ახალშობილი, რომელსაც დედამ დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა - რას აცხადებენ კლინიკაში - მშობლები

ახალშობილი, რომელსაც დედამ დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა - რას აცხადებენ კლინიკაში

2026-03-27 10:37:30+04:00
ახალშობილი, რომელსაც დედამ მშობიარობის შემდეგ მძიმე დაზიანებები მიაყენა,, გარდაიცვალა.ამის შესახებ განცხადებას კლინიკა "მედინა" ავრცელებს.
"დიდი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ მიუხედავად ექიმების მრავალდღიანი ინტენსიური ბრძოლისა და განხორციელებული ყველა შესაძლო სამედიცინო ღონისძიებისა, 22 თებერვალს, ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ დაბადებული ახალშობილი (ჩვენი კლინიკის თანამშრომლის შვილი) ამ დილით გარდაიცვალა.
კლინიკის გუნდი პირველივე წუთებიდან მოქმედებდა უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვით. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ჩვენი კლინიკის, ისე მოწვეული მრავალპროფილური სპეციალისტები. პაციენტს ჩაუტარდა არაერთი გადაუდებელი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო ჩარევა, თუმცა მისი მდგომარეობა თავიდანვე იყო უკიდურესად მძიმე.
ამ მძიმე პერიოდში ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო და რჩება პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.
ვიზიარებთ მომხდარით გამოწვეულ ღრმა ტკივილს და თანავუგრძნობთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ტრაგედია მძიმე დანაკარგია", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ დეტალური კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
შეგახსენებთ, ბათუმში მდებარე კლინიკა “მედინას“ სანიტარმა, ამავე კლინიკის საპირფარეშოში ბავშვი გააჩინა,შემდეგ კი მისი მკვლელობა სცადა. დაზიანებები ბავშვს ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. ექიმები მის გადასარჩენად ერთი თვის განმავლობაში იბრძოდნენ.
"დედა კლინიკა მედინას თანამშრომელი იყო, ქმარი გარდაცვლილი ჰყოლია, ორი ბიჭი ჰყავს, თანამშრომლებთან არ ამბობდა ფეხმძიმობის შესახებ. დღეს დილით საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოჭრა, ქალი საოპერაციოში შეიყვანეს, ბავშვი გადარჩა და რეანიმაციაში. ქალი კი პალატაშია გადაყვანილი", - აცხადებდა ერთ-ერთი თანამშრომელი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11.პრიმა 19.109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ახალშობილი წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მის მოშორებას პარკით, ნაგავსაყრელზე გადაგდებით ცდილობდა... მალავდა ორსულობას, განყოფილების გამგემ ჰკითხა, ფეხმძიმედ ხომ არ ხარო, წყევლა დაუწყია... - რას აცხადებს კლინიკის დირექტორი ბათუმის სამშობიაროში მომხდარზე