თავის ტვინის მრტ კვლევა - პრევენცია, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია - მშობლები

თავის ტვინის მრტ კვლევა - პრევენცია, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია

2026-03-25 14:27:24+04:00

დროული დიაგნოსტიკა და საპროფილაქტიკო კვლევები თანამედროვე მედიცინის უმთავრესი პრიორიტეტია. ხშირად დაავადება არ ვლინდება კლინიკურად, სანამ მდგომარეობა კრიტიკული არ გახდება, ამიტომ პრევენციული კვლევის ჩატარება ჯანმრთელობის შენარჩუნების საუკეთესო გზაა.

განსაკუთრებით რთული დაავადებების პრევენციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაა. „ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგი მაია გაგუა აღნიშნავს, რომ სასურველია, ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონდეს ჩატარებული მრტ კვლევა, თუნდაც თავის ტვინის ანევრიზმის გამოსარიცხად ან ნებისმიერი პათოლოგიის საწყის ეტაპზე დიაგნოსტირებისა და მკურნალობის დროულად დაწყებისთვის.

- ქალბატონო მაია, რა არის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და რა უპირატესობა აქვს მას სხვა დიაგნოსტიკურ მეთოდებთან შედარებით?

- თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ/MRI) ნეირორადიოლოგიაში ყველაზე ინფორმაციული და ზუსტი კვლევაა, რომელსაც შეუძლია თავის ტვინის როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი პათოლოგიების გამოვლენა. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც უპირატესობა კომპიუტერულ ტომოგრაფიას (კტ) ენიჭება, თავის ტვინის ტრავმული დაზიანებაა, რადგან კტ-ის საშუალებით უკეთ ფასდება როგორც ტვინის ნივთიერება, ისე ძვლოვანი სტრუქტურები. მრტ-ის უმთავრესი უპირატესობა კი ის არის, რომ მას არ აქვს რენტგენული გამოსხივება. კვლევის პრინციპი დაფუძნებულია მაგნიტურ ველზე, რომელიც ადამიანისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა.

- შესაძლებელია თუ არა კვლევის საკუთარი სურვილით, პროფილაქტიკის მიზნით ჩატარება რომელიმე დაავადების გამოსარიცხად?

- დიახ, სკრინინგის მიზნით მრტ ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად ითვლება. პირიქით, პროფილაქტიკა არათუ შესაძლებელი, არამედ საჭიროცაა. სასურველია, ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონდეს ჩატარებული მრტ კვლევა, თუნდაც თავის ტვინის ანევრიზმის გამოსარიცხად ან ნებისმიერი პათოლოგიის საწყის ეტაპზე დიაგნოსტირებისა და მკურნალობის დროულად დაწყებისთვის.

- თქვენი გამოცდილებით, რამდენად ხშირად მიმართავენ პაციენტები ამ კვლევას პრევენციული მიზნით?

- სამწუხაროდ, საქართველოში პრევენციული მიზნით ამ კვლევის ჩატარება იშვიათია. ეს, ალბათ, დაკავშირებულია შიშთან „რამე არ აღმომაჩნდეს“, დახურული სივრცის ფობიასთან ან მითთან, თითქოს აპარატს დასხივება აქვს. მრტ-ს დასხივება არ აქვს, აქ მხოლოდ მაგნიტური ველია. რენტგენული დასხივება კტ კვლევის დროს გვხვდება, თუმცა იქაც დოზა მკაცრად კონტროლდება და წელიწადში რამდენიმე კვლევაც კი საშიში არ არის. რაც შეეხება კლაუსტროფობიას, აპარატის გვირაბის დიამეტრი საკმაოდ დიდია, ბოლოები ღიაა და ჩვენ პაციენტთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში შეგვიძლია კვლევის შეწყვეტა. პაციენტის სურვილით, მასთან ერთად ახლობლის ყოფნაც შესაძლებელია. გარდა იმისა, რომ უსაფრთხოა, პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა.

- რომელი სიმპტომების გამოვლენისას არის რეკომენდებული თავის ტვინის მრტ კვლევა?

- ყველაზე გავრცელებული სიმპტომი თავის ტკივილია, თუმცა ყველა ტიპის ტკივილის დროს მრტ საჭირო არ არის. კვლევა აუცილებელია, თუ პაციენტს აწუხებს ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს ღებინება. ასევე, იმ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ სისუსტე კიდურებში, მეტყველების გაძნელება, მხედველობის ან სმენის დაქვეითება, ყურებში შუილი, აუცილებლად უნდა მიმართონ ნევროლოგს. სწორედ ნევროლოგი წყვეტს, კონკრეტულად რა ტიპის კვლევაა საჭირო.

- რა განსხვავებაა კონტრასტულ და უკონტრასტო მრტ კვლევას შორის და როდის არის აუცილებელი კონტრასტის გამოყენება?

- კონტრასტი არის ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში ინტრავენურად შეგვყავს. ის გვეხმარება სხვადასხვა პათოლოგიის დიფერენცირებაში და განსაკუთრებით ხშირად ონკოლოგიაში გამოიყენება. რუტინულ კვლევებში კონტრასტი ძირითადად არ სჭირდებათ. მის გამოყენებას რადიოლოგი წყვეტს კვლევის პროცესში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სწორი დიაგნოზისთვის აუცილებელია. მრტ კონტრასტი საშიში არ არის, რადგან მას პრაქტიკულად არ აქვს უკუჩვენებები.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ პრევენციული კვლევით თავის ტვინის ანევრიზმის აღმოჩენაა შესაძლებელი. რა არის ანევრიზმა და რატომ არის მისი დროული აღმოჩენა ასეთი მნიშვნელოვანი?

- ანევრიზმა სისხლძარღვოვანი პათოლოგიაა, რომლის დროსაც სისხლძარღვის კედელი ძალიან გათხელებულია. ის ნებისმიერ დროს შეიძლება გასკდეს და თავის ტვინში ან მის გარსებში სისხლჩაქცევა გამოიწვიოს. ეს არის „ბომბი თავის ტვინში“. მისი ვერაგობა ისაა, რომ გასკდომამდე, თუ ძალიან დიდი არ არის, კლინიკურად არ ვლინდება და უსიმპტომოა. სწორედ ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მისი დროული აღმოჩენა.

- მრტ კვლევა სრული სიზუსტით ადგენს ანევრიზმის არსებობას?

- დიახ, ამის დადგენა მრტ-ანგიოგრაფიით არის შესაძლებელი. ეს არის უკონტრასტო კვლევა, რომელიც 95%-იანი სიზუსტით ავლენს ანევრიზმას. მრტ-ანგიოგრაფია არაინვაზიური მეთოდია, რაც მისი დიდი უპირატესობაა. „ნიუ ჰოსპიტალსში“ ამ კვლევის ჩატარებით პაციენტს შეუძლია იყოს მშვიდად. თუ ანევრიზმა მაინც დადასტურდა, დღეს საქართველოში მისი დახურვა წარმატებით ხდება როგორც ღია, ისე დახურული (ენდოვასკულური) წესით.

- მრტ კვლევის ჩატარება ყველას შეუძლია? ხომ არ არსებობს კონკრეტული შეზღუდვები?

- მრტ იმდენად უსაფრთხოა, რომ ის ორსულებსა და ჩვილებშიც გამოიყენება. ადრე შეზღუდვად ითვლებოდა გულის პეისმეიკერი, თუმცა დღეს მისი გადაყვანა მრტ-რეჟიმზე და კვლევის უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელია. ასევე აღარ წარმოადგენს პრობლემას თანამედროვე სამედიცინო იმპლანტები, რადგან ისინი მაგნიტთავსებადი რბილი მეტალებისგან მზადდება და მაგნიტურ ველში არ მაგნიტდება.

- როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი კვლევისთვის და რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა?

- სპეციალური მომზადება ან კვების შეზღუდვა საჭირო არ არის. ძლიერი მაგნიტური ველის გამო, სასურველია პაციენტს არ ეცვას მეტალის შემცველი ტანსაცმელი. სტანდარტული კვლევა 15-20 წუთი გრძელდება. პაციენტს კომფორტისთვის ყურსასმენებში მისთვის სასურველ მუსიკას ვურთავთ, რათა აპარატის ხმაურმა არ შეაწუხოს და დრო სწრაფად გავიდეს.

R