„ძალიან ხშირად მიფიქრია, ხომ არ ვუშვებ შეცდომებს, რომლებიც ჩემს შვილს მომავალში ფსიქოლოგიურ ტრავმად დაუბრუნდება. ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაც არ უნდა ვეცადო, მაინც ვერ ავიცილებ ამას თავიდან. მართლა ყველა ბავშვს აქვს ტრავმა?
მაგალითად, ერთხელ ჩემი შვილი მოვიდა და მითხრა, რომ ბაღში ჯგუფელმა სათამაშო წაართვა. იმ მომენტში ვერ გავიგე სწორად როგორ მოვქცეულიყავი - უნდა განმეხილა სიტუაცია, უნდა დამეცვა ბოლომდე, თუ უბრალოდ დამემშვიდებინა?
ხშირად მეშინია, რომ თუ დამშვიდება და რაღაცის გაიოლებას შევეცდები, იფიქრებს, რომ მისი გრძნობები არ არის მნიშვნელოვანი. ან პირიქით — თუ ზედმეტად ემოციურად მოვიქცევი, შეიძლება უფრო დავუმძიმო განცდები.
ზოგჯერ ისიც მიფიქრია, როცა ვეუბნები „შენ ხომ არ გააბრაზე?“ ან „იქნებ შენც წაართვი?“ — ხომ არ ვაკისრებ მას პასუხისმგებლობას იმაზე, რაც რეალურად მისი ბრალი არ არის?
ვცდილობ, კარგი მშობელი ვიყო, მაგრამ ვერ ვხვდები, სად გადის ზღვარი. რა არის ის, რაც რეალურად აყენებს ბავშვს ზიანს და რა — არა? როგორ მოვიქცე ისე, რომ მან თავი დაცულად იგრძნოს, მაგრამ თან სწორადაც გავზარდო? მოკლედ, მინდა ვიცოდე — რას ვაკეთებ სწორად და რას — არა? და როგორ მოვიქცე, რომ ჩემი შვილისთვის ეს ყველაფერი ტრავმად არ იქცეს მომავალში?“
ეს მორიგი შეკითხვაა მკითხველისგან, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ვრცელ პასუხს და რაც მთავარია, ბევრი მშობლისთვის იქნება საინტერესო.
თანამედროვე ფსიქოლოგია ამბობს, რომ ტრავმა პრაქტიკულად ყველას აქვს. შეუძლებელია, ადამიანი გაიზარდოს და განვითარდეს ისე, რომ ერთხელ მაინც არ შეხვდეს ძლიერი სტრესი ან აუტანელი ემოციები.
სწორედ ამიტომ, სპეციალისტები ხშირად ამშვიდებენ მშობლებს — რაც არ უნდა ეცადოთ, თქვენს შვილს მაინც ექნება რაღაც, რასაც მომავალში ფსიქოთერაპევტს მოუყვება. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ რაღაც არასწორად გააკეთეთ — უბრალოდ, ფსიქიკა ასე მუშაობს და ადამიანები ერთსა და იმავე მოვლენებს სხვადასხვანაირად აღიქვამენ.
ფსიქოლოგიური ტრავმა არის ფსიქიკის დაზიანება, რომელიც ძლიერი შოკის შედეგად ჩნდება. თუმცა მნიშვნელოვანია ერთი რამ: ტრავმას იწვევს არა თავად მოვლენა, არამედ რეაქცია ამ მოვლენაზე — ის ძლიერი ემოციები, რომელთან გამკლავებაც ადამიანმა ვერ შეძლო.
როგორ ხდება ეს რეალურ ცხოვრებაში?
მაგალითად, ბავშვს საბავშვო ბაღში ვიღაც ცუდად ექცევა, ეს სეიძლება თანატოლიც იყოს და მასწავლებელიც — სჯის, სატამაშოს ართმევს ან აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ბავშვი მოდის სახლში და უყვება მშობელს.
აქ ორი სცენარია:
პირველი: მშობელი ბავშვს აბრალებს — ეუბნება, რომ ალბათ თვითონ იქცეოდა ცუდად. შეიძლება დასაჯოს კიდეც. ამ შემთხვევაში ბავშვი იღებს ძალიან მძიმე მესიჯს: სამყარო საშიშია, არავინ დამიცავს, ჩემი ტკივილი არავის აინტერესებს და მე თვითონაც ცუდი ვარ.
მეორე: მშობელი ბავშვს უჭერს მხარს, უსმენს, ანუგეშებს, უხსნის, რომ მასწავლებელს/ჯგუფელს არ ჰქონდა ამის უფლება და ჰპირდება, რომ დაიცავს. ასეთ შემთხვევაში ბავშვის ემოციებს წორი მიმარტულება ეძლევა და ტრავმა არ ყალიბდება.
ანუ ტრავმა ჩნდება მაშინ, როცა ბავშვს არ ჰყავს ზრდასრული, რომელიც დაეხმარება, გაუგოს საკუთარ გრძნობებს და დაუბრუნოს უსაფრთხოების განცდა.
მაგალითად, ძალადობა თავისთავად ტრავმული გამოცდილებაა, მაგრამ საბოლოო შედეგი დამოკიდებულია გარემოზე. თუ ადამიანს უჭერენ მხარს — ის უფრო მარტივად უმკლავდება. თუ ადანაშაულებენ — ტრავმა ღრმავდება და მყარდება.
მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა მხოლოდ მოვლენაზე არ არის დამოკიდებული, არსებობს ქცევები, რომლებიც ძალიან ხშირად იწვევს მას.
პირველ რიგში — ძალადობა: ფიზიკური, ემოციური ან სექსუალური. ეს ანგრევს ბავშვის რწმენას, რომ სამყარო უსაფრთხოა და აყალიბებს საშიშ რწმენებს საკუთარ თავზე — „მე ცუდი ვარ“, „ჩემთან ასე მოქცევა შეიძლება“.
განსაკუთრებით საშიშია, როცა ასეთი ქცევები ხდება რეგულარულად და იმალება,ანუ უფროსები ამართლებენ ან უარყოფენ ფაქტს.
მაგალითად:
ამ დროს პასუხისმგებლობა გადადის ბავშვზე, და ის იწყებს ფიქრს, რომ თავად არის დამნაშავე. ეს კი ტრავმის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმია.
სრულად ვერ დავიცავთ ბავშვს ყველაფრისგან — მათ შორის საკუთარი შეცდომებისგანაც. მაგრამ შეგვიძლია ისე მოვიქცეთ, რომ ეს გამოცდილება მის მომავალზე არ აისახოს.
აი რა არის მნიშვნელოვანი:
შეინარჩუნეთ სიმშვიდე
არ აჩვენოთ ბავშვს პანიკა. ბავშვები მშობლების ემოციებზე ზრუნავენ და შეიძლება მომავალში აღარ გაგიზიარონ მძიმე გამოცდილება.
აღიარეთ მომხდარი
არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო დამნაშავე — დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი. ბავშვს სჭირდება ადამიანი, რომელიც ფაქტს დაადასტურებს.
აღიარეთ მისი გრძნობები
უთხარით: „ვხვდები, რომ გტკივა“, „გეშინია“, „გეწყინა“. ემოციების აკრძალვა ტრავმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
ანუგეშეთ და დაუჭირეთ მხარი
ასეთ დროს ზედმეტი სიყვარული და მხარდაჭერა არ არსებობს.
არ მოერიდოთ საუბარს
ზოგჯერ მშობლებს უფრო უჭირთ ამ თემაზე საუბარი, ვიდრე ბავშვს. მაგრამ თუ არ ვლაპარაკობთ, ბავშვი ფიქრობს, რომ ეს თემა „სირცხვილია“.
შეინარჩუნეთ ყოველდღიური რეჟიმი
რუტინა ბავშვს აძლევს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას.
არ შეგეშინდეთ დახმარების თხოვნა
ზოგჯერ მშობლის მხარდაჭერა საკმარისი არ არის — ასეთ დროს სპეციალისტთან მიმართვა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
ბევრ მშობელს უჭირს ბოდიშის მოხდა, რადგან ჰგონია, რომ ასე ავტორიტეტს დაკარგავს. სინამდვილეში, პირიქით — ბოდიში ბავშვს აჩვენებს, რომ მისი მშობლები ცოცხალი ადამიანები არიან, რომლებიც შეცდომებსაც უშვებენ, რომ შეცდომები დანაშაული არაა და მათი გამოსწორება შეიძლება.