"ეს კენჭები ერთი ადამიანის ნაღვლის ბუშტიდან ამოვიღეთ. არ ეთამაშოთ ჯანმრთელობას" - ქართველი ქირურგი იშვიათ შემთხვევას ასაჯაროვებს - მშობლები

"ეს კენჭები ერთი ადამიანის ნაღვლის ბუშტიდან ამოვიღეთ. არ ეთამაშოთ ჯანმრთელობას" - ქართველი ქირურგი იშვიათ შემთხვევას ასაჯაროვებს

2026-04-06 07:12:43+04:00

"ეს კენჭები ერთი ადამიანის ნაღვლის ბუშტიდან ამოვიღეთ. არ ეთამაშოთ ჯანმრთელობას, ჩაიტარეთ გეგმიური გამოკვლევები" - წერსზოგადი ქირურგი, ლაპაროსკოპისტი, მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. საქართველოს მცირეინვაზიურ ქირურგთა ასოციაციის წევრი ოთარ კეპულაძე და პაციენტის სხეულიდან ამოღებული კენჭების ფოტოს აქვეყნებს. როგოერც ექიმმა მოგვიანებით კომენტარში განმარტა, კენჭები ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შედეგად ამოიღეს.

ვინაიდან ფოტო ნამდვილად შთამბეჭდავი გამოვიდა და სოციალურ ქსელშიც დიდი გამოხმარება მოჰყვა, მოკლედ გაგაცნობთ ინფორმაციას, თუ რტომ ჩნდება კენჭები და რა შრეუძლიათ გამოიწვიონ ადამიანის ორგანიზმში.

კენჭოვანი დაავადებები

ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც მედიცინაში ქოლელითიაზი ეწოდება. ნაღველი არის სითხე, რომელსაც ღვიძლი გამოიმუშავებს და რომელიც მონაწილეობს ცხიმების მონელებაში. ეს სითხე შედგება ქოლესტერინისგან, ნაღვლის მჟავებისგან და სხვა კომპონენტებისგან. როდესაც ამ ნივთიერებებს შორის ბალანსი ირღვევა, იწყება კრისტალების ფორმირება, რომლებიც დროთა განმავლობაში ერთიანდება და კენჭებად იქცევა.

ყველაზე ხშირად კენჭები ყალიბდება მაშინ, როცა ნაღველში ქოლესტერინის რაოდენობა ჭარბობს და ის ვეღარ იხსნება მთლიანად. ასეთ შემთხვევაში წარმოიქმნება მცირე კრისტალები, რომლებიც ნელ-ნელა იზრდება. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ნაღვლის ბუშტის არასრული დაცლა — თუ ნაღველი დიდხანს ჩერდება ბუშტში, მასში არსებული ნივთიერებები უფრო ადვილად ლაგდება და კენჭებად გარდაიქმნება. იშვიათად კენჭები შეიძლება წარმოიქმნას ბილირუბინის სიჭარბის შედეგადაც.

რისკს ზრდის ასაკი, ჰორმონული ცვლილებები, ჭარბი წონა, სწრაფი დაკლება, ორსულობა და ზოგიერთი კვებითი ჩვევა. განსაკუთრებით ხშირია ქალებში, თუმცა მამაკაცებსაც შეიძლება ჰქონდეთ.

როგორ შეიძლება მათი აღმოჩენა

ნაღვლის ბუშტის კენჭები ხშირად ხანგრძლივად უსიმპტომოდ არსებობს და ადამიანი შეიძლება წლების განმავლობაში ვერაფერს გრძნობდეს. ბევრ შემთხვევაში ისინი შემთხვევით ვლინდება სხვა მიზეზით ჩატარებული კვლევისას. ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკური მეთოდია ულტრაბგერითი კვლევა, რომელიც კარგად აჩვენებს კენჭების არსებობას, ზომას და რაოდენობას.

სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ექიმი დამატებით შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზები, რათა შეაფასოს ანთება ან ღვიძლის ფუნქცია. ზოგჯერ გამოიყენება უფრო სპეციფიკური კვლევებიც, მაგალითად კომპიუტერული ტომოგრაფია ან სპეციალური გამოსახულებითი მეთოდები ნაღვლის სადინარების შესაფასებლად.

რა ზიანი შეიძლება მოგვაყენონ

მიუხედავად იმისა, რომ კენჭები ხშირად უსიმპტომოდ რჩებიან, გარკვეულ დროს ისინი შეიძლება სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდნენ. ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ტკივილი მარჯვენა ზედა მუცლის არეში, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ზურგში ან მხარში, რომელიც ხშირად ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ ჩნდება. ეს მდგომარეობა გამოწვეულია კენჭის დროებითი გაჭედვით ნაღვლის სადინარში.

თუ კენჭი უფრო ხანგრძლივად ახშობს ნაღვლის ბუშტს, შეიძლება განვითარდეს ანთება — ქოლეცისტიტი, რომელსაც ახლავს ძლიერი ტკივილი, ტემპერატურის მომატება და ზოგადი სისუსტე. კიდევ უფრო სერიოზულია მდგომარეობა, როცა კენჭი გადადის საერთო ნაღვლის სადინარში და იწვევს მის ბლოკირებას. ამ დროს შეიძლება განვითარდეს სიყვითლე, კანის და თვალების გაყვითლება, მუქი შარდი და განავლის ფერის ცვლილება.

ზოგიერთ შემთხვევაში კენჭებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს პანკრეასზეც და მწვავე პანკრეატიტი გამოიწვიოს, რაც უკვე გადაუდებელი მდგომარეობაა და სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ნაღვლის ბუშტში კენჭებისა და მათი დაშლის შესახებ