ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის უმცროსი ქალიშვილი, 15 წლის ლეონი, Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა. ეს მისი დებიუტია შოუბიზნესის სფეროში - აქამდე ლეონი ძირითადად არასაჯარო ცხოვრებას ეწეოდა და ოფიციალურ ფოტოსესიებში არ მონაწილეობდა.
გოგონა Vogue Italia-ს გარეკანზე გამოჩნდა. ლეონიმ მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში და დედასთან ერთად მისცა ინტერვიუ ჟურნალს.
ლეონი ამბობს, რომ ამ საჯარო წარდგენის მიუხედავად, მას არ აქვს გეგმა, რომ გახდეს მოდელი ან მსახიობი; ჯერ არ გადაუწყვეტია, რა სურს მომავალში. მის ინტერესებში შედის მუსიკა (ვოკალის გაკვეთილებს იღებს) და მოგზაურობა. ამჟამად იაპონიაში მოგზაურობაზე ოცნებობს. საშუალო სკოლას ორი წლის შემდეგ დაამთავრებს და ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებებს შეისწავლის.
ეს ფოტოსესია და ინტერვიუ შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ ლეონი მაისში 16 წლის გახდება - სწორედ ამიტომ დედამ ნება დართო ჟურნალისთვის ეპოზიორა. ამ ასაკამდე ბელუჩის და კასელის ქალიშვილებს ეკრძალებოდათ მოდის ან კინოს სფეროში გამოჩენა.








როდესაც მათი უფროსი ქალიშვილი დევა 16 წლის გახდა, სწორედ მაშინვე დაიწყო მოდისა და კინოს სამყაროს დაპყრობა: ახლა დევა რამდენიმე ბრენდის ელჩია, მოდის კვირეულების რეგულარული მონაწილე, სულ ფოტოსესიები აქვს და ამომავალი კინოვარსკვლავია. ლეონი ამაყობს თავისი დით და მას მისაბაძ მაგალითს უწოდებს: „ჩემი ხატი? ჩემი და დევა. ის ყოველთვის ჩემი კერპი იყო“.


„როდესაც ლეონი და დევა ერთად არიან და გარეთ გასვლამდე მაკიაჟს იკეთებენ, ვუყურებ, როგორ იცინიან და საუბრობენ. მიყვარს იქ დგომა და კარს ზღურბლიდან მათი ყურება. შვილებს პატივი უნდა სცე. უნდა გესმოდეს, რომ გარკვეულ მომენტში ისინი იზრდებიან და ვერ ჩაერევი ყველაფერში... ლეონი სულ მოძრაობს, სულ ენერგიულია, ცხოვრებით არის დაინტერესებული“, - დასძენს მონიკა.
„ბავშვობაში ძალიან ხმამაღლა ვლაპარაკობდი. მინდოდა, ყველას გაეგონა. მაგრამ როცა ვიღლებოდი, ვქრებოდი ან მაგიდის ქვეშ ვიმალებოდი. ახლა კი საერთოდ აღარ ვიმალები. ძალიან მსიამოვნებს არსებობა“, - ამბობს ლეონი, - „რა თქმა უნდა, ხანდახან ძლიერი ხასიათი მაქვს. როცა სიცილი შემიძლია, სულ ვიცინი“.
„მე ძალიან მგრძნობიარე ვარ, შესაძლოა, ცოტა ზედმეტადაც. მახსოვს ყველაფერი, რასაც ვგრძნობ და ასევე, რასაც ხალხი მეუბნება, კარგი იქნება ეს თუ ცუდი. ჯერ კიდევ 15 წლის ვარ, მაგრამ თავისუფლად ვგრძნობ თავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩემს გატაცებებზე ვსაუბრობ, მაგალითად, როდესაც ფესტივალზე მივდივარ და მთელ ამ ენერგიას ვგრძნობ ჩემს გარშემო. ან როდესაც ვმღერი. ახლა გაკვეთილებს ვესწრები, მაგრამ როცა პატარა ვიყავი, მთელი დღე სახლში ვატარებდი კონცერტებს.“
მონიკა ბელუჩი, 1999 წლიდან 2013 წლამდე ვენსენტ კასელზე იყო დაქორწინებული. განქორწინების შემდეგ ყოფილ მეუღლეებს კარგი ურთიერთობა აქვთ.
დაშორების შემდეგ, ვენსან კასელი ხელახლა დაქორწინდა მოდელ ტინა კუნაკიზე, რომელიც მასზე 31 წლით უმცროსია. მათ შეეძინათ ქალიშვილი, ამაზონი, მაგრამ 2023 წელს, ქორწილიდან ხუთი წლის შემდეგ, წყვილი დაშორდა, სავარაუდოდ, კუნაკის ღალატის გამო. კასელი ამჟამად ნარა ბაპტისტასთან ცხოვრობს. 2025 წელს მათ შეეძინათ ვაჟი, კაეტანო, რომელიც მსახიობის პირველი ვაჟია.
61 წლის მონიკა ბელუჩის პირადი ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი მას შემდეგ, რაც ის 2025 წელს ტიმ ბარტონს დაშორდა.

