რა მოაქვს ასაკისთვის შეუფერებელ, ზედმეტ თავისუფლებას ბავშვისთვის: "უფრო ხშირად ვხვდებით შფოთიან ბავშვებს, დაბნეულებს, იმპულსურებს, ზოგჯერ აგრესიულებს" - მშობლები

რა მოაქვს ასაკისთვის შეუფერებელ, ზედმეტ თავისუფლებას ბავშვისთვის: "უფრო ხშირად ვხვდებით შფოთიან ბავშვებს, დაბნეულებს, იმპულსურებს, ზოგჯერ აგრესიულებს"

2026-04-03 10:55:05+04:00

თანამედროვე მშობლები ცდილობენ, ბავშვებს მაქსიმალურად მისცენ თავისუფლება და თითქმის ყველაფერში გაითვალისწინონ მათი აზრი, იქნება ეს საკვების არჩევა, ჩაცმა თუ შაბათ-კვირის გატარების ადგილი. თუმცა ხშირად ამ პროცესში ბავშვი კარგავს ყველაზე მნიშვნელოვანს — უსაფრთხოების და სტაბილურობის შეგრძნებას, რომელიც მკაფიო წესებს მოაქვს.

მაშ, როგორ ვიპოვოთ ბალანსი? პასუხი დიდწილად ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული.

როცა თავისუფლება გადაჭარბებულია

აღზრდის მიდგომებში ცვლილებები დასავლეთში 1970–1980-იან წლებში დაიწყო, ხოლო ჩვენს რეალობაში — ცოტა მოგვიანებით. ამ პერიოდში ბავშვები აღარ აღიქმებოდნენ მხოლოდ აღზრდის „ობიექტებად“ და ისინი პიროვნებად, საკუთარი სურვილებისა და აზრების მქონე ადამიანებად მიიღეს.

ამავე დროს გაჩნდა „მშობლობის“ ცნება — უნარების ერთობლიობა, რომელიც ზრდასრულმა უნდა შეიძინოს, რათა სწორად წარმართოს ბავშვის განვითარება.

ამ ყველაფრის შედეგად ბევრი თანამედროვე მშობელი ცდილობს, შვილებს მაქსიმალური თავისუფლება მისცეს, რათა არ გაიმეოროს საკუთარი მშობლების შეცდომები და არ „დაახშოს“ ბავშვის ბუნება. შედეგად ბავშვი გრძნობს, რომ მას უსმენენ და ითვალისწინებენ, რაც დამოუკიდებლობის განვითარებასაც უწყობს ხელს.მაგრამ ყველა საკითხს უნდა ვუთანხმებდეთ ბავშვს?

ბავშვთა ფსიქიატრი დანიელ მარსელი ამაზე ცალსახად პასუხობს: არა. „დღეს ჩვენ უფრო ხშირად ვხვდებით არა დათრგუნულ, არამედ გადატვირთულ, შფოთიან ბავშვებს — დაბნეულებს, იმპულსურებს, ზოგჯერ აგრესიულებს. ზედმეტი თავისუფლება დეზორგანიზაციას იწვევს.“

გამოსავალი არის ბავშვისთვის არჩევანის გაკეთების სწავლება ეტაპობრივად — ასაკის გათვალისწინებით და მკაფიო საზღვრების ფარგლებში.

5 წლამდე: არჩევანი ბავშვისთვის ჯერ რთულია

არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთული კოგნიტიური პროცესია, რომელიც ტვინის გარკვეულ განვითარებას მოითხოვს — განსაკუთრებით პრეფრონტალური ქერქის, რომელიც პასუხისმგებელია შეფასებაზე, დაგეგმვასა და თვითკონტროლზე.

როდესაც პატარა ბავშვს უამრავ ვარიანტს ვთავაზობთ, ჩვენ მის ფსიქიკას ვტვირთავთ. შედეგად, ის არჩევს ან იმას, რაც ყველაზე ნაცნობია, ან იმას, რაც ამ მომენტში ყველაზე სასიამოვნოა, რაც ყოველთვის სასარგებლო არ არის (მაგალითად, კვების შემთხვევაში).

ამასთან, ბავშვს შეიძლება ჩამოუყალიბდეს დამოკიდებულება: „ჩემი სურვილი ყველაზე მნიშვნელოვანია“. და კიდევ ერთი პრობლემა — მუდმივი უკმაყოფილება. როგორც კი ერთი სურვილი სრულდება, მაშინვე ჩნდება ახალი და კმაყოფილების განცდის ნაცვლად ვირებთ მუდმივად გაღიზიანებულ, არა ლაღ და ბედნიერ ბავშვს. მშობლები ხშირად ამბობენ: „არასდროს კმაყოფილდება“.

როგორ მოვიქცეთ:

მშობლებმა 5 წლამდე ბავშვებში პასუხისმგებლობა მშვიდად, მაგრამ მტკიცედ უნდა აიღონ საკუთარ თავზე და გაითვალისწინონ ბავშვის ძირითადი საჭიროებები: ძილი, ჯანსაღი კვება, რეჟიმი, აქტივობა.

საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შესთავაზოთ შეზღუდული არჩევანი: „გავალთ სასეირნოდ, ბურთით ითამაშებ თუ სასრიალოზე ისრიალებ?“ მაგრამ ვარიანტები არ უნდა იყოს ორზე მეტი.

ასევე მნიშვნელოვანია უკვე 1.5–2 წლიდან მკაფიო „არას“ დანერგვა. ეს დაეხმარება ბავშვს იმედგაცრუებასთან გამკლავებაში, სხვისი აზრის გათვალისწინებაში და შეამცირებს ყველაფრის ნებადართულობის განცდას.

6-დან 10 წლამდე: არჩევანი — მაგრამ საზღვრებში

დაწყებითი სკოლის ასაკში ბავშვს უკვე უყალიბდება ლოგიკური აზროვნება. სწორედ ამ დროს მშობლები ხშირად სხვა შეცდომაში ვარდებიან, ბავშვს თანასწორივით ექცევიან.

როგორც მარსელი აღნიშნავს, კონფლიქტების თავიდან აცილების ან საკუთარი გაურკვევლობის გამო, ზრდასრულები ხშირად გადასცემენ არჩევანს ბავშვებს. მაგრამ თუ არჩევანი „არასწორი“ აღმოჩნდება, ბავშვი თავს დამნაშავედ გრძნობს და კარგავს თავდაჯერებულობას.

როგორ მოვიქცეთ:

გამოიყენეთ მოქნილი სტრუქტურა. მშობელი წყვეტს მნიშვნელოვან საკითხებს — დღის რეჟიმს, სკოლას, დამატებით. ბავშვს კი შეუძლია არჩევანი გააკეთოს ამ ჩარჩოების ფარგლებში, რომელ სპორტზე ივლის, რას გააკეთებს თავისუფალ დროს, ვისთან იმეგობრებს, რა ფერის ან მოდელის ტანსაცმელს ჩაიცვამს.

მნიშვნელოვანია, არ ვეკითხებოდეთ მუდმივად „რა გინდა?“, არამედ ვთავაზობდეთ გონივრულ ვარიანტებს და ვეხმარებოდეთ არჩევანში.

თინეიჯერობა: კონტროლის ნაცვლად — დიალოგი

მოზარდობის პერიოდი არის დრო, როცა ბავშვი საკუთარ თავს ეძებს და სვამს კითხვებს: ვინ ვარ? სად მივდივარ? თუმცა აქაც კი ზედმეტმა არჩევანმა შეიძლება შფოთვა გააძლიეროს.

მშობლების როლი იცვლება — კონტროლიდან თანამშრომლობაზე გადადის. საჭიროა მოზარდთან საუბარი, ვარიანტების განხილვა, „პლუსებისა“ და „მინუსების“ გაანალიზება და კრიტიკული აზროვნების განვითარება.

ამავე დროს მნიშვნელოვანია საზღვრების შენარჩუნება, ოჯახის ღირებულებების გახსენება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პასუხისმგებლობის შენარჩუნება.

თუ მოზარდის არგუმენტები დამაჯერებელია — შესაძლებელია კომპრომისის მოძებნა. თუ არა — საბოლოო გადაწყვეტილება კვლავ მშობელზე რჩება. მაგალითად: „კარგი, შაბათს მეგობართან წახვალ, მაგრამ ღამით არ დარჩები და კვირას ერთად გავატარებთ.“

რა არის ნამდვილი თავისუფლება

ბავშვებისთვის თავისუფლება არ ნიშნავს წესების არარსებობას. პირიქით — ეს არის შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი უსაფრთხო და სტრუქტურირებულ გარემოში.

პასუხისმგებლობა კი ბავშვს უნდა გადაეცეს ეტაპობრივად — მისი ასაკისა და მზაობის შესაბამისად, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებს სურთ იყვნენ „თანამედროვე“ და პროგრესული.

ჩემი შვილი ყველაფერზე ტირის, შენიშვნა ისტერიკაში აგდებს. ვერ გავიგე, ხასიათია თუ რაიმე დარღვევა - როგორ დავეხმაროთ ზედმეტად მგრძნობიარე ბავშვს
განა ვინმე ამბობს იმას, რომ ბავშვს შენიშვნა არ მივცეთ. შენიშვნა რომ არ მივცეთ, შეიძლება, საბოლოო ჯამში, ცხოველი მივიღოთ. სიმკაცრესა და შენიშვნას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ფოკუსი ქცევაზე უნდა იყოს და არ პიროვნებაზე - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს