"ჩვენ გვაკომპლექსებდა სკოლა... თუ სწავლობდი ცუდად, იყავი ცუდი ბავშვი... თუ კარგ მოსწავლესთან მეგობრობდი, კარგი იყავი... არ მახსოვს, რომ ჩემს მშობლებს რამე ჩემი მოსწონებოდათ" - ნიკოლოზ წულუკიძე ბავშვობის წლებზე - მშობლები

"ჩვენ გვაკომპლექსებდა სკოლა... თუ სწავლობდი ცუდად, იყავი ცუდი ბავშვი... თუ კარგ მოსწავლესთან მეგობრობდი, კარგი იყავი... არ მახსოვს, რომ ჩემს მშობლებს რამე ჩემი მოსწონებოდათ" - ნიკოლოზ წულუკიძე ბავშვობის წლებზე

2026-03-28 16:34:03+04:00

თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე გადაცემაში "პროექცია" ბავშვობისა და ახალგაზრდობის იმ წლებს იხსენებს, როცა ცხოვრებისეული არჩევანის წინაშე იდგა. ვფიქრობთ, მშობლებისა და ახალგაზრდებისთვის საინტერესო იქნება მისი იმდროინდელი განცდები და განვლილი ეტაპები. გთავაზობთ ამონარიდებს მისი ინტერვიუდან:

"ყველაზე დიდი პრობლემა სკოლის მაშინ იყოს ის, რომ თუ სწავლობდი ცუდად, იყავი ცუდი ბავშვი. მე არ ვსწავლობდი კარგად. ამ კომპლექსს სკოლა დებდა შენში - შენ ვერ სწავლობ კარგად. მერე შემხვდა ერთ-ერთი ჩემი მასწავლებელი, რომელმაც მითხრა, ბევრი შეცდომა გვაქვს დაშვებულიო. ჩვენ გვაკომპლექსებდა სკოლა. უკან უნდა დავმსხდარიყავთ... უცებ მოვხვდი თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც ამიტომ არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი, სადაც მივხვდი, რომ არ შეიძლება, ხუთოსანი იყო და კარგი იყო, ან პირიქით. რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს კარგი და ცუდი. თავისუფლება ვისწავლე, სილაღე ვისწავლე. თუ სკოლაში ითვლებოდა, რომ თუ კარგ მოსწავლესთან მეგობრობდი, კარგი იყავი, აქ უბრალოდ, მივხვდი, რომ იმ ადამიანთან უნდა იმეგობრო, ვისთანაც საერთო ინტერესი გაქვს, საერთო სურვილები გაქვს, საერთო ემოციები. ამიტომ სტუდენტობისდროინდელი მეგობრები არიან ჩემთვის ყველაზე ძვირფასები... ძალიან დიდი ცვლილება მოხდა ჩემში სტუდენტობიდან. ცხოვრება რა არის, სტუდენტობისას გავიგე, ფასეულობათა გადაფასება მოხდა ჩემში."

"სულ მიყვარდა ფიქრი, ხანდახან ზედმეტიც. მშობელთა კრებაზე დედაჩემს რომ დაიბარებდნენ, ეუბნებოდნენ მასწავლებლები - ჩვენ ვხსნით გაკვეთილს, შევხედავთ და უსასრულობაში იყურება და რაღაცაზე ფიქრობსო. შეიძლება ეს ყურადღების კონცენტრაციის პორბლემაც იყო, მაგრამ ეს ფიქრები გამიტაცებდა ხოლმე ხანდახან. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, დავდიოდი ძალიან კარგ სკოლაში, 24-ე სკოლაში. ჩემი სახლიდან სკოლამდე უნდა გამევლო მოზარდმაყურებელთა თეატრი, თოჯინების თეატრი, მუსკომედიის თეატრი და შემეძლო ნებისმიერში გადამეხვია და დავსწრებოდი სპექტაკლს. განსაკუთრებული ატმოსფერო იყო. ეზოს ბავშვებს გულწრფელი სიყვარულით გვიყვარდა ერთანეთი. არ გვქონდა მობილურები, სიმდიდრის და ფუფუნების ნივთები. ორდროშობანა, შვიდქვაობანა, რეზინობანა... მგონი ბოლო თაობა ვართ, ვინც ამ თემაშებით ერთობოდა. რა სურვილები და ემოციებიც მქონდა, იმას ვიკმაყოფილებდი, თეატრალურ სტუდიაში დავდიოდი, მერე პიონერთა სასახლეში გავატარე მთელი ჩემი ბავშვობა. ასეთი ბავშვობა გეხმარება, რომ ცხოვრების შიში დაძლიო. ჩემი აზრით, მთავარი, რაც მშობელმაუნდა გაუკეთოს შვილს - აპოვნინოს თავისი თავი. მიეხმაროს, რომ ცხოვრების შიში დაძლიოს."

"ჩემს სტუდენტებს სულ ვეუბნები, მთავარია,თვითშეფასება კონტექსტში - ამ დროსა და სივრცეში მე რა ადგილი მაქვს, ჩემი ადგიილი ახლა სად არის, რისი კეთება მინდა, რა გამომდის და რისი კეთება მანიჭებს სიამოვნებას. ამ ყველაფერში რით ვიყო გამორჩეული. ეს არის მუდმივი პროცესი. თუ ამას ნებდები, მერე ეძებ სამსახურს, თუ არ ნებდები - გეძებენ შენ და ტაციაობაა შენზე. უნდა მიხვდე, ჩამოწერო, რა გამოგდის. მე რომ თეატრალურში ჩავაბარე, ვერ მივხვდი, რატომ მინდოდა მსახიობობა. ვერც გადასარევად მღერი, ვერც ვცეკვავ, მგონია, რომ ნიჭი მაქვს, მაგრამ გაირკვა, რომ არც ისეთი. მერე დავიწყე სწორი ფიქრი - რომ მიყვარს ეს თეატრი ძალიან, რა ვქნა? გოგი მარგველაშვილმა მითხრა ერთ-ერთი მთავარი ფრაზა ცხოვრებაში - შენი ადგილი არის თეატრში, მაგრამ არა სცენაზე. დავიწყე ფიქრი, სად არის ეს ადგილი... მოკლედ დალაგდა, გამიმართლა, თორემ შეიძლებოდა წავსულიყავი ამ ინსისუტუდან და იურიდიულზე ჩამებარებინა, ეს უნდოდათ ჩემს მშობლებს. ცხოვრებაში არ მიფიქრია, რომ რაიმე საერთო ტელევიზიასთან მექნებოდა."

"სულ უნდა გქონდეს შენი თავის გარედან დანახვის საშუალება და ვიღაც უნდა გყავდეს სახლში, ვინც ღრუბლებში არ გაცხოვრებს. ჩემთვის მორალური ინდიკატორია ჩემი მეუღლეა. როცა ოჯახში ერთმანეთს აქებენ და ერთმანეთით არიან აღფრთოვანებული, იქ პრობლემა უფრო დიდია. მე არ მახსოვს, რომ ჩემს მშობლებს რამე ჩემი მოწონებოდათ, ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, განსაკუთრებით მამაჩემს. ესეც უკიდურესობაა, მაგრამ ეს ჯობია. რადგან როცა ეს მშობლები მიდიან, ადამიანები დეპრესიაში ვარდებიან, თვითშეფასებაზე აისახება, რადგან აღარავინ აქებთ... უნდა დავფიქრდეთ, რომ გავხდეთ მაგალითი ჩვენი შვილებისთვიის, რომ ზედმეტი მზრუნველობით ან უყურადღებობით, ცხოვრების სწავლაში ხელი არ შევუშალოთ".

ნიკოლოზ წულუკიძის მიმართვა მშობლებს: ზოგჯერ მამა ამაყობს იმით, რომ მისმა შვილმა ვიღაც დაჩაგრა. ასეთ მშობლებს მინდა, აუცილებლად ვუთხრა...