ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" კონკრეტულ კვლევებზე დაყრდნობით, საუბრობს იმ ჩვევების შესახებ, რომლებიც ადამიანებს ალცჰაიმერის დაავადებისა და შემეცნების გაუარესების რისკების შემცირებაში ეხმარება:
- თუ წიგნების კითხვა და მუზეუმების მონახულება გიყვართ, მაშინ თქვენ შეგიძლიათ, ალცჰაიმერის დაავადებისა და შემეცნების გაუარესების რისკი 38%-ით შეამციროთ და სულ ცოტა, 5-7 წლით გადაავადოთ პროცესი. ჯერ კიდევ 2025 წლის შემოდგომაზე გერიატრიული ფსიქიატრიის ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორები 70 წელს გადაცილებული 11 ათასამდე ადამიანის ისტორიას სწავლობდნენ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ, მაგალითად, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე ხშირი ან სისტემატური დაკვრა, დაახლოებით, 35%-ით ამცირებს დემენციის განვითარების რისკს.
სულ რამდენიმე დღის წინ კი, ჟურნალმა "Neurology” ახალი კვლევის შესახებ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად, ჩვენი ჩვევები, კერძოდ, წიგნის წაკითხვა და წერა, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების მონახულება, ახალი ენის შესწავლა, ლექსიკონების გამოყენებით, ალცჰაიმერის დაავადების რისკის შემცირებასთან ასოცირებულია 38%-ით და პროცესის გადავადებასთან 5-7 წლით. საგულისხმოა, რომ კვლევის ავტორები 80 წელს გადაცილებულ ადამიანებს, დაახლოებით, 8 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამასთან, მათი ჩვევები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე - 12 წლის, 40 წლის და, საშუალოდ, 80 წლის ასაკში შეისწავლეს.
დარწმუნებული ვარ, გაგიჩნდებათ კითხვა, მხოლოდ წიგნების წაკითხვა და მუზეუმების მონახულება აგვაცილებს თავიდან ალცჰაიმერის დაავადებას? მეცნიერებას აქაც აქვს დამატებითი ინფორმაცია და გაგახსენებთ, რომ აუცილებელია, გავითვალისწინოთ დიეტაც, ფიზიკური აქტივობაც, ძილის რეჟიმიც და სტრესის მართვაც. რაც მთავარია, იმისთვის, რომ არ დაგვავიწყდეს ერთმანეთი და საკუთარი თავი, არასოდესაა გვიან, შევცვალოთ ცხოვრების წესი.