რა დატვირთვა აქვს ბზობას ბაიას ტოტების შეძენას, სად შევინახოთ და როგორ მოვექცეთ ბზის დაზიანებულ ან ჩამოტეხილ ტოტებს - განმარტავს არქიმანდრიტი მაკარი - მშობლები

რა დატვირთვა აქვს ბზობას ბაიას ტოტების შეძენას, სად შევინახოთ და როგორ მოვექცეთ ბზის დაზიანებულ ან ჩამოტეხილ ტოტებს - განმარტავს არქიმანდრიტი მაკარი

2026-04-04 20:13:02+04:00

როცა უდიდესი რელიგიური დღესასწაულები გვიახლოვდება, ადამიანებს ბევრი კითხვა უჩნდებათ. ყველას სურთ, რომ დღესასწაულზე ყველაფერი სწორად გააკეთოს. ჩვენ თავი მოუყარეთ იმ შეკითხვებს, რაც ბზობის დთღესასწაულთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად ისმის.

რატომ დამკვიდრდა საქართველოში ეს დღე „ბზობის“ სახელწოდებით? რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს უფლისთვის ბზის ტოტებით მიგებებას? ჯობია ბზის ტოტები შევიძინოთ, ბაია თუ დაფესვიანებული მცენარე? როგორ მოვექცეთ წინა წლის, გამხმარ ბზას? აუცილებელია თუ არა ბზობის დღესასწაულზე თევზის მიღება?...

ამ და სხვა საინტერესო კითხვებს პასუხობს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

– რატომ დამკვიდრდა საქართველოში უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაული ბზობის სახელწოდებით? სახარებაში ხომ პირდაპირ პალმის ტოტებზეა საუბარი?

- იერუსალიმში პალმა (ფინიკი) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცენარეა, რომელიც მშრალ და ცხელ კლიმატს კარგად ეგუება. თუმცა, სახარებაში ვკითხულობთ, რომ ხალხი მხოლოდ პალმას არ იყენებდა. მათე მახარებელი პირდაპირ ამბობს: „ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა“ (მათე 21:8).

ამიტომაც, სხვადასხვა ქვეყანამ ეს დღე საკუთარ გეოგრაფიულ გარემოს მოარგო: ზოგან ზეთისხილის რტოებს იყენებენ, სხვაგან დაფნას...ჩვენს პირობებში ყველაზე მეტად ბზა დამკვიდრდა. ნაძვის ტოტები არაპრაქტიკულია, დაფნა კი ჩვენთვის უფრო კვებასთან ასოცირდება. ბზა ყველაზე იდეალური გამოდგა - ის ჩვენს გარემოსაც კარგად მოერგო და მარადმწვანეცაა. ხალხმაც დღესასწაულს სახელიც იმ მცენარის მიხედვით დაარქვა, რომლითაც უფლის დიდებით მობრძანებას ვეგებებით.

– აქვს თუ არა მარადმწვანე მცენარეს, ჩვენს შემთხვევაში ბზას, რაიმე განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა?

- რა თქმა უნდა. გაზაფხულზე ბევრი ხე ჯერ კიდევ გაშიშვლებულია. ფოთლების გარეშე ხე უფრო კვდომასთან ასოცირდება, ჩვენ კი უფალს ვეგებებით, რომელიც სიცოცხლის მომნიჭებელია. ჩვეულებრივ ადამიანსაც კი, როცა რაღაცის მიძღვნა გინდა, ცოცხალ ყვავილებს მიუტან და არა ხმელ ტოტებს; მით უმეტეს მაშინ, როცა ძღვენს უფალს მივართმევთ.ბზა თავისი სილამაზითა და მუდმივი სიმწვანით საუკეთესოდ გამოხატავს იმ საზეიმო განწყობას, რასაც იერუსალიმში გამოსული ხალხი განიცდიდა.

როდესაც ტაძარში ბზის ტოტებით ხელში ვდგავართ, ჩვენ სიმბოლურად იმ პროცესიის მონაწილენი ვხდებით, რომელიც გზაზე ტოტებს უფენდა განკაცებულ უფალს. ეს არ არის მხოლოდ რიტუალი – ამით ვაღიარებთ, რომ იმ ხალხის ნაწილი ვართ, ვინც მაცხოვარს სიხარულით შეეგება.

ეს არის ჩვენი „ოსანაა“, -ჩვენი მზაობა, რომ საკუთარ ცხოვრებაში შემოვუშვათ და ვადიდოთ მაცხოვარი..

– მამაო, ბოლო წლებში ბზის პარალელურად ბაიაც გამოჩნდა...

- საქართველოში ბზის კორომები საგანგაშოდ შემცირდა მავნებელი მწერის — ფაროსანას გამო. ამიტომ ეკლესია ცდილობს ადამიანებს ალტერნატივა შესთავაზოს, რათა ბუნებას მეტი ზიანი არ მიადგეს და ეს უნიკალური ჯიში გადარჩეს. თუმცა, ტრადიცია ხალხში იმდენად ღრმაა, რომ ბზის სრულად ჩანაცვლება მაინც ვერ ხერხდება.

-ამასთან დაკავშირებით პატრიარქის კურთხევაც არსებობდა...

– უწმინდესის კურთხევით, უმჯობესია, ადამიანებმა ცოცხალი ნერგები შეიძინონ, რომლებსაც შემდეგ ეზოში ან სკვერში დარგავენ. ასე ხელს შეუწყობთ მცენარის გადარჩენას და გამრავლებას. ბაიას გამოჩენაც ამ მცდელობის ნაწილია – დავზოგოთ ბზა და ხელი შევუწყოთ მის აღდგენას.

– ანუ, ბზის ტოტების ნაცვლად უმჯობესია ბაია შევიძინოთ და მას მივუჩინოთ ადგილი ხატების კუთხეში, ბზა კი ფესვიანი ვიყიდოთ და დავრგოთ?

-დიახ, თუ ასე მოვიქცევით, უმჯობესია, შემდეგ სადმე დავრგოთ და გავახაროთ. თუმცა, ვინც მაინც ბზის ან ბაიას ტოტებს შეიძენს, არც ესაა დანაშაული.

231300332-84-0-1417-1000-1920x0-80-0-0-a5d136e693e49ff398bc6540b08d1e96-1775320279.jpg

- მამაო, დღესასწაულის შემდეგ მორწმუნეები ბზის ან ბაიას ტოტებს სახლში მიაბრძანებენ და ხატების კუთხეში, სიწმინდეების გვერდით ათავსებენ. დროთა განმავლობაში მცენარე ხმება, მისი ნაწილები კი ზოგჯერ წყდება. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ამ შემთხვევაში, რომ ნაკურთხი ბზის მიმართ უდიერი მოპყრობა არ გამოუვიდეს?

-ბზა საეკლესიო დღესასწაულთან და უფლის განდიდებასთან არის დაკავშირებული, ამიტომ მას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოწიწებით უნდა მოვექცეთ. თუ მცენარე გახმა ან მისი ნაწილები მოწყდა, უმჯობესია დავწვათ, ფერფლი სუფთა ადგილას, მაგალითად, ყვავილების ბაღში მოვაბნიოთ.

თუ შინ ოთახის მცენარეები გაქვთ, შეგიძლიათ გამხმარი ფოთლები ქოთანში, მიწაზე მოაბნიოთ.

-ხშირად ჩნდება კითხვა: აუცილებლად უნდა მივიტანოთ თუ არა ტაძარში წინა წლის გამხმარი ბზა?

-წინა წლის ბზა მორწმუნეებს უმეტესად ტაძარში მიაქვთ, თუმცა ქალაქის პირობებში ტაძრის ეზო ხშირად იმდენად პატარაა, რომ მისი იქ დაწვის საშუალება ყოველთვის არ არის. ამიტომ, შეგვიძლია შინაც დავწვათ და ფერფლი სუფთა ადგილზე, მაგალითად, ყვავილების ბაღში ან ქოთანში, მიწაზე მოვაბნიოთ. თუ მაინც ტაძარში წაღებას და დატოვებას გადავწყვეტთ, აუცილებლად უნდა ვკითხოთ ტაძრის მსახურს, შეგვიძლია თუ არა მისი დატოვება და აქვთ თუ არა მისი დაწვის საშუალება.

- ბევრს ბზა შინ, ქოთანში ან ეზოში აქვს გამრავლებული. შეუძლიათ თუ არა მორწმუნეებს საკუთარი ბზის ტოტები მიიტანონ ტაძარში?

- ეს არანაირი პრობლემა არ არის. აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა განვმარტოთ: საკუთრივ მცენარის, ფოთლების კურთხევა კი არ ხდება, არამედ აღევლინება ლოცვა, რომელიც თავად დღესასწაულს და ამ დიდებულ მოვლენას ეძღვნება.

ჩვენ ვიცით, რომ იკურთხება წყალი, ხატი, ჯვარი... ბზის შემთხვევაში კი ლოცვა მიმართულია იმ საზეიმო პროცესისადმი, რომლის მონაწილენიც ჩვენ ვხდებით. ბზის ტოტები ამ ლოცვისა და დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, როდესაც ფესვებიან ბზას მივიტანთ ტაძარში და მერე სახლში დავრგავთ, ის ხომ ჩვეულებრივ ხედ გაიზრდება? მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს ხე თავად არის სიწმინდე; ის არის იმ სულიერი ზეიმის სიმბოლო, რომელშიც მან „მიიღო მონაწილეობა“. ასე რომ, საკუთარი ბზის მიტანაც და მისი გამოყენებაც ამ დიდებულ დღესასწაულზე სრულიად მისაღებია.

- მამაო, ვიცით, რომ ბზობის დღესასწაული თევზით ხსნილია. ბევრი თვლის, ამ დღეს თევზის ჭამა „აუცილებელია“. სინამდვილეში როგორაა?

- რა თქმა უნდა, ბზობა თევზით ხსნილია მათთვის, ვინც მარხულობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჭამა ვალდებულებაა. ბზობის წინა დღე, ლაზარეს შაბათი, ტრადიციულად ხიზილალითაა ხსნილი, თუმცა მისი უწმინდესობის კურთხევით, მორწმუნეებს ამ დღესაც შეუძლიათ მიიღონ თევზი. მისმა უწმინდესობამ ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „რადგან ხიზილალა ძვირი სიამოვნებაა და ყველას არ აქვს მისი შეძენის საშუალება, მოდი, ლაზარეს შაბათიც თევზით გაიხსნილონ“.

მათ კი, ვისაც ხიზილალის შეძენა შეუძლია და მას მიირთმევს, თევზი არ უნდა მიიღოს, ან არჩევანი საკუთარი მოძღვრის კურთხევით გააკეთოს.

ხოლო მათთვის, ვინც არ მარხულობს, თევზის მიღება აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა არც ეკრძალებათ. თევზის ჭამის უფლება კი მმარხველ ადამიანს ეძლევა ნიშნად იმისა, რომ მკაცრი მარხვის პერიოდში სადღესასწაულო განწყობა სულთან ერთად ხორციელადაც ვიგრძნოთ.

-საინტერესოა ვიცოდeთ, როგორ მოხდა, რომ იგივე ხალხი, რომელიც იერუსალიმში დიდებით შესულ მაცხოვარს „ოსანას“ გალობით, პალმის რტოებითა და დიდი ზეიმით შეეგება, სულ რამდენიმე დღეში ასეთივე ერთსულოვნებით ყვიროდა: „ჯვარს აცვი იგი“?

- ეს მართლაც კაცობრიობის უდიდესი ტრაგედიაა, რაც მოლოდინების გაცრუებით იყო განპირობებული. პასექის დღესასწაულზე შეკრებილი რჩეული ერი მესიას, მხსნელს ელოდა, თუმცა მათ ცნობიერებაში ეს მხსნელი მხოლოდ მიწიერი მეფე უნდა ყოფილიყო. ისრაელი მაშინ რომაელთა ბატონობის ქვეშ იყო და ხალხი ფიქრობდა, რომ იესო, როგორც დავითის ტახტის მემკვიდრე, სწორედ ამ პოლიტიკური ჩაგვრისგან გაათავისუფლებდა მათ და ისრაელს მსოფლიო დიდებას დაუბრუნებდა.

- ანუ მათ სულიერი გათავისუფლების ნაცვლად, პოლიტიკური ლიდერი დაინახეს მასში?

- როდესაც იერუსალიმში დიდებით შემავალ უფალს ეგებებოდნენ, ისინი ზეიმობდნენ მიწიერი გამარჯვების მოლოდინს. თუმცა, როდესაც დაინახეს, რომ მაცხოვარი არ აპირებდა ამბოხის მოწყობას, რომაელთა განდევნას და მიწიერი ტახტის დაკავებას, პირიქით — ის შეიპყრეს, როგორც დამნაშავე, ხალხის იმედი მყისიერად სიძულვილში გადაიზარდა.

მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა მესია, რომელიც „ამ სოფლისაგან“ არ იყო. სწორედ ამიტომ, იმ ხალხის დიდმა ნაწილმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გზაზე სამოსს უფენდა, მოგვიანებით სრულიად სხვა რამ დაიძახა: „ჯვარს აცვი იგი“. მათ ვერ დაინახეს, რომ უფალი მოვიდა არა ერთი ერის პოლიტიკური თავისუფლებისთვის, არამედ მთელი კაცობრიობის ცოდვისა და სიკვდილისგან გამოსახსნელად.

შორენა მერკვილაძე

რომელ ოთახში ჯობია ბზის ტოტის შენახვა მთელი წლის განმავლობაში და რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ ბზობას