როდემდე გაგრძელდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია, რა შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები ყველაზე ხშირად და რომელ თვეში ჩატარდება წელს გამოცდები - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პასუხობს - მშობლები

როდემდე გაგრძელდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია, რა შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები ყველაზე ხშირად და რომელ თვეში ჩატარდება წელს გამოცდები - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პასუხობს

2026-03-25 11:58:23+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ მემანიშვილი, გადაცემაში "შუადღე" ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით სიახლეების შესახებ საუბრობს.

წელს, პირველად, აბიტურიენტებს შეუძლიათ, სურვილისა და ინტერესის შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები აირჩიონ. თამარ მემანიშვილი განმარტავს, რომ პროგრამების არჩევის შემთხვევაში, აბიტურიენტი შეზღუდული არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ, როგორც საბაკალავრო, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო მიმართულების თვალსაზრისით, შეუზღუდავად აირჩიონ პროგრამები.

თამარ მემანიშვილის თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აპრილის დასაწყისში დაიწყება, იქამდე კი აბიტურიენტთა ცნობარი გამოქვეყნდება. რეგისტრაცია 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ტრადიციულად, ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისის თვეში იწყებოდა და შედეგები აგვისტოს ბოლოსკენ ქვეყნდებოდა. როგორც ის ამბობს, ამ ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის თარიღი გადავადდა, არაფერი შეიცვლება და აბიტურიენტები გამოცდებს კვლავ ივლისის თვეში ჩააბარებენ.

"პროცედურული საკითხების კუთხით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესი არ შეცვლილა. შესაბამისად, როგორც აქამდე რეგისტრირდებოდნენ აბიტურიენტები, არჩევდნენ მათთვის სასურველ საგნებს, პრინციპი წელსაც იგივეა. რეგისტრაციისთვის 1-თვიანი ვადა გვაქვს განსაზღვრული. ერთი თვის მანძილზე აბიტურიენტი ირჩევს საგნებს, პროგრამებს. პროგრამების ცვლილება შეუძლიათ, თუმცა 1-თვიანი რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ, აბიტურიენტი ახალ საგანს ვეღარ აარჩევს. პროგრამების ცვლილებას რაც შეეხება, როდესაც გამოცდები დასრულდება, აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება, ცვლილებების განხორციელება მომდევნო დღის 6 საათამდე შეუძლიათ", - ამბობს თამარ მემანიშვილი.

იგი ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებაც საუბრობს:

"აპრილის დასაწყისიდან ღია კარის დღეების ჩატარებას დავიწყებთ, სადაც ბევრ პროცედურულ საკითხთან ერთად, მათ შეუძლიათ, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით პასუხები მიიღონ.

1-თვიანი პერიოდი, რაც რეგისტრაციისთვის გვაქვს გამოყოფილი, გულისხმობს იმას, რომ აბიტურიენტს შეუძლია, რეგისტრაცია ეტაპობრივად გაიაროს. პირობითად, დღეს რამდენიმე საბაკალავრო პროგრამაზე გააკეთოს არჩევანი, ხვალ დაამატოს პროფესიული პროგრამები და ასე შემდეგ. თუმცა, მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორია ის, რომ აუცილებლად "შენახვის" ღილაკს ხელი უნდა დააჭირონ. ეს ხშირად ეშლებათ. ივლისსა და აგვისტოში, როდესაც პროგრამებს ამატებენ და არჩევენ, თუ "შენახვის" ღილაკს ხელს არ დააჭერენ, პროგრამას დამახსოვრების შესაძლებლობა არ აქვს.

იმისათვის, რომ აბიტურიენტი მიხვდეს, რომ რეგისტრაცია წარმატებით გაიარა, მის მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე ესემეს-შეტყობინება მიუვა, რაც დაადასტურებს, რომ მან რეგისტრაცია წარმატებით გაიარა.

ჩვენი მთავარი თხოვნა აბიტურიენტებისადმი არის ის, რომ აუცილებლად ძალიან ყურადღებით გაეცნონ იმ ინსტრუქციას, რომელიც ვებგვერდზე, რეგისტრაციის დაწყებამდე გამოქვეყნდება. ყველა მონაცემზე, რასაც პროგრამაში აბიტურიენტი დააფიქსირებს, თავადაა პასუხისმგებელი. პირადი ნომრის დაფიქსირება ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ამ დეტალებს აუცილებლად ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ და გულდასმითა და ყურადღებით გაეცნონ წესებსა და ინსტრუქციებს, რაც რეგისტრაციის დაწყებამდე გამოქვეყნდება."- ამბობს თამარ მემანიშვილი.

2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება - ინფორმაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან
​სიახლეები ჯარში გაწვევის შესახებ - რამდენია ფულადი ანაზღაურება, რა ელის თქვენს სამუშაო ადგილს და როგორ შეგიძლიათ გადავადება