რატომ არის სახლის კონსერვი მომაკვდინებელი? - ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ბოტულიზმის ფარულ ნიშნებსა და პრევენციაზე
“ნუ ენდობით სახლის კონსერვის ნორმალურ გემოს - 15-წუთიანი დუღილიც კი არ არის უსაფრთხოების გარანტია“ - გიამბობთ ბოტულიზმის რისკებსა და შეცდომებზე, რომლებიც ფატალურად სრულდება
ბოტულიზმი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ბუნებაში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ტოქსინს გამოიმუშავებს. სამწუხაროდ, საქართველოში ყოველწლიურად ფიქსირდება შემთხვევები, რომლებიც ხშირად ფატალურად სრულდება. ყველაზე დიდი საფრთხე კი ის არის, რომ დაინფიცირებული პროდუქტი ვიზუალურად, სუნითა თუ გემოთი არაფრით განსხვავდება ჯანსაღისგან.
ახალგაზრდა ქალი, თამუნა გოდერძიშვილი გუშინ, 24 მარტს დაკრძალეს რუსთავში. ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ, სახლში კონსერვირებული წიწაკის მიღების შედეგად გარდაიცვალა. მასთან ერთად მოიწამლა მისი შვილი და მეუღლე, გიორგი საჩეჩელაშვილი. საბედნიეროდ მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებათ.
რატომ არის სახლის პირობებში მომზადებული ბოსტნეულის კონსერვი განსაკუთრებით სარისკო, რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ და რამდენად გვიცავს პროდუქტის წამოდუღება?
ამ და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე Mmkurnali.ge-ს მკითხველსინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავაპასუხობს. ექიმი დეტალურად განმარტავს იმ ფაქტორებს, რომლებიც დაავადების სიმძიმესა და გამოსავალს განსაზღვრავს
- ბატონო ალექსანდრე, რუსთავში მომხდარმა ტრაგედიამ, საზოგადოება კიდევ ერთხელ შეაშინა. სამედიცინო თვალსაზრისით რამ შეიძლება განაპირობოს ის, რომ ერთი და იმავე საკვების მიღებისას ერთი ადამიანი იღუპება, სხვები კი მსუბუქი მოწამვლით გადარჩებიან?
- ზოგადად აღვნიშნავ, რომ ბოტულიზმი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე ინფექციური დაავადებაა და ერთ-ერთ ყველაზე უფრო საშიშ ტოქსინს გამოიმუშავებს, რომელიც, გარკვეულ შემთხვევებში იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს არის ტოქსინის რაოდენობა. იმიტომ, რომ, სავარაუდოდ, სხვადასხვა დოზის ულუფები მიიღეს ამ პაციენტებმა და, შესაბამისად, ვისთანაც მეტი ტოქსინი მოხვდა, იმასთან კლინიკური სურათი უფრო სწრაფად განვითარდა და, შესაბამისად, დადგა სამწუხარო შედეგი.
გარდა ამ ფაქტორისა, რა თქმა უნდა, სხვა მიზეზებზეც არის ეს დამოკიდებული:იმუნურ სტატუსზე, ადამიანის ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ასე შემდეგ. ამიტომ, მთავარი განმაპირობებელი არის ტოქსინის დოზა - რაც უფრო დიდი რაოდენობის ტოქსინი მოხვდება ჩვენს ორგანიზმში, ეს პირდაპირ კორელაციაშია მძიმე კლინიკურ სურათთან და დაავადების სწრაფ პროგრესირებასთან. ზუსტად ამის თქმა, კონკრეტულ შემთხვევაში რამ განაპირობა სხვადასხვა ტიპის მიმდინარეობა, რთულია, თუმცა ყველაზე უფრო მეტად სავარაუდოა, რომ, ტოქსინის უფრო მეტი რაოდენობა მოხვდა ერთ ადამიანთან, ვიდრე სხვებთან.
ასევე შეიძლება იყოს დროის ფაქტორიც:მოხდა თუ არა, ერთდროულად მიღება დაინფიცირებული საკვების. ვინც უფრო ადრე მიიღო, მასთან უფრო სწრაფად მოხდებოდა კლინიკური სურათის გამოვლინება. სხვა პაციენტებთან უფრო მეტი დრო გაქვს ექიმს, რომ გაატარო გარკვეული ღონისძიებები, რომლებიც პრევენციას მოახდენს.
- გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი კონსერვირებული წიწაკა გახდა. რატომ ითვლება ბოსტნეულის კონსერვი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროდუქტად ბოტულიზმის თვალსაზრისით?
- საუბარია კონსერვირებულ პროდუქტზე, რომელიც სახლის პირობებში, კუსტარულად არის დამზადებული. იმიტომ, რომ კონსერვირებული პროდუქტი, რომელიც, დამზადებულია ქარხნული წესით, არ წარმოადგენს საშიშროებას. ზოგადად ბოტულიზმი გარემოში გვხვდება ბაქტერიის სპორების სახით, ნიადაგზე, ბალახზე და სხვადასხვა მცენარეებზე. ბოსტნეული როგორიც არის: პომიდორი, კიტრი, ბაღჩეული, მწვანე წიწაკა, დანდური, ამ პროდუქტების მირთმევისას შეიძლება მას შეჰყვეს ბოტულიზმის სპორები. სახლის პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ უზრუნველვყოთ ისეთ დამუშავებას, რომ სპორები განადგურდნენ, იმიტომ, რომ ისინი საკმაოდ გამძლეები არიან გარემო პირობების მიმართ და, მათ შორის, 120 გრადუს ტემპერატურასაც კი უძლებენ რამდენიმე წუთის განმავლობაში. განაგრძეთ კითხვა