბათუმელი ძაღლის, კუპატას თავგადასავალი, რომელიც ჯერ სოციალური ქსელების ვირუსულ ვიდეოდ, შემდეგ კი გიორგი კეკელიძის პოპულარულ ზღაპრად იქცა, ამჯერად თეატრის სცენაზე გაცოცხლდა.

17-18 მარტს, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ახალი სპექტაკლის პრემიერა შედგა და სრული ანშლაგით ჩაიარა.

კუპატამ შეცვალა დამოკიდებულება მიუსაფარი ცხოველების მიმართ მთელ საქართველოში და ახლა, ის სცენიდან გვასწავლის მეგობრობას და ერთგულებას.

- როგორ გაჩნდა იდეა, კუპატას ისტორიაზე შექმნილიყო სპექტაკლი?

სპექტაკლის რეჟისორი, ლაშა შეროზია:

- ჩემს მეგობართან ვსაუბრობდი, როცა მითხრა, რომ ცნობილ კუპატაზე ზღაპარი იყო დაწერილი. მეორე დღესვე წავიკითხე გიორგი კეკელიძის „კუპატას თავგადასავალი“ და მაშინვე გავიფიქრე - რატომაც არა?! კუპატას ისტორია ჩემთვის ძალიან ადამიანური, საინტერესო და ემოციური იყო. მინდოდა მისი ნახვა, მაგრამ, სამწუხაროდ, სანამ ბათუმში ჩავედი, ის გარდაიცვალა. სწორედ ამიტომ მომინდა მისი გაცოცხლება კიდევ ერთხელ.

657046125-1443117080049371-8151100290690095931-n-1774263411.jpg

- სცენარი ახლოსაა წიგნთან?

- სპექტაკლი მიჰყვება გიორგი კეკელიძის წიგნის სიუჟეტს, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა ლ“-მა გამოსცა. სცენარისთვის მოხდა ტექსტის გარკვეულწილად ადაპტაცია, თუმცა შენარჩუნებულია ყველა ის მთავარი სათქმელი და პერსონაჟი, რაც ორიგინალშია.

650487011-1257005705887135-4098886323993935700-n-1774263443.jpg

- კუპატას როგორი სახით ვიხილავთ სპექტაკლში?

- კუპატას როლს თორნიკე ბელთაძე ასრულებს, თუმცა სცენაზე თავად კუპატაც გამოჩნდა. სპექტაკლისთვის სპეციალურად შეიქმნა კუპატას თოჯინა-მარიონეტი, რომელიც სხვა პერსონაჟებთან - ძიძა გულოსთან, მენაყინესთან და კნუტ კნატისთან ერთად აგრძელებს სიკეთის თესვას. სპექტაკლი ხორციელდება გიორგი რატიანის სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში და მსახიობები არიან ამავე თეატრის დასის წევრები.

655064195-1408124194679006-3586782405970634347-n-1774263464.jpg

დაგეგმილი პრემიერების შემდეგ, დასი საბერძნეთში მიემგზავრება გასტროლზე. თესალონიკში მცხოვრებმა ემიგრანტებმა ძალიან დიდი ინტერესი გამოთქვეს, რადგან მათ შვილებს უკვე წაკითხული აქვთ კუპატას ისტორია და მოუთმენლად ელიან მის ნახვას სცენაზე. რომ დავბრუნდებით, თეატრი თვითონ დანიშნავს სპექტაკლების განრიგს, ჩაუშვებს რეპერტუარში.

656887448-4132135263702568-8034789411851366509-n-1774263493.jpg

ვინ იყო კუპატა? - მიუსაფარი ძაღლიდან მსოფლიო ვარსკვლავობამდე

განსაკუთრებული სახელი ბათუმელ ძაღლს ხორცის მაღაზიის თანამშრომლებმა დაარქვეს - კუპატა. მას იმდენად უყვარდა თავისი „სამუშაო ადგილი“, რომ ხანდახან მაღაზიიდან გამოტანილ სოსისს თავთან დაიდებდა და უბრალოდ იძინებდა ხოლმე.

თუმცა, მისი მთავარი მისია ყოველ დილით, ზუსტად ექვს საათზე იწყებოდა. ის ბავშვების ჯგუფს ელოდებოდა, რათა ისინი გზაზე უსაფრთხოდ გადაეყვანა. როცა მძღოლები წესებს არღვევდნენ, კუპატა ყეფით აიძულებდა მათ გაჩერებას, სანამ პატარები ზებრა-გადასასვლელზე ხმაურით გადავიდოდნენ.

ეს კეთილი რიტუალი წლების განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ ერთმა შემთხვევითმა ვიდეომ მისი ამბავი მთელ მსოფლიოს არ მოსდო. ბათუმში ტურისტების, ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების ნაკადი არ წყდებოდა - ყველას სურდა საკუთარი თვალით ენახა „ბავშვების მფარველი“ გმირი.

651091932-4478749625737284-1709914879687508444-n-1774263506.jpg

მიუხედავად იმისა, რომ კუპატა დღეს ფიზიკურად აღარ არის ჩვენთან, მისი სიკეთე დაუვიწყარი დარჩა. სწორედ ამიტომ, გიორგი კეკელიძემ და გამომცემლობა „პალიტრა ლ“-მა გადაწყვიტეს, ეს ამბავი მომავალი თაობებისთვის შეენახათ.

650955916-1360303786120560-6828156922520074110-n-1774263525.jpg

წიგნი „კუპატას თავგადასავალი“ გვიყვება, რომ ყველა ჩვეულებრივი ძაღლი სინამდვილეში არაჩვეულებრივია. აქ კუპატა აგრძელებს ცხოვრებას თავის მეგობრებთან - მიუსაფარი ძაღლების ძიძა გულოსთან, მენაყინესთან და კნუტ კნატისთან ერთად. ასე, რომ, სანამ სპექტაკლზე მიხვალთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი შვილებთან ერთად, ეს არის საუკეთესო გზა, რომ ბავშვებმა ისწავლონ მზრუნველობა და დაინახონ, რომ ნამდვილი გმირები ხშირად ჩვენს გვერდით, ქუჩაში ცხოვრობენ.

R