გლორია ვანდერბილტი, ფაქტობრივად, უკვე ცნობილი დაიბადა. ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მემკვიდრის დაბადების შესახებ ყველა მედია იუწყებოდა. გოგონამ მამისაგან, მაგნატ რეჯინალდ ვანდერბილტისაგან, რომელიც შვილის დაბადებიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა, მრავალმილიონიანი ქონება მემკვიდრეობით მიიღო. 10 წლის ასაკში გლორია ბეჭდური გამოცემების ფურცლებზე სასამართლო პროცესის გამო კვლავ მოხვდა, რომლის მოგებაც შეძლო. გოგონა მსახიობობაზე ოცნებობდა და რამდენიმე ტელესერიალშიც კი გადაიღეს. თუმცა, სახელი სრულიად სხვა სფეროში - საკუთარი ბრენდის ჯინსებით გაითქვა.
როდესაც გლორია ვანდერბილტი დაიბადა, ამერიკულ საზოგადოებაში მიიჩნიეს, რომ გოგონას ნათელი და მდიდარი მომავალი გარანტირებული ჰქონდა. იგი აშშ-ის უმსხვილესი მრეწველების დინასტიის წევრი იყო. მიუხედავად ამისა, მამამისი, რეჯინალდ ვანდერბილტი, სამუშაოზე არ ზრუნავდა, ცხოვრებას ფუჭ გართობაში, მდიდრულ მოგზაურობებსა და კაზინოში თამაშში ატარებდა და ალკოჰოლში უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა.
როდესაც მილიონერი 42 წლის იყო, მან 17 წლის გლორია მორგანზე იქორწინა, რომელმაც მალე ქალიშვილი გააჩინა. მამისა და პაპის მიერ დაგროვილი მრავალმილიონიანი ქონება, რეჯინალდის ჯანმრთელობასთან ერთად, თანდათან ქრებოდა. ექიმები მაგნატს ალკოჰოლით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ აფრთხილებდნენ, თუმცა ამაოდ. მსგავსი ცხოვრების წესის შედეგად, იგი ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა. მამის გარდაცვალების მომენტში პატარა გლორია მხოლოდ 15 თვის იყო.
დედამ, რომელიც ასევე არ ამბობდა უარს სმასა და ხმაურიან ცხოვრებაზე, ქალიშვილი ძიძას მიაბარა, თავად კი ახალი რომანების ძიებაში მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ გაემგზავრა. ერთხელ პატარა გოგონა მძიმედ დაავადდა. გლორია მორგანს ქალიშვილზე ზრუნვა და მისი აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში სამკურნალოდ ჩაყვანა მაინც მოუხდა. თუმცა, მორგანს დედობრივი გრძნობები დიდხანს არ გაჰყოლია. მას ევროპული მხიარული ცხოვრება მოენატრა, რის გამოც ბავშვზე მეთვალყურეობა მის მამიდას, გერტრუდა ვანდერბილტ უიტნის დაავალა, თავად კი მეგობრებთან რამდენიმე თვით გაფრინდა და შვილის მდგომარეობით არც კი დაინტერესებულა.
ეს გარემოება გლორიას მამიდას სრულიად არ აკმაყოფილებდა. მას შემდეგ, რაც გოგონას 10 წელი შეუსრულდა, მამიდამ სასამართლოში დედისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. ბავშვზე მეურვეობა გერტრუდამ გიაფორმა და იშვიათი ნახვების დროს გოგონასა და დედის ურთიერთობას მკაცრად აკონტროლებდა.
როდესაც ამერიკელი მაგნატის მემკვიდრე გლორია ვანდერბილტი 17 წლის გახდა, მან ჰოლივუდში მსახიობობა სცადა, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. რამდენიმე ნამუშევარში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გამორჩეული მსახიობი ვერ გახდა. მიუხედავად ამისა, გლორიამ პასკუალე დიჩიკოს წინადადება ძალიან სწრაფად მიიღო და მას გაჰყვა ცოლად, მაგრამ ეს ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა.
განქორწინებიდან მალევე ვანდერბილტმა ოჯახური სიმყუდროვის შექმნა დირიჟორ ლეოპოლდ სტოკოვსკისთან სცადა. მას არც ის ფაქტი აბრკოლებდა, რომ რჩეული მასზე ორმოცდაორი წლით უფროსი იყო... ამ ქორწინებაში გლორიამ ლეოპოლდს ორი ვაჟი აჩუქა. თუმცა, 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ეს კავშირიც დაიშალა.
ამის შემდეგ გლორიას იმდროინდელ ყველაზე ცნობილ მამაკაცებთან რამდენიმე ხმაურიანი რომანი ჰქონდა. გლორია ვანდერბილტის მესამე მეუღლე ცნობილი რეჟისორი სიდნი ლუმეტი გახდა. თუმცა, ეს ქორწინებაც 7 წელს გაგრძელდა.

მალე გლორიამ კვლავ იქორწინა მწერალ უაით ემორი კუპერზე. წყვილს ორი ვაჟი შეეძინა. თუმცა, ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. გლორიას ქვრივობა ეწერა - მისი მეუღლე საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა.
მეუღლის გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ ოჯახს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს: უფროსმა ვაჟმა, კარტერ ვანდერბილტ კუპერმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბიჭი მხოლოდ 23 წლის იყო. უმცროსი ვაჟი, ანდერსონ კუპერი, გლორიას სიამაყე და რჩეული იყო. იგი მოდელი და CNN-ის ჟურნალისტი გახდა. ..
ვანდერბილტი მსახიობობაზე ოცნებობდა, თუმცა მის სურვილს ასრულება არ ეწერა. მიუხედავად ამისა, მის შესახებ მთელმა მსოფლიომ ტანსაცმლისა და პარფიუმერიის ეტიკეტების წყალობით გაიგო. მაღალი საზოგადოების წარმომადგენელმა ქალბატონმა თეთრეულისა და ჭურჭლის საკუთარი ხაზი გამოუშვა. იგი სამოდელო ბიზნესით დაკავდა და შარფების ბრენდს საკუთარი სახელი მიანიჭა.
70-იან წლებში გლორია ვანდერბილტმა ჯინსები მოდურ ტრენდად აქცია და ისინი მარკით "Gloria Vanderbilt“ გამოუშვა. იმპერიის მემკვიდრემ ჯინსის სამოსის პოპულარიზაცია შეძლო და იგი ახალ კლასიკად აქცია. მალე მისი სახელი ფეხსაცმლის, სხვადასხვა აქსესუარისა და პარფიუმერიის ეტიკეტებზეც გამოჩნდა, რაზეც კომპანია L'Oreal აგებდა პასუხს.
მალე მისი ბრენდული პროდუქცია მთელ მსოფლიოში ცნობადი გახდა. ამასთანავე, მდიდარი მემკვიდრე საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობდა და საჯარო პერსონა იყო. გარდა ამისა, გლორია ვანდერბილტმა ინტერიერის დიზაინის შესახებ რამდენიმე წიგნი გამოსცა, ხოლო 2009 წელს მისი ავტობიოგრაფია დაიბეჭდა, სადაც გლორია საკუთარი სასიყვარულო რომანების შესახებ მოგვითხრობს.
ქალი 2019 წელს, 95 წლის ასაკში, კუჭის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.
