სახელი შეიცვალა, აშშ-ში გაემგზავრა და 7 შვილი გააჩინა - როგორ გახდა ვისოცკის შვილიშვილი ორთოდოქსი ებრაელი - მშობლები

სახელი შეიცვალა, აშშ-ში გაემგზავრა და 7 შვილი გააჩინა - როგორ გახდა ვისოცკის შვილიშვილი ორთოდოქსი ებრაელი

2026-04-03 12:27:02+04:00

ცნობილი ადამიანის ოჯახის წევრობა ზოგჯერ გამართლება კი არა, შესაძლოა, ტვირთი გახდეს. საბჭოთა ცნობილი მომღერლისა და პოეტის, ვლადიმერ ვისოცკის შვილიშვილის, ნატალია ვისოცკაიას ცხოვრება სწორედ ასე წარიმართა. ალბათ ამიტომაც, იგი საკუთარ თავსა და იმ ადგილს, სადაც ბედნიერი იქნებოდა, დაჟინებით ეძებდა. საინტერესოა, რომ ნატალიამ საკუთარი გზა აირჩია: მან სახელი შეიცვალა, შვიდი შვილი გააჩინა და ორთოდოქსული იუდაიზმის მკაცრი კანონებით ცხოვრება დაიწყო.

რთული ბავშვობა და ცნობილი ბაბუის ჩრდილქვეშ ცხოვრება

​ნატალია ვისოცკაია 1981 წელს, მოსკოვში, არკადი ვისოცკის - ვლადიმერ ვისოცკისა და ლუდმილა აბრამოვას ვაჟის ოჯახში დაიბადა. დედის შესახებ არაფერია ცნობილი და მისი სახელი ღია წყაროებში არ ფიგურირებს. ​სკოლის მასწავლებლებმა, მეზობლებმა თუ ნაცნობებმა, რა თქმა უნდა, ყველამ იცოდა, თუ ვინ იყო ნატალის პაპა.

natali-visocka-2-1775205103.jpg
ლუდმილა აბრამოვა, პატარა არკადი, ვლადიმერ ვისოცკი

"მისი შემოქმედებით რატომ არ ინტერესდები?", "შენ ხომ მასავით უნდა მღეროდე!", "ასე მოქცევის უფლება არ გაქვს, შენ ხომ ვისოცკის შვილიშვილი ხარ!" - ეს ფრაზები მას სკოლის პირველივე წლებიდან თან სდევდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ნატალიამ აღიარა: "მე უბრალოდ გოგონა არ ვიყავი. მე "ვისოცკის შვილიშვილი" ვიყავი და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩემგან ისეთი რამ მოეთხოვათ, თითქოს ზრდასრული ვყოფილიყავი. შეცდომის, ცელქობისა თუ ჩვეულებრივი ბავშვური სისულელის უფლება არ მქონდა".

​თუმცა ნატაშასთვის ეს ზეწოლა გაუგებარი იყო. იგი ვისოცკის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა და მას მხოლოდ კედელზე გაკრული შავ-თეთრი ფოტოებით იცნობდა. მისი სიმღერები გოგონასთვის მძიმე, პირქუში და ბავშვური აღქმისთვის სრულიად უცხო ჩანდა. 90-იან წლებში იგი პოპ-მუსიკას უსმენდა, ჯინსებზე ოცნებობდა და უბრალო მოზარდული ბედნიერება სურდა. ​

როდესაც გოგონა დაახლოებით 12 წლის იყო, მისი მშობლები საბოლოოდ დაშორდნენ. მაშინ ნატაშას დედამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ემიგრაციაში წავიდა. 90-იანი წლების შუა პერიოდში საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებელზე გამგზავრების შესაძლებლობა გაჩნდა. თავად ნატაშასთვის ეს გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა, რადგან მასზე ცნობილი გვარის პრიზმით ყურება პირველად შეწყვიტეს.

იგი ამბობდა: "პირველად აღმოვჩნდი სამყაროში, სადაც გვარი ვისოცკი არავინ იცოდა. იქ არავინ მეუბნებოდა, თუ ვინ უნდა ვყოფილიყავი. მე უბრალოდ გოგონა გავხდი - თუნდაც ოდნავ გზააბნეული, თუნდაც აქცენტით მოსაუბრე, მაგრამ მოლოდინებისგან თავისუფალი". ​

აშშ-ში გადასახლება: გადარჩენა თუ გაქცევა?

natali-visocka-3-1775205127.jpg
ნატალია ვისოცკაია

​1993 წლისთვის ნატალია დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად აშშ-ში, ებრაული დიასპორის რეპატრიაციის პროგრამით გადავიდა. ისინი აღმოსავლეთ სანაპიროს ერთ-ერთ ქალაქში, რუსულენოვანი ემიგრანტებით დასახლებულ გარემოში დამკვიდრდნენ. პირველი, რაც ნატალიამ იგრძნო, შვება იყო. ამერიკაში არავინ იცოდა, თუ ვინ იყო ვლადიმერ ვისოცკი. მის გვარს იქ არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. როგორც იქნა, "ვიღაცის შვილიშვილობა" შეწყვიტა.

"მეგონა, რომ მხრებიდან უზარმაზარი ზურგჩანთა მოვიხსენი, რომელსაც დაბადებიდან დავატარებდი. არავის წინაშე აღარაფერი მემართა", - იხსენებდა იგი მოგვიანებით. ​

vladimer-visocki-1775205292.jpg
ვლადიმერ ვისოცკი

თუმცა თავისუფლების განცდას მალევე დაბნეულობის გრძნობა მოჰყვა. ენის, კულტურის, სასკოლო გარემოსა და სამეგობრო წრის შეცვლა ნამდვილ გამოცდად იქცა. რუსეთში ნატაშა გამორჩეული მოსწავლე არ ყოფილა, მაგრამ არც ამერიკულ სკოლაში გაუადვილდა სწავლა. მისი თქმით, განათლების სისტემა უფრო რბილი ჩანდა, თუმცა ემოციურად - რთული. ​ემიგრაციაში მოზარდობის პერიოდი მარტივი არ ყოფილა. ნატაშა საკუთარ თავს სხვადასხვა სფეროში ცდიდა: ლინგვისტიკაში, ჟურნალისტიკაში, თარგმანში. მან არც შემოქმედებითი მხარე - ვიზუალური ხელოვნება, გრაფიკა და ფოტოგრაფია უგულებელყო.

მიუხედავად ამისა, მისთვის ცხოვრების საქმედ არცერთი მიმართულება არ ქცეულა. იგი ინტერესს სწრაფად იჩენდა და ასევე სწრაფადვე კარგავდა. ​სერიოზულ გარდამტეხ მომენტად ავტოსაგზაო შემთხვევა იქცა, რომელშიც ნატალია 90-იანი წლების ბოლოს მოჰყვა. ტრავმები საშიში არ იყო, თუმცა თავად ამ ფაქტს იგი მოგვიანებით "ზემოდან ბიძგს" უწოდებდა. თითქოს თავად ცხოვრებამ შეახსენა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.

"არ ვიცოდი, რა მიმართულებით წავსულიყავი, თუმცა ზუსტად მესმოდა, რომ ჩემი ძველი მე იმ დღეს დასრულდა", - ამბობდა იგი ერთ-ერთ იშვიათ ინტერვიუში.

ნატალიამ რელიგიით, ფილოსოფიითა და მსოფლმხედველობრივი სისტემებით დაინტერესება დაიწყო. სწორედ მაშინ დამყარდა მისი პირველი კონტაქტები ებრაულ კულტურასთან.

​სამხრეთ ამერიკიდან მოსკოვის სინაგოგამდე

natali-visocka-4-1775205159.jpg
ნატალია ვისოცკაია ვაჟთან ერთად

​საკუთარი ადგილის პოვნის სურვილით, ნატალია სამხრეთ ამერიკაში, შემდეგ კი გერმანიაში ცხოვრობდა.

25 წლის ასაკისთვის მას ქვეყნების, პროფესიების, კულტურებისა და ენების შთამბეჭდავი სია დაუგროვდა. სულიერი თვალსაზრისითაც იგი მერყეობდა: თავდაპირველად მასში ისლამისადმი ინტერესმა გაიღვიძა, შემდეგ კი - იუდაიზმისადმი.

მოგვიანებით მას მოსკოვიდან მამამ დაურეკა და დაბრუნება შესთავაზა: "ხეტიალით დაიღალე, გეყოფაო". ნატალია დათანხმდა. მოსკოვში, მეგობრების რჩევით, იგი სინაგოგაში აღმოჩნდა და პირველად შეიტყო ხაბადის მოძრაობის - იუდაიზმის ორთოდოქსული მიმდინარეობის შესახებ.

​ცხოვრება პიტსბურგში: ნაამად გარდასახვა

​რუსეთში დაბრუნება ხანმოკლე აღმოჩნდა. მალე იგი კვლავ აშშ-ში გაემგზავრა, თუმცა ამჯერად მიზანმიმართულად - პიტსბურგში, სადაც ერთ-ერთი უმსხვილესი ორთოდოქსი ებრაელთა თემი ცხოვრობდა. ​სწორედ აქ, ამ ჩაკეტილ სამყაროში, რომელიც მისი ძველი საერო ცხოვრებისგან სრულიად შორს იყო, ნატალიამ თავი, როგორც იქნა, შინ იგრძნო.

მან მომავალი მეუღლე - შლომო ტეპლიცკი გაიცნო. მამაკაცი ოდესელი ემიგრანტების ოჯახიდან იყო. ნატალიამ სხვა სახელი - ნაამა მიიღო. მან დახურული, გრძელი კაბების ტარება დაიწყო, თავი გადაიპარსა და ტრადიციების შესაბამისად, პარიკით სიარული დაიწყო.

503377082-1127746399391919-3940296052060731394-n-1775210651.jpg

დღეს, 43 წლის ნაამა შვიდი შვილის დედაა. მან პირველი შვილი ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ გააჩინა, დანარჩენები კი ერთმანეთის მიყოლებით. თავიდან ის ხატვას საზოგადოებრივ სკოლაში ასწავლიდა, მაგრამ მოგვიანებით ოჯახს მთლიანად მიუძღვნა თავი და თავისი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილია.

natali-visocka-5-1775205191.jpg
ნატალია ვისოცკაია მეუღლესთან და შვილებთან ერთად

19d8d4febc9d327616efc9da33a274ba-1775210651.jpg

  • მსახიობი და მუსიკოსი ვლადიმერ ვისოცკი ნამდვილი დონ ჟუანი იყო: სამი ოფიციალური ქორწინება და უამრავი რომანი ჰქონდა. მეორე ქორწინებიდან ორი ბიჭი ჰყავს. გარდა ამისა, ქორწინების გარეშე, მსახიობ ტატიანა ივანენკოსგან ვლადიმერს გაუჩნდა გოგონა - ანასტასია.

ბაბუა გადაირეოდა შენი საქციელის გამო - ვისოცკის შვილიშვილი სოციალურ ქსელში გაკიცხეს
ლაიმა ვაიკულე 72 წლისაა - ბრძოლა მძიმე სენთან, დედობის აუხდენელი ოცნება და ერთადერთი სიყვარული