რაც შეეხება სასჯელს, მისი განსაზღვრის სხდომა 8 აპრილს გაიმართება. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, რამდენი წლის გატარება მოუწევთ არასრულწლოვანებს პენიტენციურ დაწესებულებაში.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ბრალად წარდგენილ სამივე მუხლში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. კერძოდ კი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს, რის შემდეგაც ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს.
ცნობისთვის, ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა. მათ ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მეორე ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.