#ერთადპატარებისთვის – „პალიტრა L-ის“ საქველმოქმედი კამპანია ახალი მიზნითა და სლოგანით ბრუნდება - მშობლები

#ერთადპატარებისთვის – „პალიტრა L-ის“ საქველმოქმედი კამპანია ახალი მიზნითა და სლოგანით ბრუნდება

2026-03-26 12:32:55+04:00

პარასკევს, 27 მარტს აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა“ განსაკუთრებული მიზნით იწყება. გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ შეთავაზების ფარგლებში მკითხველს 3 წიგნის შეძენის შესაძლებლობა ექნება მისთვის სამართლიან ფასად. ქველმოქმედების ფარგლებში შემოსული თანხა კი მძიმე სენით დაავადებული ბავშვების ღიმილს მოხმარდება.

„გადაიხადე რამდენიც გინდა“ „პალიტრა L-ის“ უკვე ტრადიციად ქცეული და მკითხველის რჩეული აქციაა. წლების განმავლობაში გამომცემლობა საზოგადოების ჩართულობითა და თანადგომით სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ ადამიანს დაეხმარა. როგორც „პალიტრა L-ის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაგდა მულაძე აღნიშნავს, ეს არის კამპანია, რომელიც წიგნის სიყვარულსა და ქველმოქმედებას აერთიანებს.

647504938-2470496403369121-3219756417650531598-n-1774514203.jpg

პროექტი „გადაიხადე რამდენიც გინდა“ უკვე ნაცნობია მკითხველისთვის. მოგვიყევით ამჯერად რა მიზნით იწყება ის?

ეს არის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის კამპანია, სადაც წიგნის სიყვარული და ქველმოქმედება ერთიანდება. ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, წავახალისოთ კითხვა და წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, მეორე მხრივ კი, მივცეთ ადამიანებს შანსი, დაეხმარონ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ვცდილობთ ავირჩიოთ ისეთი მიმართულებები, სადაც დახმარება არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ემოციური და სოციალური მნიშვნელობის მატარებელია და გრძელვადიან პოზიტიურ შედეგს ქმნის. ამჯერად პროექტი ახალი სლოგანით #ერთადპატარებისთვის იწყება და „სიცილით თერაპიის“ ფონდს ვეხმარებით.

რატომ შეჩერდა არჩევანი სწორედ ამ მიმართულებაზე? კონკრეტულად რას საქმიანობს „სიცილით თერაპიის“ ფონდი?

ბენეფიციარების შერჩევისას ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმი დახმარების რეალური საჭიროებაა. „სიცილით თერაპიის“ ფონდი საოცარ საქმეს აკეთებს.

სიცილით თერაპია პაციენტს მკურნალობის რთულ და ხანგრძლივ ეტაპზე ეხმარება ღიმილითა და სიცილით სტრესისა და შიშის დაძლევაში, ენდორფინების გამოყოფის სტიმულირებით პოზიტური განწყობის შენარჩუნებაში. სამედიცინო ჯამბაზები მთელი საქართველოს მასშტაბით სტუმრობენ ონკოლოგიურ ცენტრებსა და სხვადასხვა დაწესებულებას, რათა გაახალისონ პატარა პაციენტები, მათი მშობლები და ხანდაზმულებული, რასაც მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა აქვს მკურნალობის პროცესზე.

ფონდი 2022 წელს ოთხმა მეგობარმა და თანამოაზრემ: ნათელა ფოცხვერიამ, ანდრო ჭიჭინაძემ, ვადიმ ლარჩენკომ და ნინო ბოლქვაძემ დააფუძნეს. მათ სჯეროდათ, რომ ქართველი ბავშვებიც იმსახურებდნენ იმ ჯადოსნურ სამყაროს, რომელსაც ექიმი-ჯამბაზები ქმნიან.

კონკრეტულად რომელი წიგნების შეძენას შეძლებს მკითხველი ამ აქციის ფარგლებში?

შერჩეულია სამი განსხვავებული ჟანრისა და ასაკობრივი კატეგორიის წიგნი. ესენია:

  • ტეილორ ჯენკინს რეიდის ბესტსელერი „დეიზი ჯოუნსი და ექვსეული“;
  • პატარებისთვის დისნეის „მეგობარი ცხოველები“;
  • მოზარდებისთვის „გიკი გოგო - ყველაზე ფოტოგენური“.

წიგნის შეძენის პირობები როგორია?

პირობა ძალიან მარტივი - მომხმარებელი იხდის იმდენს, რამდენიც თავად მიაჩნია სამართლიანად. ამ კამპანიის მთავარი პრინციპი სწორედ ეს გახლავთ. წიგნის შეძენა შესძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. აქცია მარაგის ამოწურვამდე გაგრძელდება. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ერთ მომხმარებელზე მაქსიმუმ სამი წიგნი გაიცემა.

როგორ ნაწილდება შემოსული თანხა ქველმოქმედებაში?

თუ გადახდილი თანხა 10 ლარამდეა, მისი 10% მიდის ფონდში, 10 ლარზე ზემოთ გადახდილი თანხა კი სრულად გადაერიცხება „სიცილით თერაპიის“ ფონდს.

კამპანია უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება და მინდა გითხრათ, რომ ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობს. ჩვენ ერთად ვეხმარებით მათ, ვისაც ეს იმ მომენტში სჭირდება.

655024129-804913815506745-9186705398459093808-n-1774514204.jpg

როდის დაიწყება და როდემდე გაგრძელდება აქცია?

წიგნების შეძენა პარასკევს, 27 მარტიდან იქნება შესაძლებელი და აქცია მარაგების ამოწურვამდე გაგრძელდება. ჩვენ გვჯერა, რომ პატარა ნაბიჯები დიდ ცვლილებებს ქმნის. ამჯერადაც გვსურს, კვლავ გავერთიანდეთ კეთილი საქმისთვის და ჩვენს მკითხველთან ერთად „სიცილით თერაპიის“ ფონდს დავეხმაროთ.

R