"კითხვისთვის საჭირო უნარები წლამდე ასაკში ყალიბდება" - რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ჩვილობაში - მშობლები

"კითხვისთვის საჭირო უნარები წლამდე ასაკში ყალიბდება" - რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ჩვილობაში

2026-03-27 13:29:07+04:00

სპეციალისტები მიუთითებენ, რომ კითხვა არ იწყება არც სკოლაში და არც მაშინ, როცა ბავშვი 3 წლის ხდება. სინამდვილეში, კითხვის უნარის საფუძველი ბავშვის ცხოვრების პირველივე თვეებში ყალიბდება. სწორედ ამ პერიოდში იქმნება ის უნარები, რომლებიც მომავალში განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა ბავშვი სწრაფად წაიკითხოს, გაიგოს წაკითხული და არ ჩამორჩეს სასკოლო პროგრამას.

რას ნიშნავს კითხვა ფიზიოლოგიური თვალსაზრისით

შეიძლება ბევრს არც უფიქრია, მაგრამ კითხვა მხოლოდ „გონებრივი პროცესი“ არ არის — ის დიდწილად მოძრაობასთან არის დაკავშირებული. კითხვა მოითხოვს თავის სტაბილურად დაჭერას და თვალების კოორდინირებულ მუშაობას. თუ ეს ფიზიკური საფუძველი არ არსებობს, ტვინი ვერ ახერხებს კითხვის პროცესის ავტომატიზაციას.

ნეიროლოგიური და მოტორული განვითარების თვალსაზრისით, ერთ წლამდე ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია მზერის ფიქსაცია და ობიექტზე თვალის მიყოლა სხეულის ცენტრალურ ხაზზე. ეს უნარი პირველად 2–3 თვის ასაკში ჩნდება — მაშინ, როცა ჩვილი საკუთარი ხელების პირში მიტანას იწყებს.

რა არის სხეულის ცენტრალური ხაზი

სხეულის ცენტრალური ხაზი წარმოსახვითი ვერტიკალური ღერძია, რომელიც სხეულს მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად ყოფს.

ჩვილი ამ „ცენტრს“ ეტაპობრივად აცნობიერებს:

  • თავდაპირველად ხელებს პირთან მიაქვს და აერთიანებს
  • შემდეგ იწყებს გადაბრუნებას
  • მოგვიანებით — ხოხვას, როცა ხელებისა და ფეხების მოძრაობა კოორდინირდება

განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ცენტრალური ხაზის გადაკვეთა — მაგალითად, როცა ბავშვი მარჯვენა ხელით წვდება მარცხენა მხარეს მდებარე საგანს და პირიქით. ეს უნარი დაახლოებით 4.5–5 თვის ასაკში ყალიბდება.

მანამდე ბავშვი მარჯვენა ხელით მხოლოდ მარჯვენა მხარეს იღებს ნივთებს, ხოლო მარცხენათი — მარცხენას.

ცენტრის გადაკვეთა მოითხოვს ტვინის ორივე ნახევარსფეროს შეთანხმებულ მუშაობას.სწორედ ეს უნარი არის აუცილებელი იმისთვის, რომ თვალებმა ტექსტის კითხვა შეძლონ — ხაზის მიყოლა მარცხნიდან მარჯვნივ (უმეტეს ენაში), მუდმივად გადაკვეთონ ხედვის ცენტრალური ღერძი.

თუ ბავშვმა ჩვილობაში ეს უნარი კარგად ვერ აითვისა, სკოლაში ხშირად უჭირს ტექსტის ხაზზე თვალის მიყოლა — „ეკარგება ადგილი“, ერევა მიმართულებები.

რა უნარები სჭირდება ბავშვს კითხვისთვის

სივრცული ორიენტაცია და ასოების ამოცნობა

ხშირად შეიძლება შეგიმჩნევიათ, რომ ზოგი ბავშვი ასოებს „სარკისებურად“ წერს ან კითხულობს. ამის მიზეზი სივრცული ორიენტაციის სირთულეა.

ბავშვმა უნდა იცოდე მარცხენა და მარჯვენა, ზემოთ და ქვემოთდა ამ ყველაფერს საკუთარი სხეულის ცენტრალურ ხაზთან მიმართებაში უნდა აღიქვამდეს. ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ არ აურიოს ერთმანეთში მსგავსი სიმბოლოები — მაგალითად ძ და ხ, წ და შ, ან ასო ვ და ციფრი 3 არ ეგონოს.

სენსომოტორული ინტეგრაცია

სენსომოტორული ინტეგრაცია ნიშნავს ტვინის უნარს, სწორად მიიღოს და დაამუშაოს ინფორმაცია, რომელიც გრძნობის ორგანოებიდან მოდის, ესაა მხედველობა, სმენა, შეხება, გემო, ყნოსვა, ვესტიბულარული სისტემა და სხეულის შეგრძნება (პროპრიოცეფცია).

როდესაც ჩვილს მასაჟს უკეთებენ, აქტიურდება მისი ტაქტილური და სხეულის შეგრძნების სისტემები. შეხების მეშვეობით სიგნალები ტვინამდე აღწევს, და ბავშვი უკეთ აცნობიერებს საკუთარ სხეულს, მის საზღვრებს და ცენტრალურ ხაზს.ამ პროცესს სენსომოტორული ინტეგრაცია ეწოდება.

ბავშვი, რომელსაც ეს უნარი კარგად აქვს განვითარებული:

  • უკეთ აღიქვამს ტექსტის სივრცეს
  • უკეთ მიყვება ხაზს
  • უფრო მარტივად სწავლობს კითხვას

კითხვის უნარი არ იწყება ანბანის სწავლით — ის იწყება ბევრად ადრე, ჩვილობის პერიოდში.სხეულის კონტროლი, თვალის მოძრაობა, სივრცული აღქმა და სენსორული ინტეგრაცია — ეს ყველაფერი ქმნის იმ საფუძველს, რომლის გარეშე მომავალში ბავშვს კითხვის სწავლა გაუჭირდება.

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა - 5 საუკეთესო მეთოდი მშობლებისთვის