როგორ აღმოჩნდა საპატრიარქოს რეზიდენციაში მუსლიმი ბიჭი ამინი და როგორ იშვილა ის პატრიარქმა - "გულში ჩამიკრა და ატირდა, ღმერთმა ჩემი ლოცვა შეისმინაო" - მშობლები

როგორ აღმოჩნდა საპატრიარქოს რეზიდენციაში მუსლიმი ბიჭი ამინი და როგორ იშვილა ის პატრიარქმა - "გულში ჩამიკრა და ატირდა, ღმერთმა ჩემი ლოცვა შეისმინაო"

2026-03-26 11:47:18+04:00
ტვ პირველის კვირის ეთერში თეა ადეიშვილს სტუმრად ჰყავდა პატრიარქის შვილობილი, რომელიც პანაშვიდის დღეებში ხშირად ჩანდა კადრში - მუსლიმი ბიჭი ინგუშეთიდან ამინ შადიჟევი.
თეა ადეიშვილი:
- ყველამ ვიცით, რომ პატრიარქი მთის შვილი იყო იქაური ადათწესების პატივისმცემელი და მატარებელი, დიდი და ტოლერანტული ოჯახის წარმომადგენელი. მისი მამა გიორგი შიოლაშვილი ერთხელ თურმე დაღესტანში ყაჩაღებს გაუტაცნიათ. უეჭველი სიკვდილისგან კი ინგუშმა მეგობარმა შადიჟევის გვარის კაცმა იხსნა. ყაჩაღებს ტყვე გამოსტაცა და სიცოცხლე აჩუქა პატრიარქ ილიას მამას. შიოლაშვილები და შაჟივები ამის შემდეგ დამეგობრებულან, მაგრამ მერე კონტაქტი გაწყდა... როგორ აღმოჩნდა საპატრიარქოს რეზიდენციაში მუსლიმი ბიჭი სახელად ამინი, როგორ იშვილა ის პატრიარქმა?
ამინ შადიჟევი:
- აქამდე როცა პატრიარქზე ვსაუბრობდი მშვიდად ვიხსენებდი მას. ახლა კი ძალიან მიჭირს ვთქვა სიტყვები, უფალმა გაანათლოს მისი სული. ამის წარმოთქმაც კი ძალიან რთულია, მაგრამ ყველაფერი ღმერთის ნებაა. კი, ყველანი მოკვდავები ვართ, მაგრამ ძალიან რთულია დაკარგო ასეთი დიდი ადამიანი.
პატრიარქი პირველად 2013 წელს ვნახე. ხაჯის პერიოდი იყო, მექადან მოვდიოდი, საქართველოს გავლით დავბრუნდი ინგუშეთში. ჩვენთან ასეთი წესია, როდესაც მექას მოილოცებ, ნათესავები სანახავად მოდიან. მათთან საქართველო ვახსენე, იცოდნენ ისტორია, როგორ გამოატანა საქართველოს პატრიარქმა ჩვენს პრეზიდენტს რუსლან აუშევს წერილი ჩვენი გვარისთვის. ჩვენი პრეზიდენტი ნაუშევი ნამყოფი იყო საქართველოში პატრიარქის მოწვევით. ჩემმა ნათესავებმა მითხრეს, თუ ისევ მოვხვდებოდი საქართველოში, მისი წერილის ასლი გადამეცა პატრიარქისთვის, რომ აი ჩვენ აქ ვართ, ვარსებობთ და არ დავიკარგოთ.
ჩამოვედი, ვიკითხე სად არის პატრიარქის რეზიდენცია. მივედი ჭიშკართან დაცვას ვკითხე აქ ცხოვრობს პატრიარქი? დაუძახეთ თუ შეიძლება... ჩვენთან ინგუშეთში ეს არ არის უცნაური წესი, როცა ადამიანთან, თუნდაც სასულიერო პირთან მიდიხარ და მასთან შეხვედრა გინდა. მაშინ საერთოდ არაფერი ვიცოდი, მაჩვეულებრივი მღვდელი მეგონა. დაცვამ მკითხა, ვინ ვიყავი. ავუხსენი, რომ ინგუშეთიდან ვარ მრწამსით მუსლიმი ამინ შადიჟევი. ვუთხარი, ბიჭებო, აი, ეს წერილი მას აქვს გამოგზავნილი ჩვენი ოჯახისთვის. არ ინერვიულოთ, მე 100 წელი აქ აღარ მოვალ, მაგრამ ამ წერილს დაგიტოვებთ. აქაა ჩემი მონაცემები და გადაეცით.
ერთი კვირის შემდეგ რეკავს ტელეფონი. კარგად მახსოვს, პარასკევი იყო. გამარჯობა ამინ მადიჟიევი ხართ მეუბნება მე ვარ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე. თქვენ იყავით ჩვენთან მოსული მე ვიზიტით თურქეთში ვიყავი და ბოდიში, რომ ვერ შეგხვდით... ხმაზე ვიგრძენი, რომ არამიწერ ადამიანს ვეკონტაქტებოდი. ჩემს დასთან ერთად ვიყავი, ერთად გვესმოდა მისი საუბარი. დეტალურად გამოიკითხა ჩემი ოჯახის ამბები, რამდენი წლის არიან ჩემი მშობლები, რამდენი ვართ სახლში, ვინ რას ვაკეთებთ? უკვე ვიგრძენი, რომ მშობლიური კაცი იყო, თითქოს დიდი ხნის წინ ოჯახიდან წასული ნათესავი. დეტალურად მეკითხებოდა ყველაფერს, თან რამდენჯერმე მოიხადა ბოდიში, რომ არ შემიშვეს რეზიდენციაში. ხმით მივხვდი, რომ ასაკოვან კაცთან ვსაუბრობდი და ვუთხარი, რომ არ არის საჭირო ამდენი ბოდიში, მე პატარა ბიჭი ვარ-თქო.
შემდეგ მითხრა ამინ შეგიძლიათ თბილისში ჩამოხვიდეთ მთელი ოჯახი? შევთანხმდით. ეს ამბავი მაშინვე მოვუყევი ჩემს ნათესავებს. უფროს ძმას ვუთხარი, რომელიც განათლებული კაცია, რომ საქართველოდან დამირეკა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ. იჯდა სავარძელში და ავტომატურად წამოდგა. ვინ? ძალიან გაუკვირდა .
მართლაც წამოვედით სამი ძმა. დაგვხვდნენ. სასტუმროში მოგვათავსეს. გზაში გვირეკავდა პატრიარქის მდივანი შორენა, ბატონო ამინ, ბატონო ამინ... საღამოს გვქონდა შეხვედრა. პატრიარქთან მივედით გამოვიდა მოხუცი კაცი დაცვასთან ერთად. იკითხა, რომელია თქვენს შორის ამინ შადიჟევი, გულში ჩამიკრა და ატირდა. მითხრა, მე ბავშვობიდან ვთხოვდი ღმერთს, რომ თქვენი ოჯახიდან რომელიმე თქვენგანი მენახა და ღმერთმა ჩემი ლოცვა შეისმინაო...
როცა პირველად ჩამიკრა გულში, ის სითბო ახლაც მახსოვს. ახლაც ვგრძნობ, არც კი ვიცი, როგორ გითხრათ...
ამინის თქმით, ისინი მალე დამეგობრდნენ. ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და პატრიარქი ყოველთვის ეუბნებოდა, რომ მისთვის ის ძვირფასი ადამიანი იყო. მეგობრობა შემდეგ უფრო გამყარდა და პატრიარქმა ის შვილობილად აღიარა. ამინი აღნიშნავს, რომ ყოველთვის გრძნობდა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომ მას, უბრალო ინგუშ ბიჭს, რაიმე არ დაეშავებინა უნებურად და იმედი არ გაეცრუებინა ოჯახისთვის და პატრიარქისთვის...
- ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობდით რწმენაზე და არასდროს გვქონია წინააღმდეგობა სარწმუნოების შეფასებაში. ძალიან ხშირად ჩამიტარებია ნამაზი მესამე სართულზე. როცა ჩამოვდიოდი, დედაოს ყოველთვის მოქონდა თეთრი ზეწარი და პატრიარქი მეუბნებოდა, ამინ, ილოცე სადაც გინდა...
საქმე სარწმუნოებაში არ არის, საქმე ჩვენშია. ნებისმიერს შეუძლია გაიხედოს ფანჯარაში და დაინახოს ხალხის ზღვა. პატრიარქს ეს ხალხი უყვარდა და ამბობდა: საქართველო, მიყვარხარ...
ქართველებს და ინგუშებს უკვე გქონდა დიდი ისტორია და სწორედ ამიტომ, მე ვიცოდი, რომ ისტორიაში ვიდექი და სულ მეშინოდა, ჩემ გამო ისტორია არ გაჩერებულიყო... ღვთის წყალობით, ეს ისტორია გაგრძელდება კიდევ დიდხანს...
პატრიარქის ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი და საყვარელი დის შვილიშვილის ქორწინების ამსახველი ფოტოები - ნეფე-პატარძლის სტუმრობა პატრიარქთან
12 წლის ვიყავი. მამაჩემმა ბოთლი, ქაღალდი და კალამი მოითხოვა, დაწერა, ბოთლში ჩადო და კედელში ჩააშენეს... - ილია II-ის ემოციური მოგონება მამაზე და მის საოცარ წინასწარმეტყველებაზე