საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს, ტრადიციულად, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშში ის ტენდენციები და გამოწვევებია გამოკვეთილი, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს. ასევე, გამოკვეთილია ბოლო პერიოდში მიღწეული გარკვეული პროგრესიც.
ანგარიშში, ზოგადი განათლების ნაწილში, აღნიშნულია, რომ 2025 წელს განათლების სამინისტრომ 55 რეაბილიტირებული საჯარო სკოლა მიიღო-ჩაიბარა, ხოლო გასული წლის საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით, 75 სკოლა გადაეცა.
ამის პარალელურად, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 297 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ორ და მეტ ცვლაში, მათ შორის, 22 სკოლის შემთხვევაში - სამ ცვლაში მიმდინარეობს, რაც უმეტესად მოსწავლეთა დიდი კონტინგენტითაა განპირობებული. მითითებული 22 სკოლიდან 16 შემთხვევაში სამ ცვლაში სწავლების მიზეზი, სწორედ, მოსწავლეთა რაოდენობა, ხოლო 6 სკოლის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოები და სწავლის ალტერნატიულ სივრცეში წარმართვაა.
"საყურადღებოა, რომ ცვლების რაოდენობა, განსაკუთრებით კი სამცვლიანი რეჟიმი, უარყოფითად აისახება ბავშვების კლასგარეშე და არაფორმალურ აქტივობებში ჩართვისა და მათი განვითარების შესაძლებლობაზე”, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ზოგადი განათლების უწყვეტობის კუთხით კვლავ იკვეთება პრობლემური ტენდენციები. კერძოდ, წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებული რაოდენობრივი მაჩვენებლის მიუხედავად, 2025 წელს 7248 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 1366 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა უმრავლეს შემთხვევაში, კვლავაც "ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრების", "მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მოსწავლის განცხადების", 45 სასწავლო დღის განმავლობაში მოსწავლის გამოუცხადებლობისა და "პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელების" საფუძვლით ხდება. ამასთანავე, ყველაზე მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებელი, გასული წლის მსგავსად, ისევ თბილისში (3434), ქვემო ქართლისა (1371) და აჭარის (1050) რეგიონებში იკვეთება.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წლის განათლების რეფორმის ფარგლებში დამტკიცებული "სასკოლო კვების პროგრამა", რომელიც სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა, ამ დრომდე არ დანერგილა.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ბავშვთა სიღარიბისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლებში უფასო კვების დასანერგად შესაბამისი ღონისძიებების ინტენსიურად განხორციელება, ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესია.
ვრცლად სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიში შეგიძლიათ, ნახოთ ბმულზე.