"არ მინდა ვიყო მშობელი, რომელიც მუდმივად სამსახურშია და ბავშვებს, უბრალოდ, ნახულობს" - კირა ნაიტლი, რომელმაც ვარსკვლავური ცხოვრება ოჯახურ სიმყუდროვეზე გაცვალა,  41 წლის გახდა - მშობლები

"არ მინდა ვიყო მშობელი, რომელიც მუდმივად სამსახურშია და ბავშვებს, უბრალოდ, ნახულობს" - კირა ნაიტლი, რომელმაც ვარსკვლავური ცხოვრება ოჯახურ სიმყუდროვეზე გაცვალა,  41 წლის გახდა

2026-03-26 19:14:21+04:00

კირა ნაიტლი თანამედროვე კინოს ერთ-ერთი საინტერესო ფიგურაა — მსახიობი, რომელმაც თავისი ცხოვრების გზა, ჰოლივუდის მწვერვალის გავლით, საკუთარ წესებზე მოირგო. ცნობილ მსახიობს ახლახან 41 წელი შეუსრულდა.

კირა ნაიტლი 1985 წლის 26 მარტს ლონდონში, თეატრალურ ოჯახში დაიბადა. დედა, შარმან მაკდონალდი, დრამატურგია, მამა, უილ ნაიტლი — მსახიობი. ამ გარემოში გაზრდილ ბავშვს პროფესიის არჩევანი თითქოს თავიდანვე განსაზღვრული ჰქონდა, თუმცა მშობლებს მისთვის ილუზიები არ შეუქმნიათ. „ჩემი მშობლები მსახიობები იყვნენ და არასოდეს შეუქმნიათ ილუზია, რომ ეს მარტივი გზა იქნებოდა. მათ მითხრეს - თუ ამ გზას აირჩევ, უნდა იმუშაო ბევრად უფრო მეტი, ვიდრე სხვებმა“,- იხსენებს ის. ექვსი წლის ასაკში უკვე ჰყავდა აგენტი, მაგრამ ამის მიღმა იდგა მკაცრი პირობა - განათლება და შრომა.

kira-naitli2-1774616212.jpg

ბავშვობა სირთულეების გარეშე არ ჩაუვლია. „ბავშვობაში დისლექსია მქონდა და სწავლა მიჭირდა. მშობლები არასოდეს მაძლევდნენ უფლებას, თავი შემებრალებინა - მათ მასწავლეს, რომ უნდა მემუშავა საკუთარ თავზე“. ამ გამოცდილებამ მტკიცე ხასიათი ჩამოუაყალიბა, რაც მოგვიანებით კარიერაშიც დაეხმარა.

კარიერის დასაწყისიდანვე გამხდარი სხეულის გამო მუდმივი კრიტიკის ობიექტი გახდა, განსაკუთრებით მედიისა და საზოგადოების მხრიდან. არაერთხელ გაუვრცელეს ჭორი, რომ ანორექსიას ებრძოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად არაერთ ინტერვიუში უარყო ეს და განმარტა, რომ არასდროს ჰქონია კვებითი აშლილობა და ბუნებრივად გამხდარია. ასევე ხშირად ხდებოდა მისი გარეგნობის განხილვა მკერდის ზომისა და „არასაკმარისად ქალური“ იმიჯის კონტექსტში, რაც მისთვის ფსიქოლოგიურად მძიმე იყო.

kira-naitli2-1774616229.jpg

მისი კარიერა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. დიდი ყურადღება მიიქცია ფილმით Bend It Like Beckham, მაგრამ ნამდვილი წარმატების ქარიშხალი კარიბის ზღვის მეკობრეებმა მოუტანა. ელიზაბეთ სვონის როლმა ის 18 წლის ასაკში მსოფლიო ვარსკვლავად აქცია. ეს იყო მისი კარიერის მწვერვალის დასაწყისი — პერიოდი, როცა კირა ნაიტლი ერთდროულად პოპულარული, მოთხოვნადი და მუდმივად კამერების ცენტრში იყო.

keira-knightley-in-pride-prejudice-1774616256.avif

atonement-666x1024-1774616751.jpg

თუმცა არც წარმატება აღმოჩნდა მარტივი "გადასახარში". „ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა ცნობილი გავხდი და ეს საშინლად მაშინებდა. გარკვეული დრო საერთოდ ვერ ვხვდებოდი, ვინ ვიყავი ამ ყველაფერში“. პაპარაცები, მედიის მუდმივი დაკვირვება და საზოგადოების მხრიდან სხეულის კრიტიკა მისთვის მძიმე ფსიქოლოგიურ დატვირთვად იქცა. იყო პერიოდი, როცა თავადაც აღიარებს, რომ უბრალოდ გადარჩენას ცდილობდა ამ გარემოში.

ee4d2dc1e0a3accf651c2fb0c8032c35-1774616289.jpg

ამ ფონზე იწყება მისი კარიერის მეორე ეტაპი. გარდამტეხი აღმოჩნდა Pride & Prejudice, რომელმაც მას ოსკარის ნომინაცია მოუტანა და დაამტკიცა, რომ ის სერიოზული დრამატული მსახიობიც იყო. ამის შემდეგ ნაიტლი თანდათან შორდება კომერციულ პროექტებს და ირჩევს უფრო ღრმა, შინაარსობრივ როლებს. ეს ჩანს ფილმებში Atonement და Anna Karenina, სადაც მისი პერსონაჟები უკვე უფრო რთული, მრავალშრიანი და ფსიქოლოგიურად დატვირთულია.

899f29f3a1b81227e94bfe048f0f88e7-1774616338.jpg

მისი დამოკიდებულება წარმატებისადმი ამ პერიოდში მნიშვნელოვნად იცვლება. „პოპულარობა არ არის ის, რაც შენს ცხოვრებას აზრს აძლევს. თუ მხოლოდ ამას ეყრდნობი, ძალიან სწრაფად დაიკარგები“. სწორედ ამიტომ იწყებს არჩევანის თავისუფლებაზე ფოკუსირებას: „წარმატება ჩემთვის ნიშნავს თავისუფლებას, რომ შემიძლია ავირჩიო, რა გავაკეთო და რაზე ვთქვა უარი“. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები — ეს მისი კარიერის რეალური სტრატეგიაა.

bb9817ebb55a9ff69d0a275952ca1306-1774616320.jpg

პირადი ცხოვრება კირა ნაიტლისთვის ყოველთვის დაცული სივრცეა. 2013 წელს ის მუსიკოსზე, ჯეიმს რაიტონზე დაქორწინდა და ორი შვილის დედა გახდა. სწორედ აქ იწყება მისი ცხოვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. „დედობამ მთლიანად შეცვალა ჩემი დროის და პრიორიტეტების აღქმა. ადრე ვფიქრობდი კარიერაზე, ახლა ვფიქრობ — როგორ გავატარო დრო ჩემს შვილებთან ისე, რომ მათთვის ნამდვილად ვიყო იქ“. ის ასევე ამბობს: „არ მინდა ვიყო მშობელი, რომელიც მუდმივად სამსახურშია და ბავშვებს მხოლოდ ნახულობს. მინდა, რომ მათ ყოველდღიურობაში ვიყო ჩართული. დედობა არ არის მხოლოდ ბედნიერება — ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და მუდმივი დაღლა, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ღირებული რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა“. - ამბობს მსახიობი და სწორედ ამიტომ ბოლო წლებში ეკრანზე შედარებით იშვიათად ჩნდება, თუმცა ეს უფრო გააზრებული არჩევანის შედეგია.

exclusive-coverage-keira-knightley-james-94295794-1774616358.webp

keira-knightley-family-nyc-stroll1-1774616371.jpegactress-keira-knightley-husband-james-18668385-1774616386.webp

კირა ნაიტლი ცნობილია იმითაც, რომ ხშირად უარს ამბობს მსხვილ ჰოლივუდურ პროექტებზე. ის არ ცდილობს მუდმივად იყოს ყურადღების ცენტრში. „იყო პერიოდი, როცა ვცდილობდი ყველას მოვწონებოდი. ახლა ეს საერთოდ აღარ მაინტერესებს“. ამ მიდგომამ მისი კარიერა განსხვავებულად ჩამოაყალიბა — ის არ არის ტიპური ვარსკვლავი, რომელიც მუდმივად ეკრანზე უნდა ჩანდეს.

keira-knightley-black-doves-season-one-premiere-120624-1-8795766d777e4e0faac22a50a990d340-1774616414.jpg

ბოლო წლებში მისი არჩევანი კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა. ფილმში Boston Strangler ჟურნალისტის როლი შეასრულა სერიოზულ, რეალურ ისტორიაზე დაფუძნებულ პროექტში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მისთვის მთავარი პროექტის შინაარსი და არა უბრალოდ პოპულარობა.

670068b6dc5adae44ebcbed315a34fc4-1774616433.webp

6 წლის ასაკში იგივე გიაგნოზი მქონდა - კირა ნაიტლის ქალიშვილს დისლექსია დაუდგინეს