"ყივანახველის შემთხვევები მომატებულია... განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს..." - რატომ იმატა ყივანახველის შემთხვევებმა და რა უნდა ვიცოდეთ ინფექციური დაავადების შესახებ - მშობლები

"ყივანახველის შემთხვევები მომატებულია... განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს..." - რატომ იმატა ყივანახველის შემთხვევებმა და რა უნდა ვიცოდეთ ინფექციური დაავადების შესახებ

2026-03-25 09:20:57+04:00

ციციშვილის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რატომ იმატა ყივანახველის შემთხვევებმა ბოლო დროს და რა უნდა ვიცოდეთ ინფექციური დაავადების შესახებ:

- ყივანახველის შემთხვევები ნამდვილად მომატებულია. 2023, 2024 წლებისა და 2025 წლის იანვრის სტატისტიკა მაქვს, რომლის თანახმადაც, თუ 2023 წელს ყივანახველის 119 დადასტურებული შემთხვევა იყო, 2024-ში 1642 შემთხვევა, 2025 წლის იანვრის თვეში კი - 42 შემთხვევა იყო. სტატისტიკა მზარდია. შემდეგი თვეების მონაცემები აღარ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ კლინიკაში მომართვიანობისას, ყივანახველის დიაგნოზით ძალიან ხშირად წვებიან.

ყივანახველა ბავშვთა ინფექციას განეკუთვნება, მაგრამ მას ასაკი არ აქვს. ნებისმიერ ასაკში შეიძლება - ახალშობილებს, მოზრდილებსა და ხანდაზმულებსაც დაემართოს, თუ მოხდილი არ აქვთ.

ყივანახველის გამომწვევი, ვირუსული დაავადებისაგან განსხვავებით, ბორდეტელა პერტუსის ბაქტერიაა, რომელიც ოჯახის წევრებზე ძალიან მარტივად გადადის. მაგრამ თუ ვიცით, რომ ადამიანს ყივანახველა აქვს და ანტიბიოტიკით მკურნალობს, 5 დღის შემდეგ, გადამდებლობა მცირდება და აღარ არის გადამდები.

ყივანახველის შემთხვევების ზრდა სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვია. ერთი, რომ ანტივაქსერობა "მოდური" გახდა და მშობლები ვაქცინაციაზე უარს ამბობენ. მიმაჩნია, რომ ნამდვილად არასწორია. ჩვენს ქვეყანაში ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.

პირველი ვაქცინაცია, რომელიც მშობიარობის შემდეგ, 2 თვის ასაკში, შემდეგ 3 და 4 თვის ასაკში კეთდება, 6-კომპონენტიან ვაქცინაში, ყივანახველა აუცილებლად შედის. ამ ვაქცინის ყივანახველის ნაწილი აცელულარულია. ეს ვაქცინა ჯერ კიდევ 1981 წელს დაამზადეს, იაპონიაში. შემდეგ უკვე ფართო მოხმარებაში გამოვიდა და ამდენი წელია, აღნიშნული ვაქცინით ხდება მოსახლეობის აცრა. მანამდე არსებული ვაქცინა ცელულარული იყო და ბევრი გვერდითი მოვლენა ჰქონდა. შემდეგ უკვე აცელულარულმა ვაქცინამ გვერდითი მოვლენები მინიმუმამდე დაიყვანა.

თუ კოვიდის პანდემიის პერიოდს გავიხსენებთ, ამ პერიოდში არანაირ სხვა ვირუსებთან შეხება აღარ გვქონდა, მხოლოდ კოვიდი მძვინვარებდა და ადამიანები ცდილობდნენ, ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონოდათ და ამ ბაქტერიასთან შეუხებლობის გამო, იმუნიტეტი დაქვეითდა.

ამ ფაქტორებმა გამოიწვია ის, რომ ყივანახველის შემთხვევები გაიზარდა. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ამიტომ, ბუსტერების გაკეთება დაიწყეს.

საქართველოში არსებული გეგმა-გრაფიკით, ბოლო ვაქცინა, რომელიც ტარდება, ეს არის ტეტანუსი-დიფთერიაა. არსებობს მესამე კომპონენტი - Tdap, სადაც ყივანახველაცაა შესული და ამ ვაქცინით 14 წლის ასაკის მოზარდებს ცრიან. მოწოდებულია, რომ მოზრდილებში ყოველ 10 წელიწადში შეგვიძლია, აღნიშნული ვაქცინით ავიცრათ, რომ ორგანიზმმა ყივანახველის იმუნიტეტი გაიხსენოს. ყივანახველა მოზრდილებში რთულად მიმდინარეობს.

  • ყივანახველა მწვავე ვირუსული ინფექციაა, ინფექციის წყაროა ავადმყოფი. იგი განსაკუთრებით გადამდებია დაავადების საწყის პერიოდში, შემდეგ - უფრო და უფრო ნაკლებად, ხოლო 4-5 კვირის შემდეგ - სრულიად აღარ. ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, უშუალო კონტაქტის დროს. ავადდება ნებისმიერი ასაკის ადამიანი, ახალშობილიც კი.

სიმპტომები და მიმდინარეობა

საინკუბაციო პერიოდი 2-14 დღეა. დაავადება მიმდინარეობს 3 სტადიად და, ჩვეულებრივ, 6-8 კვირა გრძელდება.

I. საწყისი, კატარული სტადია 1-2 კვირას გასტანს. იწყება სუბფებრილური ცხელებით, მშრალი ხველითა და სხვა კატარული მოვლენებით. ამ პერიოდში ყივანახველის დიაგნოსტირება ვერ ხერხდება.

II. სპაზმური ხველის სტადიაში (2-4 კვირა) ხველის შეტევები ძლიერდება და ხშირდება. შეტევის დროს ავადმყოფს უჭირს ჩასუნთქვა. როცა ჩასუნთქვის საშუალება მიეცემა, ჰაერი სტვენით ჩადის შეკუმშულ ყიაში, რაც წამოყივლების შთაბეჭდილებას ახდენს. ზოგჯერ შეინიშნება სუნთქვის გაჩერება - აპნოე. ამგვარი შეტევა რამდენჯერმე მეორდება, სანამ ავადმყოფი სქელ, წებოვან ნახველს არ ამოიღებს. ამ სპაზმურ ხველას და ნახველის ამოღებას თან სდევს ღებინება, ზოგჯერ - უნებლიე შარდვა და დეფეკაცია, შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვაც. ხველის დროს ავადმყოფი წამოწითლდება, შეტევის დასრულებისას კი ფითრდება. შეტევის დროს გადმოგდებული აქვს ენა, სდის ცრემლი. შეტევები უმეტესად ღამის საათებში ვითარდება. რაც უფრო ხშირია სპაზმური ხველის შეტევები, მით უფრო მძიმეა საერთო მდგომარეობა. გამოხატულია ციანოზი. ბავშვები ამჟღავნებენ მოუსვენრობას, შფოთვას. შესაძლოა, სკლერებზე გაჩნდეს სისხლჩაქცევები. შეტევებს შორის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სისხლის საერთო ანალიზი ავლენს ლეიკოციტოზს, ლიმფოციტოზს.

III. დაავადების უკუგანვითარების პერიოდი გრძელდება დაახლოებით ერთი თვე. საერთო მდგომარეობა უმჯობესდება. სპაზმური ხველის შეტევები თანდათანობით მცირდება.

გართულება

გართულებებიდან აღსანიშნავია პნევმონია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, სისხლჩაქცევა, ახალშობილებში ხშირია სუნთქვია შეჩერების ეპიზოდები (აპნოე) ჭიპისა და საზარდულის თიაქარი.

მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა ყივანახველით, ამ პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ძირითადად, ფილტვების ანთების გართულების შემთხვევაში... - ივანე ჩხაიძე
რა დაავადებაა ყივანახველა და რატომ ითვლება საშიშ ინფექციად, რის გამოც აცრების ეროვნულ კალენდარშია შეტანილი