"როგორ შეიძლება, რომ დაგროვილი პენსია მივიღო?.." "აღარ ვმუშაობ, რა მოუვა ჩემს საპენსიო დანაზოგს" - იურისტის პასუხები დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ კითხვებზე - მშობლები

"როგორ შეიძლება, რომ დაგროვილი პენსია მივიღო?.." "აღარ ვმუშაობ, რა მოუვა ჩემს საპენსიო დანაზოგს" - იურისტის პასუხები დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ კითხვებზე

2026-03-31 10:27:42+04:00

საქართველოში 2019 წლის იანვრიდან სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა თანხების შეგროვება და ადმინისტრირება დაიწყო. დადგენილი წესის მიხედვით, 2%-ს ხელფასიდან დასაქმებული იხდის, 2%-ს დამსაქმებელი, 2%-ს კი - სახელმწიფო. იმაზე, თუ ვის შეუძლია საპენსიო დანაზოგის დროზე ადრე გატანა და რა პირობებით და როგორ დაგერიცხებათ საპენსიო დანაზოგი მას შემდეგ, რაც საპენსიო ასაკს მიაღწევთ, რამდენჯერმე, იურისტებთან ერთად ვისაუბრეთ.

თუმცა, დაგროვებითი პენსიის შესახებ მოქალაქეებს კიდევ არაერთი კონკრეტული, ინდივიდუალური შეკითხვა აქვთ. მათ ამ შეკითხვებით საიტსა და ვებგვერდზე მოგვმართეს და სპეციალისტთან გადამოწმება გვთხოვეს.

მოქალაქეების სხვადასხვა შეკითხვას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მქონე ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი - ნუგბარა როსტიაშვილი ვრცლად პასუხობს:

- 2018 წლის 21 ივნისიდან ამოქმედდა კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ, რომლის თანახმადაც, დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება და საპენსიო შენატანის განხორციელება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში). დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება ნებაყოფლობითია ყველა დასაქმებულისთვის, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), ასევე თვითდასაქმებულისთვის.

რაც შეეხება დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებას, მართვასა და ადმინისტრირებას, ყოველივე ზემოაღნიშნულზე პასუხისმგებელია საქართველოს საპენსიო ფონდი, რომელიც სწორედ აღნიშნული კანონის საფუძველზეა შექმნილი და წარმოადგენს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ამდენად, დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე პირს შეუძლია მიმართოს ფონდს.

- ვარ 62 წლის. მიჭირს გადაადგილება, ამის გამო დავრჩი უმუშევარი, მაქვს მუხლებისა და სახსრების ტკივილი. ვარ საოპერაციო. მაქვს უფლება თუ არა გამონაკლის შემთხვევაში სრულად ავიღო ჩემი დაგროვილი თანხა?

- პირველ რიგში, უნდა აღნიშნოს, რომ ფონდი ელექტრონული სისტემის მეშვეობით პირს საპენსიო ასაკის მოახლოების შესახებ 6 თვით ადრე ატყობინებს. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს პენსია დადგენილი წესით. თუმცა, ვალდებული არ არის. თუ პირი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ არ გამოიყენებს ამ უფლებას, მის სასარგებლოდ კვლავ ჩვეულ ფორმაში გაგრძელდება საპენსიო შენატანის განხორციელება იქამდე, სანამ პირი არ მოითხოვს პენსიას. თუ თქვენ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდგომ არ მიგიმართავთ ფონდისათვის, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიმართოთ განცხადებით. შესაძლებელია საპენსიო დანაზოგის ერთჯერადად სრულად გატანა, ასევე რამდენიმე ნაწილად დაყოფა და ისე გატანა. განცხადებას თან დაურთეთ თქვენი ჯანმრთელობის ცნობები და ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს თქვენთვის პენსიის ერთიანი გადახდით მიღების საჭიროებას. გასათვალისწინებელია ის, რომ საპენსიო ფონდი ადგენს მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების ზღვარს, აღნიშნული ზღვრის ფარგლებში უფლება გაქვს, მიიღოთ ერთიანი გადახდით პენსია. ამდენად, ყველა პირთან მიმართებაში საკითხი განიხილება ინდივიდუალურად, იმის გათვალისწინებით, თუ რა ოდენობისაა თქვენი დანაზოგი.

- საპენსიო სქემით მაქვს დაგროვილი თანხა. ახლა აღარ ვმუშაობ. ხელზე ვიღებ ფულს. შემიძლია თუ არა ჩავერთო ისევ, მუშაობის გარეშე და შევიტანო ჩემით თანხა?

- იმ შემთხვევაში, როდესაც პირს უჩერდება ხელფასის სახით თანხის მიღება, ასევე დროებით უჩერდება საპენსიო შენატანის განხორციელება, საპენსიო შენატანების განახლება მოხდება ხელფასის სახით თანხის მიღებისას. თუ თქვენ ხართ თვითდასაქმებული, საპენსიო შენატანების განხორციელების განახლების უფლებაც იგივე პრინციპით გაქვთ. ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საპენსიო შენატანების განხორციელების დროებით შეჩერების შემთხვევაში საპენსიო აქტივები რჩება პირის საპენსიო ანგარიშზე და არ იკარგება.

- თუ ვერ ვიცოცხლე საპენსიო ასაკამდე, ჩემი საპენსიო დანაზოგი სად მიდის?

- პირის საკუთრებას წარმოადგენს საპენსიო აქტივები, რომელიც მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახება. ამ აქტივების განკარგვის უფლება პირს წარმოეშობა საპენსიო ასაკის მიღწევისას და სხვა კანონით გათვალისწინებულ გარემოებებში. იმ შემთხვევაში, როდესაც პირი გარდაიცვლება, მის ინდივიდუალურ ანგარიშზე არსებული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა გადაეცემა მის მემკვიდრეს, რომელსაც კანონით დადგენილი წესით მიღებული ექნება სამკვიდრო. მემკვიდრეს აქვს უფლება, აირჩიოს, თანხის ერთიანად მიღება, ან მის პირად ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადაიტანოს მამკვიდრებლის საპენსიო აქტივები.

- ვისარგებლე საპენსიო დანაზოგით. ვარ 61 წლის და ისევ ვმუშაობ. თუ არის სქემაში ისევ ჩართვა შესაძლებელი?

- კანონი არ გზღუდავთ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრიანება. საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანების უფლება აქვს ნებისმიერ დასაქმებულს ან თვითდასაქმებულ პირს. საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანების შემთხვევაში ჩაითვლებით სავალდებულო წესით გაწევრიანებულად და აღარ გექნებათ უფლება დატოვოთ საპენსიო სქემა. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თუ თქვენ უკვე ისარგებლეთ საპენსიო დანაზოგის ერთიანი გადახდის მიღების წესით, შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით ვეღარ მოითხოვთ ერთიანი გადახდით პენსიის მიღებას განმეორებით.

- ვარ 59 წლის. შემიძლია, თუ არა ჩავერთო საპენსიო სქემაში?

- თუ თქვენ ხართ დასაქმებული ან თვითდასაქმებული, მაგრამ არასდროს ყოფილხართ საპენსიო სქემის მონაწილე და სურვილი გაქვთ რომ გახდეთ სქემის მონაწილე, შეგიძლიათ, მიმართოთ საპენსიო ფონდს განცხადების შესაბამისი ფორმით.

- ადრე დავტოვე დაგროვებითი საპენსიო სქემა. შემიძლია, ისევ აღვადგინო? ვარ 49 წლის...

- ნებისმიერ დასაქმებულ ან თვითდასაქმებულ პირს შეუძლია, მიმართოს საპენსიო ფონდს დაგროვებით საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრიანების მიზნით. თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს გაწევრიანდეთ საპენსიო სქემაში. ამ შემთხვევაში ჩაითვლებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრიანებულად.

- მაინტერესებს, თუ ადამიანმა საპენსიო ასაკამდე დააგროვა, პირობითად, 1000 ლარი, მაშინ ამ დაგროვილ თანხაზე სამჯერ მეტს აიღებს? ანუ 3000 ლარს? რადგან სახელმწიფო და დამსაქმებლის დანამატიც ემატება?

- საპენსიო ფონდი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად განსაზღვრავს ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნას, პორტფელის ერთეულის ღირებულებას გამოთვლის მეთოდოლოგიას, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიას. საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებულია საპროგნოზო საპენსიო მთვლელი სისტემა, რომლის გამოყენებითაც ნებისმიერ პირს ეძლევა შესაძლებლობა, მისთვის სასურველი მონაცემებით (დარიცხული ხელფასი, არსებული დანაზოგი, მიმდინარე ასაკი) გამოგითვალოთ დანაზოგი პენსიაზე გასვლისას, ასევე დაგროვებითი ყოველთვიური პენსია, ჯამური ყოველთვიური პენსია.

- ვარ 66 წლის. ვარ დაგროვებითი პენსიის სქემაში. ასევე, ვარ მოქმედი მასწავლებელი. შემიძლია თუ არა გამოვიდე სქემიდან?

- თქვენ უკვე მიაღწიეთ საპენსიო ასაკს, შესაბამისად აღნიშნული ასაკის მიღწევამდე 6 თვით ადრე ფონდი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეგატყობინებდათ, რომ გქონდათ პენსიის დადგენილი წესით მიღების უფლება. რადგან თქვენ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ არ გამოიყენეთ პენსიის მიღების შესაძლებლობა, თქვენს საპენსიო შენატანის განხორციელება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მიმართოთ ფონდს და მიიღოთ საპენსიო დანაზოგი, თუმცა საპენსიო შენატანის განხორციელება აღარ მოხდება.

- რა უნდა გავაკეთო, თუ დამსაქმებელმა სქემაში ჩართვაზე უარი მათქმევინა?

- კანონით დამსაქმებელს ეკრძალება დასაქმებულის დარწმუნება ან მასზე სხვა ფორმით ზემოქმედება დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. თუ თქვენი დამსაქმებელი საპენსიო სქემაში გაწევრიანების პროცესში ჩაერია ეს კანონის დარღვევაა. ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს მონიტორინგი. მონიტორინგი შეიძლება, იყოს როგორც გეგმიური, ასევე არაგეგმიური. არაგეგმიური მონიტორინგი შეიძლება, განხორციელდეს დაინტერესებული პირის ან ნებისმიერი სხვა პირის განცხადების საფუძველზე. მონიტორინგის მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დაჯარიმდება დამსაქმებელი 500 ლარით. დამსაქმებლის მიერ ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მას საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულებისგან. მას შემდეგ, რაც დამსაქმებელი გადაიხდის ჯარიმას და განახორციელებს საპენსიო შენატანს, ის აისახება თქვენს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.

- როგორ შეიძლება, რომ დაგროვილი პენსია მივიღო? ვარ 67 წლის

საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგპირს წარმოეშობა უფლება, მიიღოს ამ ინსტრუქციის შესაბამისად დაანგარიშებული პენსია. თქვენს შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ საპენსიო ასაკის მიღწევისას არ გისარგებლიათ ამ უფლებით. ამდენად, თქვენი საპენსიო შენატანის განხორციელება გრძელდება კანონის და საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. პენსიის მისაღებად უნდა მიმართოთ საპენსიო ფონდს და მიიღოთ თქვენს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულება ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით.

როგორ გადანაწილდება დაგროვებითი პენსია მას შემდეგ, რაც საპენსიო ასაკს მივაღწევთ და რა განსხვავებაა სახელმწიფო პენსიასა და დაგროვებით პენსიას შორის - იურისტი განმარტავს