ტელესერიალ „ჰარი პოტერის“ ახალი ეკრანიზაციის მიმართ საზოგადოება უკვე დიდ დაინტერესებას გამოხატავს. განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოხატეს თაყვანისმცემლებმა, როცა ცნობილი გახდა, რა ოდენობის ჰონორარს მიიღებენ მთავარი როლების შემსრულებელი ბავშვი მსახიობები.
როგორც გამოცემა The Sun წერს, სამი ახალგაზრდა მსახიობი — არაბელა სტენტონი(ჰერმიონი), დომინიკ მაკლაფლინი(ჰარი) და ალასტერ სტაუტი (რონი) — სერიალის პირველ სეზონში თითოეული დაახლოებით 740 ათასი დოლარი მიიღებს.

თუ ამ თანხას ეპიზოდებზე გავანაწილებთ, თითო სერიის ჰონორარი 86 ათას დოლარზე მეტს შეადგენს. წყაროს თქმით, ეს თანხა „თავბრუდამხვევია“ იმ ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც ჯერ მოზარდობის ასაკისთვისაც არ მიუღწევიათ. ინსაიდერის შეფასებით, თუ ისინი ასეთივე ტემპით გააგრძელებენ მუშაობას, შესაძლოა 18 წლის ასაკამდე უკვე მულტიმილიონერები გახდნენ.

მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი ციფრებისა, ახალბედების ანაზღაურება საგრძნობლად ჩამოუვარდება ორიგინალი მსახიობების ჰონორარებს. მაგალითად, ფილმ „ჰარი პოტერის“ პირველ ნაწილში დანიელ რედკლიფმა, ემა უოტსონმადა რუპერტ გრინტმა თითოეულმა 1 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.
სამივე ახალგაზრდა მსახიობმა მასშტაბურ კასტინგში გაიმარჯვა, სადაც 32 ათასზე მეტი კანდიდატი გამოცხადდა. სერიალის პირველი თიზერ-თრეილერი გასულ კვირას გამოვიდა.
პირველი სეზონი, რომელიც წიგნს "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" ეფუძნება , რვა სერიისგან შედგება და მისი პრემიერა 2026 წლის შობას არის დაგეგმილი.

თავად ახალგაზრდა მსახიობები ჯერ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა მათი წინამორბედები უკვე გამოეხმაურნენ ახალ შემადგენლობას. დანიელ რედკლიფმა, რომელმაც ფილმებში ჰარის როლი შეასრულა, აღნიშნა, რომ ბავშვები „ძალიან პატარები ჩანან“. მისი თქმით: „ვუყურებ მათ და ვფიქრობ — ღმერთო, რა პატარა ვიყავი, როცა ამაში ვიღებდი მონაწილეობას. ძალიან საყვარლები არიან და იმედი მაქვს, ისინი ამ პროცესით ტკბებიან“.
ნორჩი მსახიობების ასაკი ოფიციალურად ცნობილი არ არის, კულუარული ინფორმაციით, 9-11 წლისანი არიან, თუმცა ყველა აღნიშნავს, რომ ბევრად პატარებად გამოიყურებიან.
ახალი „ჰარი პოტერის“ სერიალი უკვე ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი პროექტია — როგორც ჰონორარების, ისე კასტინგის გამო — და მისი გამოსვლა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დიდ ინტერესსა და დისკუსიას გამოიწვევს.

მთავარი როლების შემსრულებელი ბავშვების შერჩევა მარტივი პროცესი არ ყოფილა — პირიქით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კასტინგი თანამედროვე სატელევიზიო პროექტებში. კასტინგზე 32 000-ზე მეტი ბავშვი გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია უკიდურესად მაღალი იყო.
შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა:
პირველ ეტაპზე კანდიდატებს უნდა გაეგზავნათ ვიდეოები, სადაც ისინი ასრულებდნენ მონოლოგებს ან დიალოგებს. ამ ეტაპზე განსაკუთრებით ფასდებოდა ბუნებრივი თამაში, მეტყველება და პერსონაჟთან შესაბამისობა. ამ ეტაპზე აკრძალული იყო ჰარი პოტერის ტექსტების გამოყენება. სტუდიას არ უნდოდა, ბავშვებს ვინმეს კოპირება გაეკეთებინათ,უნდოდათ დაენახათ ბავშვებს საკუთარი ხასიათი და ინტერპრეტაციის უნარი გამოევლინათ.
შემდეგ ეტაპზე შერჩეული ბავშვები უკვე ონლაინ ან პირისპირ შეხვედრებზე გადაიყვანეს, სადაც მათ სხვადასხვა სცენის შესრულება — მათ შორის, ემოციური დიალოგები, მეგობრული ინტერაქცია და იმპროვიზაციაც კი მოუწიათ.
მესამე ეტაპი იყო „ქიმიის ტესტი“ — აქ უკვე მომავალ ჰარის, ჰერმიონასა და რონის როლზე შერჩეული კანდიდატებს ერთად აყენებდნენ სცენებში, რათა შემოწმებულიყო, რამდენად ბუნებრივად ეწყობოდნენ ერთმანეთს ეკრანზე. ეს ეტაპი ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან ამ ისტორიისთვის მთავარი სწორედ პერსონაჟებს შორის ურთიერთობაა.
ბოლო ეტაპზე კი გადაწყვეტილებას პროდიუსერები და კასტინგის დირექტორები იღებდნენ, რომლებიც აფასებდნენ არა მხოლოდ სამსახიობო უნარებს, არამედ იმასაც, თუ რამდენად შეძლებდნენ ბავშვები მრავალწლიანი პროექტის დატვირთვის გაძლებას — როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

საბოლოოდ, ათიათასობით კანდიდატიდან სწორედ ეს სამი ბავშვი შეარჩიეს, რაც უკვე თავისთავად მიუთითებს, რომ მათ არა მხოლოდ ნიჭი, არამედ გამორჩეული ეკრანული ქარიზმაც აქვთ.