​სიახლეები ჯარში გაწვევის შესახებ - რამდენია ფულადი ანაზღაურება, რა ელის თქვენს სამუშაო ადგილს და როგორ შეგიძლიათ გადავადება - მშობლები

​სიახლეები ჯარში გაწვევის შესახებ - რამდენია ფულადი ანაზღაურება, რა ელის თქვენს სამუშაო ადგილს და როგორ შეგიძლიათ გადავადება

2026-03-24 10:52:11+04:00

იურისტი, სამართლის ასოცირებული პროფესორი, თამარ კერძაია, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" იმ სიახლეების შესახებ საუბრობს, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ. იურისტი განმარტავს, რა შეღავათებით სარგებლობენ სტუდენტები, უნარჩუნდებათ თუ არა დასაქმებულებს სამუშაო ადგილები და რა მოხდება, თუ პირი სამედიცინო ცნობას, სამხედრო სამსახურის გადავადების მიზნით, გააყალბებს:

- პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რას გულისხმობს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. ეს არის ახალგაზრდების მომზადება-გადამზადების პროცესი, რომლის დროსაც ისინი სამშობლოს წინაშე პირველ სამხედრო ვალდებულებას იხდიან. ამ ყველაფრის საბოლოო მიზანია, ქვეყანას ჰყავდეს მომზადებული რეზერვი. სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ ახალგაზრდები ირიცხებიან რეზერვში და, საჭიროების შემთხვევაში, თუმცა, იმედი მაქვს, ეს საჭიროება არ დადგება, ქვეყანას ეყოლება რეზერვი, რომელსაც გამოიძახებენ.

- რა ასაკის პირებს ეხებათ სავალდებულო სამხედრო გაწვევა და რა უნდა ვიცოდეთ ამ მიმართულებით?

- კანონით დადგენილი ასაკი 18-დან 27 წლამდეა. 18 წლის შესრულებისთანავე პირი ხდება სამხედრო ვალდებული. თუ მას არ აქვს კანონით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველი, იგი ვალდებულია 27 წლამდე გაიაროს აღნიშნული სამსახური.

​- რა პრინციპით ხდება წვევამდელთა შერჩევა, არსებობს თუ არა პრიორიტეტული სისტემა?

- წინა წელს ბევრი რამ შეიცვალა და სხვაგვარად დარეგულირდა. ადრე არსებული ხარვეზების გამო წვევამდელებს ნაკლები სურვილი ჰქონდათ, რომ ნებაყოფლობით გაევლოთ სამხედრო სამსახური. ახლა კი მიდგომა განსხვავებულია. ერთ-ერთი მთავარი სიახლე ისაა, რომ გაწვევა ხდება შემთხვევითობის პრინციპით. არსებობს ერთიანი ბაზა, საიდანაც "ლოტოტრონის" პრინციპით, ავტომატურად შეირჩევიან 18-დან 27 წლამდე ასაკის პირების გამოძახება სამხედრო სამსახურში.

- რა ვადით ხდება გაწვევა და არსებობს თუ არა სხვადასხვა ტიპის სამხედრო სამსახური?

- ამ მიმართულებითაც ბევრი რამ შეიცვალა. დღევანდელი მოცემულობით, სამი ტიპის სამხედრო სამსახური გვაქვს: 6-თვიანი, 8-თვიანი და 11-თვიანი. ეს წინა წლების პრაქტიკისგან განსხვავდება. წინა წლებში ხანგრძლივობა ბევრად აღემატებოდა იმას, რაც დღესაა დადგენილი.

- რამდენად ანაზღაურებადია სამხედრო სამსახური? ​

- სამხედრო სამსახური ანაზღაურებადია და თანხის ოდენობა დამოკიდებულია ვადაზე (6, 8 თუ 11 თვე). რაც უფრო ხანგრძლივია სამსახური, მით მაღალია ანაზღაურება. უნდა აღინიშნოს ის, რომ პირები, რომლებიც გაწვევას არ დაელოდებიან და ნებაყოფლობით დარეგისტრირდებიან, 30%-ით მეტ ანაზღაურებას მიიღებენ.

ჯამში, ასეთ შემთხვევაში, თვიური ანაზღაურება 800-დან 1700 ლარამდე მერყეობს. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი სამსახური, რომელიც მხოლოდ ხელფასის გამო უნდა ავირჩიოთ.

​- რა განაპირობებს ანაზღაურების 800-დან 1700 ლარამდე სხვაობას?

- ბევრი კრიტერიუმია. თუმცა, კარგი ისაა, რომ ნებაყოფლობითი რეგისტრაციის შემთხვევაში, წვევამდელი თავად ირჩევს სამსახურის ხანგრძლივობას და რეგიონს, სადაც სურს, რომ იმსახუროს. ამას ემატება 30%-ით მაღალი ანაზღაურებაც. მიუხედავად ფინანსური მხარისა, ეს პირველ, რიგში ქვეყნის წინაშე ვალის მოხდაა - ყველა მამაკაცის ვალდებულებაა, გარკვეული პერიოდით ემსახუროს სამშობლოს. ანაზღაურება კი ამ პროცესში დამატებითი ფინანსური მხარდაჭერაა.

- კიდევ რა შეღავათებით სარგებლობენ წვევამდელები?

- ყველა წვევამდელი, მიუხედავად იმისა, გამოძახებით მოხდა თუ ნებაყოფლობით მისი რეგისტრაცია, სარგებლობს ჯანმრთელობის დაზღვევით. გარდა ამისა, თუ პირი დასაქმებული იყო, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაცია ვალდებულია, შეუნარჩუნოს სამსახური. სამსახურის დაკარგვის რისკი მას არ გააჩნია.

ხოლო, თუ სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა, მაშინ ის ხელფასი, რაც მას ჰქონდა, თუკი უფრო მაღალია, ვიდრე წვევამდელი სამხედრო სამსახურის თვიური ანაზღაურება, ასეთ შემთხვევაში, მას ხელფასი შეუნარჩუნდება.

მაგალითად, თუ პირი სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა და ჰქონდა 1300 ლარი, ხოლო სამხედრო სამსახურში ეკუთვნის 1100, სახელმწიფო აუნაზღაურებს ამ 200-ლარიან სხვაობასაც.

სტუდენტებთან დაკავშირებით ძალიან მაგარი ამბავი უნდა ვთქვათ:

სტუდენტებს, როგორც საქართველოში, ისე უცხოური უნივერსიტეტებში, მათ შორის პროფესიულ კოლეჯებში, ისედაც აქვთ სამხედრო სამსახურის გადავადების უფლება.

თუმცა, თუ სტუდენტი მაინც გადაწყვეტს, ნებაყოფლობით გამოცხადდეს და წვევამდელთა სამხედრო სამსახური გაიაროს, ასეთ შემთხვევაში, ერთი, რომ მას სტატუსი უნარჩუნდება, მეორე, სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, დარჩენილ სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს თავდაცვის სამინისტრო. მაგალითად, თუ პირი პირველივე კურსიდან თავისი ნებით წავა, სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, როდესაც დაბრუნდება, მთელი დარჩენილი წლები შეუძლია, დაფინანსებით ისწავლოს.

ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, რამაც უკვე გამოიღო კონკრეტული შედეგი. თუ ადრე საზოგადოებაში ჯარში გაწვევის მიმართ ნეგატიური განწყობა ჭარბობდა, ბოლო წლის მონაცემებით, წვევამდელთა თითქმის ნახევარი სამხედრო სამსახურში საკუთარი ნებით, გამოძახების გარეშე გამოცხადდა.

18-დან 27 წლამდე ასაკის ახალგაზრდები გადიან სპეციალურ მომზადებას, რაც მოიცავს როგორც ფიზიკურ წვრთნას, ისე თეორიულ სწავლებას სტრატეგიისა და ტექნიკური საკითხების მიმართულებით. დღევანდელ რეალობაში, 18 წლის ბევრი ახალგაზრდა სოციალურ ქსელებსა და ტელეფონებზეა მიჯაჭვული. მე ვფიქრობ, ამ გამოწვევების ფონზე, თუნდაც რამდენიმეთვიანი მოწყვეტა სამყაროდან და ინტენსიური მომზადება-გადამზადება, სადაც სხვა ფსიქოლოგიური წიაღსვლებიც მიმდინარეობს, ფიზიკურთან ერთად, შეიძლება, ძალიან საინტერესო ცხოვრებისეული გამოცდილება იყოს.

-საინტერესოა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირი უკვე დასაქმებულია და ცხოვრებისეულ გამოცდილებას სხვა კონკრეტულ საქმესა და პროფესიაში პოულობს?

- დასაქმება არ ათავისუფლებს პირს სამხედრო ვალდებულებისგან, თუ მას გადავადების სხვა საფუძველი არ გააჩნია. თუმცა, სახელმწიფო იძლევა გარანტიას, რომ მოქალაქეს სამუშაო ადგილი აუცილებლად შეუნარჩუნდება - ეს ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს. საჯარო სამსახურში დასაქმებულებს უნარჩუნდებათ ხელფასიც, თუ ის სამხედრო ანაზღაურებაზე მაღალია.

არსებობს გამონაკლისებიც: თუ პირი სოფლად ექიმად ან პედაგოგად მუშაობს, მას შეუძლია ისარგებლოს გადავადებით, თუ თავად არ აქვს სურვილი. თუ მას სურვილი აქვს, რომ იმსახუროს, შეუძლია.

სტუდენტების შემთხვევაში, სამხედრო სავალდებულო სამსახური ისედაც გადავადებულია. ის არ არის ვალდებული, წვევამდელთა სამხედრო სამსახური გაიაროს, სანამ სტუდენტის აქტიური სტატუსი ექნება. ეს ეხება უნივერსიტეტების, კოლეჯებისა და საზღვარგარეთ მყოფ სტუდენტებს. როდესაც სწავლას დაასრულებს, თუ არ არის 27 წლის, კვლავ სამხედრო ვალდებული რჩება.

თუ სტუდენტმა 21-22 წლის ასაკში დაასრულა სწავლა და აღარ აგრძელებს მაგისტრატურას ან დოქტორანტურას, ვალდებულება, კვლავ წარმოეშობა.

თუმცა, თუ სტუდენტი სწავლის პერიოდში საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტს, სამხედრო სამსახურში წავიდეს, მას დაბრუნების შემდეგ, სწავლის სრული საფასური უფინანსდება.

როგორც ვახსენე, 6-თვიანი, 8-თვიანი და 11-თვიანი პროგრამაა. 8 კვირა "კარანტინს" ეძახიან. პირველი-ორი თვე ინტენსიური გადამზადებისა და სწავლების პროცესია. პირი ოჯახისგან იზოლირებულია.

თუ პირი თავისი ნებით გავა სამხედრო სამსახურში, მას შეუძლია, მეგობრებთან ერთადაც მოილაპარაკოს, ერთად დარეგისტრირდნენ, შეუძლიათ, თავად აირჩიონ ლოკაცია, სად უნდათ სამხედრო სამსახურის გავლა. თანაც, 30%-ით მეტ ანაზღაურებას იღებენ.

ორი თვის დასრულების შემდეგ უკვე ჩვეულებრივი რეჟიმი მოქმედებს: შაბათ-კვირას პირი თავისუფალია, ხოლო სამუშაო დღეებში გრაფიკი, დაახლოებით, დილის 8-დან საღამოს 5 საათამდე გრძელდება. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ისევე როგორც დასვენების დღეებში, პირი თავისუფალია. მას შეუძლია ბაზაზე დარჩეს, სადაც შესაბამისი რეკრეაციული ზონები, სასადილო და სპორტული დარბაზებია მოწყობილი, თუმცა სრული უფლება აქვს, ეს დრო ოჯახში გაატაროს. ​

ახლა მაქსიმალურად აქცენტი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წვრთნაზე, გადამზადებასა და ცხოვრების საინტერესო ეტაპის შექმნაზე კეთდება. ამას ემატება უამრავი ბენეფიტი. მაგალითად, პირველკურსელი სტუდენტები, რომლებიც ერთად გადაწყვეტენ მსახურებას, სწავლის საფასურის დაფინანსების გარანტიას იღებენ. ვფიქრობ, სუპერმარკეტში მუშაობას იმისთვის, რომ სწავლის ფული გადაიხადო, ბევრად სჯობს ქვეყანას ემსახურო და სრულიად განსხვავებული უნარები შეიძინო. ​

- საინტერესოა, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში, რა საფუძვლით შეუძლია პირს სამხედრო სამსახურის გადავადება და რამდენად მკაცრად კონტროლდება ეს პროცესი?

- გადავადების საფუძველი კოდექსით საკმაოდ ბევრია. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: ​

თუ პირს ჰყავს სამ წლამდე ასაკის ერთი შვილი, ან თუ ჰყავს ორი ან მეტი შვილი.

​თუ პირი არის მშობლების ერთადერთი შვილი (დედისერთა).

​ჯანმრთელობის მდგომარეობა.

- ე.წ. "ბრტყელტერფიანობა" აღარ ითვლება საფუძვლად?

- ეს ჯანმრთელობის საკითხებს განეკუთვნება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დღეს ეს თემა ბევრად უფრო მკაცრად რეგულირდება და კონტროლდება. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის გაყალბება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი იწვევს. ​

დასკვნას შესაბამისი დარგის სპეციალისტები დებენ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ როგორც სპეციალისტი, ისე თავად პირი, შეიძლება მიეცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუკი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება დოკუმენტების (მაგალითად, სამედიცინო ცნობის) გაყალბებით მოხდა.

სტუდენტებს სწავლის პერიოდში სამხედრო სამსახური უვადდებათ. ​

სოფლად დასაქმებულ ექიმებსა და პედაგოგებს უვადდებათ სამხედრო სამსახური.

თუ პირს ოჯახში ჰყავს შშმ პირი, რომელსაც ესაჭიროება მოვლა და სხვა მომვლელი არ არსებობს. თუ ოჯახში ორი ვაჟია და მშობელს მოვლა სჭირდება, გაწვევა უფროს ვაჟს ეხება, თუ უმცროსი საკუთარი ნებით არ გამოთქვამს წასვლის სურვილს.

​თუ პირის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი და ან ძმა, ამ შემთხვევაშიც ეს სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველია.

სამხედრო სამსახური სავალდებულო მხოლოდ მამაკაცებისთვისაა, რაც დისკრიმინაციად არ ითვლება, თუმცა ქალებს შეუძლიათ სამსახური ნებაყოფლობით გაიარონ.

სად უნდა აიღონ ვაჟებმა სამხედრო აღრიცხვის მოწმობა, რომლის წარდგენაც უნივერსიტეტში პირველ კურსზე რეგისტრაციისას დასჭირდებათ