მწვავე კორონარული სინდრომი გულის კუნთის სისხლმომარაგების მკვეთრ შეფერხებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას გულისხმობს და მას დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევა სჭირდება. ამ დროს დროის დაკარგვა ყველაზე კრიტიკული შეცდომაა, რაც პაციენტმა ან მისმა ახლობლებმა შეიძლება დაუშვან. მარტივად რომ ვთქვათ, რაც მეტ დროს დაკარგავთ სამედიცინო დახმარების გარეშე, მით მეტი გულის უჯრედი მოკვდება. მისი აღდგენა კი შეუძლებელია.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, თუ ჩარევა სიმპტომების გამოვლენიდან 2 საათის განმავლობაში მოხდა, შეუქცევადი დაზიანების მიღების შანსი მინიმუმამდე მცირდება. რაც უფრო ხანგრძლივდება პერიოდი, მით უფრო კრიტიკულ დაზიანებას იღებს პაციენტი.
მწვავე კორონარული სინდრომისა და მისი მკურნალობის თანამედროვე გზების შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგი თამარ ჯანაშია გვესაუბრება.
რა არის მწვავე კორონარული სინდრომი?
მწვავე კორონარული სინდრომი წარმოადგენს კლინიკურ მდგომარეობათა ერთობლიობას, რომელიც განპირობებულია მიოკარდიუმის იშემიის უეცარი განვითარებით. პათოფიზიოლოგიური თვალსაზრისით, ეს პროცესი დაკავშირებულია კორონარული არტერიის სანათურის კრიტიკულ შევიწროებასთან ან სრულ ოკლუზიასთან, რასაც საფუძვლად უდევს ათეროსკლეროზული ფოლაქის დესტაბილიზაცია და მასზე თრომბული მასის ფორმირება. კლინიკურ პრაქტიკაში ჩვენ განვასხვავებთ ამ სინდრომის სამ ფორმას:
მწვავე კორონარული სინდრომის მართვა განიხილება როგორ გადაუდებელი მდგომარეობა. ჩვენი სტრატეგია ეფუძნება მიოკარიდუმის რევასკულარიზაციას ანუ სისხლის ნაკადის დაუყოვნებლივ აღდგენას დაზიანებულ უბანში. უნდა გვახსოვდეს, რომ მიოკარდიუმის იშემია დინამიკური პროცესია და დროული სამედიცინო ინტერვენციის გარეშე მან შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთის შეუქცევადი დაზიანება, ნეკროზი. სწორედ ამიტომ, დიაგნოსტიკისა და ჰოსპიტალიზაციის ოპერატიულობა პაციენტის ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია.
რამდენად ხშირია მწვავე კორონარული სინდრომი საქართველოში?
სამწუხაროდ, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და მათ შორის მწვავე კორონარული სინდრომი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. მწვავე კორონარული სინდრომი სიკვდილიანობისა და ინვალიდიზაციის წამყვანი მიზეზია. ჩვენს ქვეყანაში ამ პათოლოგიის გავრცელება მაღალია, რაც განპირობებულია როგორც გენეტიკური წინასწარგანწყობით, ისე მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორების არსებობით.
რომელ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება ყველაზე ხშირად?
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საგრძნობლად შეინიშნება მწვავე კორონარული სინდრომის გაახალგაზრდავება. თუ ადრე კორონარული კატასტროფები ძირითადად 60 წელს გადაცილებულ პირებში ფიქსირდებოდა, დღეს ხშირია 35-50 წლამდე ასაკის პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. ამ ტენდენციის საფუძველია მეტაბოლური დარღვევების (სიმსუქნე, დისლიპიდემია), არტერიული ჰიპერტენზიის და ნიკოტინზე დამოკიდებულების მატება ახალგაზრდა პოპულაციაში. ასევე თანამედროვე ურბანული ცხოვრების წესი, მუდმივი ფსიქო-ემოციური სტრესი და ფიზიკური აქტივობის დეფიციტი ხელს უწყობს ათეროსკლეროზული პროცესების ნაადრევ დაწყებას. ახალგაზრდა ასაკში განვითარებული მწვავე კორონარული სინდრომი ხშირად აგრესიული მიმდინარეობით ხასიათდება, რადგან ასეთ პაციენტებს ჯერ კიდევ არ აქვთ კოლატერალური სისხლის მიმოქცევა. სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ ადრეული სკრინინგი და რისკების დროული მართვა არის ერთადერთი მექანიზმი ამ ნეგატიური ეპიდემიოლოგიური სურათის შესაცვლელად.ჩვენი მიზანია დაავადების პრევენცია მანამ, სანამ ის კრიტიკულ ფაზაში გადავა.
რა სიმპტომები ახასიათებს დაავადება და რომელია ის საყურადღებო ჩივილი, რომლის დროსაც აუცილებელია ექიმთან კონსულტაციას?
მწვავე კორონარული სინდრომის სიმპტომატიკა მრავალფეროვანია. მათი დროული იდენტიფიცირება გადამწყვეტია მიოკარდიუმის დაზიანების ხარისხის შესამცირებლად. სიმპტომატიკა ძირითადად განპირობებულია მიოკარდიუმის იშემიით ანუ ჟანგბადზე მოთხოვნასა და მის მიწოდებას შორის დისბალანსით.
თუმცა არსებობს კლასიკური ნიშნები, რომელთა ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ესენია:
აუცილებელია ექიმს მიმართოთ დაუყოვნებლივ, თუ გულ-მკერდის არეში დისკომფორტი გრძელდება 15-20 წთ-ზე მეტ ხანს და არ იხსნება მოსვენებულ მდგომარეობაში; ტკივილი ხდება აუტანელი და მასთან ახლავს სიკვდილის შიში. თუ ფიზიკური აქტივობისას ჩნდება მოჭერითი ხასიათის ტკივილი, რომელიც გაჩერებისთანავე გადის ეს სტენოკარდიის ნიშანია, რაც მწვავე ინფარქტის წინაპირობა შეიძლება გახდეს.
ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ნუ მოხდება სიმპტომების თვითნებური ინტერპრეტაცია. „ნიუ ჰოსპიტალსში“ დანერგილი დიაგნოსტიკური პროტოკოლები საშუალებას გვაძლევს უმოკლეს დროში მოვახდინოთ რისკების დიფერენციაცია და დავიწყოთ ადეკვატური მკურნალობა.
რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები ყველაზე ხშირად გულის შეტევის დროს?
მწვავე კორონარული სინდრომის მართვისას პრეჰოსპიტალური პერიოდი კრიტიკულია. პაციენტებისა და მათი გარემოცვის მხრიდან დაშვებული შეცდომები ხშირად განაპირობებს მიოკარდიუმის დაზიანების ფართობის გაზრდას და აისახება ასევე შემდგომ მდგომარეობაზე.
პაციენტები ხშირად აყოვნებენ სამედიცინო დახმარების გამოძახებას იმ იმედით, რომ დისკომფორტი სპონტანურად გაივლის. კორონარული ოკლუზიის დროს ყოველი დაკარგული წუთი კუნთოვანი ქსოვილის შეუქცევად ნეკროზს იწვევს. ხშირად ხდება ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება, რაც ნიღბავს კლინიკურ სურათს და აფერხებს დროულ დიაგნოსტიკას. იშემიის დროს მიოკარდიუმს აქვს ჟანგბადის მწვავე დეფიციტი. ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა ზრდის გულის მუშაობის მოთხოვნილებას, რაც ამძიმებს იშემიურ პროცესს.
ჩვენი მთავარი რეკომენდაცია გულის შეტევაზე ეჭვის შემთხვევაში სასწრაფო დახმარების დაუყოვნებლივი გამოძახებაა. ბრიგადის მოსვლამდე პაციენტი უნდა იყოს ნახევრადმჯდომარე მდგომარეობაში, მაქსიმალურად შეზღუდული მოძრაობით. აუცილებელია სუფთა ჰაერი და სასუნთქი გზების განტვირთვა.
როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?
მწვავე კორონარული სინდრომის დიაგნოსტიკა არის მრავალსაფეხურიანი, თუმცა მაღალტექნოლოგიური პროცესია. ჩვენ ვიწყებთ პაციენტის კლინიკური შეფასებით, ელექტროკარდიოგრამით, ექოკარდიოგრაფიით და სისხლში სპეციფიკური ფერმენტების (ტროპონინის) განსაზღვრით. ამავდროულად, არსებობს მეთოდი, რომელსაც თანამედროვე მედიცინა ოქროს სტანდარტად მიიჩნევს. ეს არის ინვაზიური კორონაროგრაფია.
კორონაროგრაფია არის რენტგენო-კონტრასტული კვლევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რეალურ დროში, მონიტორზე დავინახოთ გულის მკვებავი სისხლძარღვების ანატომია. არაინვაზიური კვლევებისგან განსხვავებით, ის გვაწვდის პასუხებს კითხვებზე - სად არის შევიწროება ან რამდენად კრიტიკულია ის, როგორია სისხლის ნაკადის სიჩქარე და ა.შ.
აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ კორონაროგარფია მხოლოდ დიაგნოსტიკა არ არის. თუ კვლევის პროცესში აღმოვაჩენთ კრიტიკულ შევიწროებას ან სრულ დახშობას გადავდივართ სამკურნალო ეტაპზე, რაც გულისხმობს ანგიოპლასტიკასა და სტენტირებას. სტენტის ჩადგმით ჩვენ მომენტალურად აღვადგენთ სისხლის მიმოქცევას, რაც ნიშნავს ,რომ გულის კუნთის დაზიანება წყდება. სწორედ ეს ოპტიმალურობა და სიზუსტე ხდის კორონაროგარფიას შეუცვლელ ინსტრუმენტად მწვავე კორონარული სინდრომის მართვაში.
როგორ ხდება მწვავე კორონარული სინდრომის მართვა „ნიუ ჰოსპიტალსში“?
მწვავე კორონარული სინდრომის მართვა „ნიუ ჰოსპიტალსში“ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების უახლეს გაიდლაინებსა და მაღალტექნოლოგიურ ინტერვენციებს ეფუძნება. ჩვენი მიდგომა კომპლექსურია.
პერკუტანული კორონარული ინტერვენცია მკურნალობის ძირითადი მეთოდია. ჩვენი კათეტერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს, ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება უმაღლესი სიზუსტით ჩავატაროთ. ვიყენებთ მხოლოდ წამლით დაფარულ სტენტებს, რომლებიც ამცირებენ სისხლძარღვთა განმეორებითი შევიწროების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროცედურების უმეტესობა ტარდება რადიალური მიდგომით ანუ სხივის არტერიიდან. ეს უკანასკნელი ბევრად უფრო კომფორტულია პაციენტისთვის, ამცირებს სისხლდენის რისკს და საშუალებას იძლევა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. პოსტ-ინტერვენციულ პერიოდში პაციენტები იმყოფებიან სპეციალიზებულ ბლოკში, სადაც სასიცოცხლო პარამეტრების უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობს. ჩვენ ვიყენებთ უახლესი თაობის ანტიაგრეგაციულ და ანტიკოაგულაციურ პრეპარატებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თრომბოზუილი გართულებების პრევენციისთვის. ასევე მნიშვნელოვანია საჭიროების შემთხვევაში მაღალკვალიფიციური კარდიოქირურგიული გუნდის მზაობა მკურნალობაში მყისიერად ჩასართავად, რაც უსაფრთხოების უმაღლესი გარანტია.
ჩვენი მთავარი უპირატესობა სისწრაფე და მულტიდისციპლინურობაა. კლინიკაში არსებული ყველა რესურსი მიმართულია იქით, რომ უმოკლეს დროში მოხდეს სისხლის მიმოქცევის სრული აღდგენა. ეს კი პაციენტის გადარჩენისა და სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების ერთადერთი გარანტიაა.
R