ჯოზეფ ბაენამ, მსახიობის, ბოდიბილდერის და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორის, არნოლდ შვარცენეგერის ვაჟმა, ბოდიბილდინგის პირველი შეჯიბრი მოიგო, რითაც ოჯახის სპორტული დინასტია გააგრძელა.
28 წლის ბაენამ სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ NPC Natural Colorado State ტურნირზე რამდენიმე კატეგორიაში გაიმარჯვა. Instagram-ზე მან დაწერა: „მისია შესრულებულია!“.

მან თქვა, რომ მის მომზადებას ცნობილი მამა ხელმძღვანელობდა და უჭერდა მხარს. სწორედ ბოდიბილდერობით მოიპოვა პირველი პოპულარობა თავად შვარცენეგერმა 50 წელზე მეტი ხნის წინ, ავსტრიიდან გადასვლის შემდეგ.
ბაენამ აღიარა, რომ ყოველთვის ფორმაში არ იყო. მან თქვა, რომ სკოლის წლებში ჭარბწონიანი იყო და არასაკმარისი ფიზიკური მომზადების გამო კალათბურთისა და ფეხბურთის გუნდებში ვერ მოხვდა. მიუხედავად ამისა, მან შეძლო ცხოვრების წესის სრულად შეცვლა და ბოდიბილდინგში წარმატების მიღწევა - არსებითად მამის კვალს გაჰყვა. ამბობენ, რომ საკმაოდაც ჰგავს მას.


არნოლდ შვარცენეგერი ბოდიბილდინგის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად ითვლება. ის შვიდგზის „მისტერ ოლიმპიას“ და ხუთგზის „მისტერ სამყაროს“ გამარჯვებულია.ასაკის მიუხედავად, ის აგრძელებს ფორმაში ყოფნას და აქტიურად მონაწილეობს შვილის ვარჯიშში, მის მთავარ მენტორად რჩება.
როგორც ცნობილია, ჯოზეფი არნის უკანონო შვილია. ჯოს დედა, მილდრედ პატრიცია ბაენა, შვარცენეგერების ოჯახის ყოფილი დიასახლისია.

მისი უკანონო შვილი 2011 წელს გახდა ცნობილი, მსახიობის პოლიტიკიდან წასვლისთანავე. შვარცენეგერმა მოგვიანებით აღიარა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდა ბავშვის არსებობის შესახებ, მაგრამ შემდეგ ფინანსური პასუხისმგებლობა აიღო და შვილს არჩენდა.

ამ რომანის გახმაურებამ დაანგრია მსახიობის 25-წლიანი ქორწინება მარია შრაივერთან. რამდენადაც არ უნდა ეფიცა არნის, რომ ეს წარსულის შეცდომა იყო, ცოლს არ შეეძლო მისი პატიება.
წყვილმა ერთად 4 შვილი გაზარდა.


ჯოზეფ ბაენამ დედის გვარი შეინარჩუნა და 2019 წელს პეპერდაინის უნივერსიტეტი ბიზნესის სპეციალობით დაამთავრა. სპორტის გარდა, ის ასევე მისდევს სამსახიობო კარიერას, მამამისის მსგავსად, რომელთანაც უკვე მეგობრობს.

თავად ბიჭმა მხოლოდ 13 წლის ასაკში გაიგო, ვინ იყო მისი მამა. მანამდე სიმართლე საგულდაგულოდ იმალებოდა.







ასევე პოპულარული გახდა არნის უფროსი ვაჟი პატრიკი, რომელიც უკვე ცნობილი მსახიობია და საკმაოდ ბევრი როლიც დაუგროვდა. ის უკვე არა მხოლოდ ჰოლივუდის ვარსკვლავის შვილია, არამედ დამოუკიდებლადაც საკმაოდ საინტერესო კარიერა აქვს. ის არის მოდელი, მსახიობი, ბიზნესმენი და სხვადასხვა სფეროში არაერთ წარმატებას მიაღწია. სპორტული ტანსაცმლის საკუთარ ბრენდს ავითარებს და აქაც დიდი წარმატებები აქვს.
