ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს იმ სხვადასხვა პროდუქტის შესახებ, რომლებიც ონკოლოგიის განვითარების რისკს ზრდის:
- წითელი ხორცი პირდაპირ არ არის ცნობილი დამნაშავედ, რომ ის ონკოლოგიას იწვევს. მაგრამ, შესაძლებელია, მიზეზი აღმოჩნდეს. იგი ჯერჯერობით შესაძლო მიზეზად მეორე ჯგუფის A კატეგორიაში რჩება. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მას მკაცრად განსაზღვრული ადგილი აქვს. თუმცა, განსაკუთრებული რისკის ფაქტორად ე.წ. პროცესირებული ანუ დამუშავებული ხორცი იქცა. ესენია: შებოლილი, შემწვარი, დაშაშხული, კონსერვირებული და ასე შემდეგ. ამ პროდუქტების უკიდურესი გადამუშავების პროცესში წითელ ხორცს უამრავი დანამატი და სხვა კომპონენტი ემატება, რომლებიც ამ პროდუქტებში არსებული ნივთიერებების გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება. ეს პროდუქტები პირველ ჯგუფში განიხილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ბრალეულობა დადასტურებულია. დღეს უკვე ვიცით, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს პროცესირებულ წითელ ხორცს ანუ უკიდურესად დამუშავებულ წითელ ხორცსა და ონკოლოგიურ რისკს შორის. ქალების შემთხვევაში ამას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
- რა თქმა უნდა, თქვენთვის მოულოდნელი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ სრულფასოვანი ცილით უზრუნველყოფა ქალის ონკოლოგიურ რისკებს ამცირებს. ამ შემთხვევაში, წითელი ხორცის ალტერნატივად განვიხილავთ სხვადასხვა - როგორც ცხოველური, ისე მცენარეული წარმოშობის ცილებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცენარეული ცილები, მათ შორის ლობიო და ნიგოზი, რომლებიც ქალბატონებისთვის საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს.
ონკოლოგიური რისკის შესამცირებლად საჭიროა ქალებმა ყურადღება გაამახვილონ ისეთ ცილებზე, რომლებიც ორგანიზმში მცენარეული საკვების მეშვეობით ხვდება. ამ პროდუქტებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ცილის გარდა შეიცავენ სხვა ნივთიერებებსაც, რომლებიც ონკოლოგიური რისკის თავიდან აცილებაში გვეხმარება. მაგალითად, მათში არის თუთია, აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები და გარკვეული ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ჩვენს იმუნიტეტს აძლიერებს.
მოდით, გავაგრძელოთ ეს ჩამონათვალი: აღმოვაჩენთ, რომ სასარგებლო ცხიმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომეგა-3-ის შემცველობის თვალსაზრისით. ამ მხრივ გამორჩეულია თევზეული, ნიგოზი, სელის თესლი და ზოგადად სხვადასხვა სახის მარცვლეული, რაც ქალის ყოველდღიური რაციონის აუცილებელი დანამატია.
ყველასთვის კარგად ცნობილია: ბოსტნეული და ხილი თავისი მრავალფეროვნებით. ისინი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლურჯი მოცვი, კენკროვანი კულტურები და ციტრუსები - ეს პროდუქტები შედის იმ შკალაში, რომელსაც ხშირად გიზიარებთ და ჰარვარდის ანთების საწინააღმდეგო პროდუქტების ნუსხა ჰქვია.
ქალის ორგანიზმისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მარცვლეულ-ბურღულეული: ოღონდ არა რაფინირებული და ტექნოლოგიურად გადამუშავებული, არამედ მთლიანი მარცვალი და მისგან მომზადებული პროდუქტები, როგორც სასარგებლო ნივთიერებების საუკეთესო წყარო.
კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას სასარგებლო ცხიმებზე. უკვე ვახსენე, რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის ნორმალური წონის შენარჩუნება და ზრუნვა იმაზე, რომ ორგანიზმში ჭარბი ცხიმი არ დაგროვდეს, ხოლო სხეულის შემადგენლობა კუნთოვანი მასის სასარგებლოდ შეიცვალოს. სწორად შერჩეული ცხიმები მხოლოდ გემოვნებაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ პროდუქტების სწორ თანაფარდობაზე. როდესაც ბალანსი ირღვევა, ჭარბი შაქარიც, ცილაც და ზედმეტი ცხიმიც - საბოლოოდ მაინც ცხიმად გროვდება. ორგანიზმს სჭირდება წონასწორობა საკვებ ნივთიერებებს შორის, რაც თქვენს თეფშზე მინიმუმ ხუთი სხვადასხვა ფერისა და ჯგუფის პროდუქტით უნდა გამოიხატოს.
კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც ქალებში ონკოლოგიურ რისკს მკვეთრად ამცირებს - ეს არის მოწესრიგებული ნაწლავი. აქ არ იგულისხმება მხოლოდ სისტემატური მუშაობა, არამედ ის უხილავი სამყარო, რომელიც ჩვენში რეალურ ცვლილებებს იწვევს. მცენარეული ბოჭკო, რომელსაც შეიცავს ბოსტნეული, ხილი და მარცვლეული, ბურღულეული. ცილების, ცხიმებისა და რთული ნახშირწყლების სწორი თანაფარდობა, ყველა საჭირო ამინომჟავისა და გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავების გამოყენება - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი სხეულისთვის, არამედ იმ სამყაროსთვის, რომელსაც ნაწლავით ვატარებთ. სწორედ ეს ნივთიერებები განსაზღვრავენ ბალანსს მეგობრულ და მავნე ბაქტერიებს შორის.
თავის მხრივ, ნაწლავი განაპირობებს ჩვენს გუნება-განწყობასაც, რადგან ის გამოიმუშავებს სეროტონინის 90 პროცენტზე მეტს. ეს კი განსაზღვრავს არა მხოლოდ იმას, თუ როგორი გუნება-განწყობა აქვთ ქალებს, არამედ იმასაც, თუ როგორი რესურსი აქვთ ონკოლოგიური რისკის შესამცირებლად, ხოლო პრობლემის არსებობის შემთხვევაში - მაქსიმალურად ადვილად გაუმკლავდნენ იმ ბრძოლას, რომელსაც ომში გამარჯვებისკენ მიჰყავს ქალბატონი.