პოლიტიკოსის, “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ტყუპი 12 წლის გახდა. ბიჭების დაბადების დღე სწორედ იმ დღეს დაემთხვა, როცა მათ დედას განაჩენი გამოუტანეს და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. სოციალურ ქსელში ქვეყნდება ტყუპის ფოტო და ტორტი წარწერით "დედასგან".

როგორც ცნობილია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო.არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.
ელენე 4 შვილის დედაა. პირველად საკმაოდ ადრე, 20 წლის ასაკში დაქორწინდა. პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი, გიორგი გაფრინდაშვილი ჰყავს, რომელიც 24 წლისაა.

ხოლო არქიტექტორ ირაკლი ბერიძეზე დაქორწინების შემდეგ კიდევ სამი შვილი შეეძინა - გოგონა და ტყუპი ვაჟი.

„დაოჯახებამდე დიდხანს მქონდა ურთიერთობა ჩემს პირველ ქმართან. 13-14 წლიდან ვიცნობდი. მერე მე მოსკოვში ვცხოვრობდი, ის – ლონდონში. რომ ჩამოვიდა, ცოლად გავყევი“, – იხსენებს პოლიტიკოსი, რომლის პირველი ქორწინება 5 წლის განმავლობაში გაგრძელდა.
2011 წელს ელენე ხოშტარია მეორედ დაქორწინდა. ერთ წელიწადში მეორე შვილი ეყოლა, კიდევ 2 წელიწადში კი ტყუპი.
„არასოდეს არ მქონია ის დილემა, რომ, აი, ახლა თუ ბავშვს გავაჩენ, საქმეს ვერ გავაკთებ ან ბევრ საქმეს თუ გავაკეთებ, ბავშვს ვერ გავაჩენ. მაგალითად, მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, ნახევარ საათში მივეცი ინტერვიუ. პარასკევს რომ გავაჩინე, ორშაბათს სამსახურში ვიყავი. რა თქმა უნდა, დროის ფაქტორი არსებობს, თუ რამდენ დროს უთმობ შვილს, მაგრამ დროშიც ხარისხს უფრო აქვს მნიშვნელობა. თუ ხარ ბავშვთან ერთი საათი დღეში და იმ ერთ საათს ბოლომდე უთმობ, ეს ძალიან ბევრი რაღაცის კომპენსირებას ახდენს. დაკავებული დედის ან შემდგარი დედის სახე ბავშვისთვის ბევრად უფრო მეტის მომცემია“, - ამბობს ელენე ხოშტარია ერთ-ერთ ინტერვიუში.