"მამას ვეძახი, უზომოდ კეთილია და სულ მინდა, ჩემით იამაყოს... ეგ ხომ ძალიან რთულია, როცა ცოლი მოგყავს სამი ბავშვით, თან დევნილები... მალე მინდა შვილი გავაჩინო, რომ ამან გაზარდოს..." - ნათიას ემოციური ინტერვიუ - მშობლები

"მამას ვეძახი, უზომოდ კეთილია და სულ მინდა, ჩემით იამაყოს... ეგ ხომ ძალიან რთულია, როცა ცოლი მოგყავს სამი ბავშვით, თან დევნილები... მალე მინდა შვილი გავაჩინო, რომ ამან გაზარდოს..." - ნათიას ემოციური ინტერვიუ

2026-04-02 00:53:12+04:00

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ცნობილმა ბლოგერმა და ჟურნალისტმა, "ნათიას TALK"-ის შემქმნელმა გულახდილად ისაუბრა დევნილობის რთულ წლებზე, რესპუბლიკურის შენობის პაწაწინა ოთახში გატარებულ ბავშვობაზე, გაჭირვებაზე, სირცხვილზე არასაკმარისი ტანსაცმლის თუ ბევრი დანაკლისის გამო, ემიგრაციაზე ჯერ რუსეთში, შემდეგ - ამერიკაში, დედასთან და დედმამიშვილებთან ერთად, ტრავმებზე, დეპრესიაზე და ხელახლა ნაპოვნ საქართველოზე. ასევე ისაუბრა მამობილზე, რომელსაც მამას ეძახის და რომელსაც ნათიას დედა წლების წინ, სამი შვილით გაჰყვა ცოლად.

-მამაჩემმა რაც ჩვენთვის გააკეთა... დედაჩემმაც, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცი რატომ მამაჩემთან მაქვს უფრო სხვაგვარი, ძალიან დიდი პატივისცემა, ძალიან კეთილია. თავისი შვილები არ ჰყავს და მე სულ ვიძახი, რომ სისხლით, ყველაფრით შენი ვარ და ყოველთვის ის მომენტი მქონდა, რომ ის ძალა, რაც ჩემში ჩადო, მინდა იამაყოს. მე ვარ მამაჩემის შვილი, და დედაჩემისაც, რა თქმა უნდა, მაგრამ მინდა ჩემით იამაყოს და თავისი თავით რომ იამაყოს. ეგ ხომ ძალიან რთულია, როცა ცოლი მოგყავს სამი შვილით, თან დევნილები არიან, ყველა ისე უყურებს, რომ, აუ, რაღა სამშვილიანი მოგყავს... ფიზიკას გვასწავლიდა, მათემატიკას... ისეთი კეთილია, რომ არ ვიცი. შეყვარებული არ მყავს, მაგრამ მალე მინდა შვილი გავაჩინო, რომ ამან გაზარდოს და რაღაცები ასწავლოს. სულ ვეუბნები, რომ მეთქი, მამი, კარგად უნდა იყო, შენ თავს მიხედე, რომ ჩემს შვილს ქართულად უნდა ესაუბრო და მათემატიკა და ფიზიკა შენ უნდა ასწავლო...