მკითხველის წერილებს, რომლებიც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის იყოს საინტერესო და სასარგებლო, საჯაროდ ვაქვეყნებთ. ესეც ერთ-ერთი მათგანია:
"საკვები ისე ძვირდება, დიასახლისები ვეღარ ვაძლევთ თავს უფლებას თუნდაც მცირე რაოდენობით პროდუქტი გაფუჭდეს. მოგეხსენებათ, ბოსტნეული შედარებით ცოტა ხნით ძლებს და მით უმეტეს, სალათის ფურცლები. შეიძლება სადმე იაფად ნახეთ და ბევრის ყიდვისგან თავს იკავებთ, რათა ვერ შეინახავთ. ასეთი შემთხვევებისთვის გასწავლით სალათის ფურცლების შენახვის ძალიან მარტივ და პრაქტიკულ ხერხს. მისი წყალობით, ფოთოლი 2-3 კვირის განმავლობაში არ დაჭკნება, შეინარჩუნებს სიმკვრივეს და ისეთივე ხასხასა იქნება.
ამ მეთოდის მთავარი პირობაა ის, რომ ფოთოლი საღი უნდა იყოს. როცა სალათის თაიგულს დაშლით, ბუნებვია, გარედან არსებული ფოთლები ოდნავ შელახული იქნება, ისინი, ეცადეთ, მალევე გამოიყენოთ. ხანგრძლივი შენახვისთვის კი გაითვალისწინეთ ის ფურცლები, რომლებიც მაქსიმალურად საღია.
დაშალეთ ფურცლები და დააყოვნეთ ცივ წყალში. ამოიღეთ, გამოცვალეთ წყალი და მეორედაც ჩააწყვეთ. გარეცხეთ ძალიან ფრთხილად, ყოველ ბზარი, რომელიც ფოთოლს აქვს, მის გაფუჭებას დააჩქარებს. ამიტომ ხანგრძლივი შენახვისთვის ის ფოთლები გადადეთ, რომლებიც "დამტვრეული" არ არის. გარეცხილი, ჯერ კიდევ სველი ფოთლები ჩააწყვეთ ფართოპირიან კონტეინერში და თავი დაახურეთ. თუ კონტეინერები არ გყოფნით, შეგიძლიათ ერთჯერად პარკებშიც განათავსოთ, რომლებშიც ტავისფლად მოტავსდება და გვერდები არ "დაემტვრევა". ასე შენახული ფოთლები 2 კვირას მაინც გაძლებს. თუ საღებია, მესამე კვირასაც გამოიყენებთ.
ადრე გაზეთში გახვევა მირჩიეს, მაგრამ ძალიან მალე ჭკნებოდა. თანაც გაზეთის საღებავი ნამდვილად არ არის სასურველი საკვებ პროდუქტთან ასე მჭიდრო შეხებაში. ამიტომ ეს მეთოდი ძალიან კარგად მოვირგე. იმედია, თქვენც გამოგადგებათ. რას ვიზამთ, ბოსტნეული ისე ძვირია, ყველაფერს უნდა გავუფრთხილდეთ და მაქსიმალურად უდანაკარგოდ გამოვიყენოთ".
მადონა, 42 წლის.
რა სარგებლობა აქვს სალათის ფურცლებს?
სალათის ფოთლები ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი და ამავდროულად სასარგებლო პროდუქტია, რომელიც დადებითად მოქმედებს მთლიანად ორგანიზმზე. ის მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის და ორსულობის პერიოდში ნაყოფის განვითარებისთვის. ასევე შეიცავს ვიტამინებს A, C და B ჯგუფს, რომლებიც აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ხელს უწყობს ენერგიის შენარჩუნებას.
სალათის ფოთლები ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, რადგან შეიცავს ბოჭკოებს, რომლებიც აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას და ხელს უშლის შეკრულობას. ამასთანავე, მისი დაბალი კალორიულობა იდეალურს ხდის მათთვის, ვინც წონას აკონტროლებს ან დიეტას იცავს.
მას აქვს მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტიც — ხელს უწყობს სტრესის შემცირებას და ძილის გაუმჯობესებას. ასევე დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რადგან შეიცავს კალიუმს, რომელიც არეგულირებს არტერიულ წნევას.
სალათის ფოთლებში არსებული ანტიოქსიდანტები იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან, რაც ამცირებს ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს და ხელს უწყობს ახალგაზრდობის შენარჩუნებას.