წიგნები, რომელთა შეძენასაც „პალიტრა L-ის“ საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში თქვენთვის სამართლიან ფასად შეიძენთ #ერთადპატარებისთვის - მშობლები

წიგნები, რომელთა შეძენასაც „პალიტრა L-ის“ საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში თქვენთვის სამართლიან ფასად შეიძენთ #ერთადპატარებისთვის

2026-03-25 17:29:14+04:00

„პალიტრა L-ის“ აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა“ ახალი მიზნითა და ახალი წიგნებით ხვალ იწყება. პროექტის ფარგლებში ამჯერად საქველმოქმედო ფონდ „სიცილით თერაპიის“ დახმარებაა დაგეგმილი.

"სიცილით თერაპია" დღეს აღიარებული სამეცნიერო მიმართულებაა, რომლის ფუძემდებელიც პეჩ ადამსია. სიცილით თერაპია პაციენტს მკურნალობის რთულ და ხანგრძლივ ეტაპზე ეხმარება ღიმილითა და სიცილით სტრესისა და შიშის დაძლევაში, ენდორფინების გამოყოფის სტიმულირებით პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში.

ბევრმა არ იცის, რომ საქართველოშიც არსებობს „სიცილით თერაპიის“ მეთოდი. ამ ჰუმანურ მისიას სათავეში ჩაუდგა საქველმოქმედო ფონდი „სიცილით თერაპია“, რომელიც 2022 წელს ოთხმა მეგობარმა და თანამოაზრემ: ნათელა ფოცხვერიამ, ანდრო ჭიჭინაძემ, ვადიმ ლარჩენკომ და ნინო ბოლქვაძემ დააფუძნეს. მათ სჯეროდათ, რომ ქართველი ბავშვებიც იმსახურებდნენ იმ ჯადოსნურ სამყაროს, რომელსაც ექიმი-ჯამბაზები ქმნიან. 2024 წელს კი თავად ლეგენდარული პეჩ ადამსი საქართველოში ჩამოვიდა, ფონდის დამფუძნებლებს შეხვდა და პირადად ჩაუტარა ტრენინგი ექიმებს. სამედიცინო ჯამბაზები მთელი საქართველოს მასშტაბით სტუმრობენ ონკოლოგიურ ცენტრებსა და სხვადასხვა დაწესებულებას, რათა გაახალისონ პატარა პაციენტები, მათი მშობლები და ხანდაზმულებული, რასაც მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა აქვს მკურნალობის პროცესზე.

„პალიტრა L-ის“ საქველმოქმედო პროექტის „გადაიხადე რამდენიც გინდა“ ფარგლებში სწორედ ამ ფონდს დაეხმარება. უკვე ტრადიციად ქცეული აქციის ფარგლებში ამჯერად საზოგადოებას 3 წიგნის შეძენა შეეძლება. ესენია: ტეილორ ჯენკინს რეიდის „დეიზი ჯოუნსი და ექვსეული“, ჰოლი სმეილის „გიკი გოგო - ყველაზე ფოტოგენური“ და „დისნეის“ საბავშვო გამოცემა „მეგობარი ცხოველები“.

ტეილორ ჯენკინს რეიდის რომანი „დეიზი ჯოუნსი და ექვსეული“ არის 70-იანი წლების როკ-ენ-როლის ეპოქის ცოცხალი და დინამიკური რეკონსტრუქცია, რომელიც ინტერვიუების ფორმატით მოგვითხრობს ერთი გამოგონილი ჯგუფის აღზევებისა და მოულოდნელი დაშლის შესახებ. სიუჟეტის ცენტრშია ორი ქარიზმატული და წინააღმდეგობრივი ხელოვანის, თავისუფლებისმოყვარე დეიზი ჯოუნსისა და პასუხისმგებლობებით აღსავსე ბილი დანის ისტორია. როკჯგუფი "დეიზი ჯოუნსი და ექვსეული" ნამდვილი ლეგენდა გახდა, მისი სოლისტი კი, დეიზი, თავისი დროის კერპი. თითქმის ყველა გოგონა ოცნებობს იყოს ისეთივე მომხიბლავი და ნიჭიერი, როგორიც დეიზი ჯოუნსია... მაგრამ პოპულარობის ზენიტში, 1979 წელს, ჯგუფის ერთიანობას ბზარი შეეპარა, პირდაპირ მათ ბოლო, ივლისის კონცერტზე. თვით ათწლეულის შემდეგაც არ არის ცნობილი განხეთქილების მიზეზი, მაგრამ "დეიზი ჯოუნსი და ექვსეული" მთელ მსოფლიოს ახსოვს. მათი ურთიერთობა ვნების, სკანდალებისა და როკ-ენ-როლის ისტორიაა, გამოცანა, სავსე სიყვარულით, ეჭვიანობით, ფიზიკური თუ სულიერი ტკივილითა და მშვენიერი მუსიკით, რომელმაც მილიონების გული დაიპყრო.

ჰოლი სმეილის „გიკი გოგო“ მსოფლიო ბესტსელერების სერიაა. „ყველაზე ფოტოგენური“ კი მისი მეორე ნაწილია. რომანში გადმოცემულია თანამედროვე, მსუბუქი, იუმორით სავსე და ძალიან გულწრფელი ამბები ზრდასრულობის ასაკში შესვლის პერიოდიდან. ამ ნაწილში მთავარი გმირი, 15 წლის ჰარიეტ მანერსი, რომელიც საკუთარ თავს „გიკად“ მიიჩნევს და უამრავი უცნაური ფაქტი იცის სამოდელო კარიერას აგრძელებს. ის მიემგზავრება იაპონიაში, სადაც მისი ცხოვრება კიდევ უფრო ქაოსური და სასაცილო ხდება. წიგნის მთავარი ხიბლი იმაშია, რომ ჰარიეტი არ არის სტანდარტული მოდელი. ის მოუხერხებელია, ცოტა უცნაური და მუდმივად უხერხულ სიტუაციებში ვარდება. ავტორი გვაჩვენებს, რომ შეგიძლია იყო მოდური სამყაროს ნაწილი და მაინც დარჩე „გიკად“. „ყველაზე ფოტოგენური“ გვასწავლის, რომ ყველაზე ლამაზი მაშინ ხარ, როცა საკუთარი თავი გიყვარს და არ ცდილობ სხვას დაემსგავსო. ჰარიეტი ხვდება, რომ ობიექტივის წინ ყოფნა მხოლოდ გარეგნობა არ არის, არამედ ეს საკუთარი ხასიათის ჩვენებაა.

„მეგობარი ცხოველები“ 3-6 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი გამოცემაა, რომელიც ზღაპარსა და აქტივობებს აერთიანებს. პატარებს ის ძალიან მოსწონთ, რადგან ჯერ „ბემბის“ ისტორიას ეცნობიან და შემდეგ კი სხვადასხვა სახალისო აქტივობის შესრულება შეუძლიათ, წიგნში დაგხვდებათ ფუმფულა სტიკერებიც.

აქვე შეგახსენებთ, აქციის „გადაიხადე რამდენიც გინდა“ პირობებსაც. წიგნები შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებელს შეძენისას შეუძლია გადაიხადოს მისთვის სამართლიანი თანხა. 10 ლარამდე გადახდილი თანხის 10% მოხმარდება ქველმოქმედებას. 10 ლარზე მეტი გადახდილი თანხა კი სრულად (100%) გადაერიცხება „სიცილით თერაპიის“ ფონდში.

აქცია წიგნების მარაგის ამოწურვამდე გაგრძელდება!

R